რატომ ეძებს ახალ მესიას „ლაზარე“ და დადებს თუ არა იგი ბეჭებზე „ნაციონალებს“?!

რატომ ეძებს ახალ მესიას „ლაზარე“ და დადებს თუ არა იგი ბეჭებზე „ნაციონალებს“?!

ვინც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ გუშინდელ საგანგებო თავყრილობას ესწრებოდა, დამეთანხმება, რომ ჩვენ ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით, ერთი და იგივე შეცდომებს ვუშვებთ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ახალი მიწიერი მესიის გამოძერწვას ვცდილობთ!

დიახ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუშინდელი „მხსნელი“ ბიძინა ივანიშვილი დღეს ახალი მესიით, ირაკლი ღარიბაშვილით ჩავანაცვლეთ. ჩემთვის ნათელი გახდა ისიც, რომ ყოველთვის კონკრეტული კრიტიკული სიტუაციიდან გამოვდივართ და განზე გვრჩება არსებითი ტენდენციები, რომელიც  ახალ-ახალი დილემის წინაშე გვაყენებს!

არავინ უარყოფს, რომ ორიოდე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მან თანამდებობიდან გაანთავისუფლა მისივე თანაგუნდელი ირაკლი ალასანია, მაგრამ შეკრებაზე არავის უთქვამს, რატომ მივიდა საქმე აქამდე, რატომ წარადგინა იგივე ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანია მისი მთავრობის ფორმირებისას, მითუმეტეს, თუ იცოდა, რომ ორი წელი იგი აშკარად ლობირებდა „ნაციონალებს“ და ერთი „უტვინო და ამბიციური“ მინისტრი იყო!

არავის დაუსვამს კითხვა, რატომ გახდა „ქართული ოცნება“ (იგივე ღარიბაშვილი) დღეს ხალხის დასაცავი!!!

ვისი ბრალია, რომ კოჰაბიტაციის წყალობით „ნაციონალებმა“ ფერფლიდან აღდგომა უმტკივნეულოდ მოახერხეს და ახლა რევანშითა და ხელისუფლების დამხობით იმუქრებიან.

ვისი ბრალია, რომ „ნაციონალები“ დღესაც ერთადერთ ოპოზიციად არიან „კურთხეულნი“.

ვისი ბრალია, რომ მაშინდელი ზონდერები ისევ მყარად არიან მოქუჩებული საჯარო სამსახურებში (განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებში) და შანსს არ უშვებენ ხელიდან დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის დემონსტრირება მოახდინონ!

ვისი ბრალია, რომ დღესაც ნეპოტიზმი მძლავრობს ქვეყანაში და კადრებს საკვანძო თანამდებობებზე არა პროფესიონალიზმის, არამედ, ძმაკაცურ-დაქალური, მამიდაშვილურ-დეიდაშვილური ნიშნით ირჩევენ!

ვისი ბრალია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ფავორიტის, ყოფილი გენპროკურორის თქმისა არ იყოს, ამის გამო არ უნდა გავართულოთ სიტუაცია, რადგან, დაზარალებულები მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენენ და მათი გულისთვის ქაოსისკენ ხომ არ წავიყვანთ ქვეყანას(?!).

ვისი ბრალია, დღევანდელ ჩინოვნიკებსაც მადა რომ გაეზარდათ გაძვალტყავებული ხალხის ხარჯზე და კოლოსალურ პრემია-დანამატებს და სხვა ამქვეყნიურ სიკეთეს რომ არ იკლებენ?!

კიდევ მრავალი კითხვის  დასმა შეიძლება...

რაც შეეხება „ლაზარეს“ გუშინდელ შეკრებას, მან ჩემში კომუნისტური თავყრილობების ასოციაცია დატოვა, იმ იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი მხურვალე აპლოდისმენტებით, სადაც ლენინი და კომპარტია ღარიბაშვილით და „ქართული ოცნებით“ ჩანაცვლდა!

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყველაფერი სახელდახელოდ, წინასწარ დაწერილი სცენარით მიმდინარეობდა და როგორც კომუნისტებს სჩვეოდათ ხოლმე, სიტყვაში გამომსვლელებიც წინასწარ იყვნენ ჩაწერილნი.

