მინსკი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს?!
უცხოელი პოლიტოლოგების ვარაუდით, ბელორუსი მალე აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი მას სანაცვლოდ სოლიდურ თანხას შესთავაზებს", _ მიიჩნევს რუსი ექსპერტი პაველ სვიატენკოვი. მისივე თქმით, თავის დროზე მინსკის გადაწყვეტილებამ _ არ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა _ საგრძნობლად გააფუჭა რუსეთისა და ბელორუსიის ურთიერთობა, რადგან მინსკი ყოველთვის რუსეთისთვის ნომერ პირველ მოკავშირედ ითვლებოდა. პოლიტოლოგი თვლის, რომ აღიარება უახლოეს პერიოდში მოხდება. "აღიარება-არაღიარება ძალიან ადვილი საქმეა, მით უმეტეს, თუკი ამისთვის საკმარისი რაოდენობის დოლარები იქნება გადახდილი. ასე რომ, გარკვეულ პირობებში მინსკი წამსვლელია ამ ნაბიჯზე", _ აცხადებს პოლიტილოგი.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მინსკს ამ დრომდე არ უღიარებია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ბელორუსის კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. თუმცა 2010 წელს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების პერსპექტივა არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, მთიანმა ყარაბაღმა, მოლდოვის რესპუბლიკამ, ტუვალუმ, ნაურუსა და ვანუატუს რესპუბლიკებმა აღიარეს.