სხვათაშორის, არავის უკითხავს, დარბაზიდან ვინმეს ხომ არ სურდა გამოსვლა ან ალტერნატიული მოსაზრებებიც ხომ არ არსებობდა!

სხვების არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ამ „ერთსულოვნებამ“ და ხბოს აღტაცებამ გამახსენა- ივანიშვილის პირველმა პოლიტიკურმა განცხადებამ როგორ ჩააგდო ეიფორიაში  საზოგადოება და მასში მესია დაინახა.

არავის უკითხავს, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი მის მიერ არჩეული გუნდით „ახალი საქართველოს“ აშენებას და მითუმეტეს, გაანთავისუფლებდა თუ არა ქვეყანას „ნაციონალური მეტასტაზებისგან“, როცა იგივე „ნაციონალების„ იდეოლოგიური თანამოაზრეები, ალასანიასა და „რესპუბლიკელების“ სახით, მის გუნდში „საპატიო“ ადგილს იკავებდნენ („ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“)!

დღესაც იგივე მეორდება - როგორც გუშინდელ თავყრილობაზე ითქვა, საქართველოს ხსნა დღეს ღარიბაშვილზე გადის. ახლა ჩვენი ვალია არ ჩავუგდოთ იგი „ნაციონალებს“ და მათ თანამზრახველებს საჯიჯგნად და ამით უფსკრულში გადაჩეხვისგან ვიხსნათ ქვეყანა!

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მეც ვარ ღარიბაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა დავიცვა მე იგი, როცა სახელმწიფოს ყოველგვარი ბერკეტები უჭირავს ხელში არ დაუშვას არეულობა და საზოგადოებას უსაფრთხოების განცდა შეუქმნას!

ნათქვამია, ავადმყოფს საწოლში უნდა მიუსწრო, რადგან, როცა მომჯობინდება, უკან არ მოგიბრუნდესო - ასეა რეალურ ცხოვრებაშიც, ხალხის მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ სჭირდება ხელისუფლებას, როცა მის სკამს საფრთხე ემუქრება, თორემ, როგორც კი „მომჯობინდება“, მერე, ან საერთოდ ივიწყებს ხალხს, ან საკუთარი ძალის დემონსტრირებით ახალ-ახალ თავსატეხს უქმნის მას.

მიუხედავად ზოგიერთი გამომსვლელის მიმართ არსებული სიმპათიისა, გუშინდელი თავყრილობა მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ ეიფორიული  იყო. მართალია, შეკრების მიზანი-„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციის  გაუქმების სამართლიანი მოთხოვნა იყო, რასაც მეც და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილიც სრულად ეთანხმება,თუმცა, არ შეიძლება ჩვენი წინდაუხედაობით და სულსწრაფობით  ახალი დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ-საზოგადოების ბრმა და უპირობო  მხარდაჭერა ხვალ ბუმერანგივით უკან მოგვიბრუნდეს!

აშკარად ვიგრძენი, რომ ჩვენ ისევ ერთსა და იგივე წრეზე ვტრიალებთ და ჩვენივე შეცდომებიდან დასკვნები ვერ გამოგვაქვს!..

მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ლაზარესავით აღდგება საქართველო, მაგრამ ეს „ლაზარე“ასეთი მიდგომით ამას ვერ გააკეთებს - პირიქით,ყალბი პათეტიკით და აგრესიული შეძახილებით კიდევ უფრო აბნევს საზოგადოებას და სწორ ორიენტირს აკარგვინებს მას!..

დაბოლოს, საზოგადოებრივი მოძრაობა მთავრობის დასაცავად კი  არ უნდა  იქმნებოდეს, არამედ, იგი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მხარს დაუჭერს მას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, წინა პლანზე წამოსწევს ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებს  და არსებითად  გააკონტროლებს ხელისუფლების საქმიანობას.

რაც შეეხება 15 ნოემბრის აქციას და „ნაციონალების“ მოსალოდნელ რევანშს, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, საზოგადოების რეაქცია არათუ აუცილებელი, არამედ, დაგვიანებულიც კია!

                                                      ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: