ნიუ-იორკში ახალ შტორმს ელოდებიან
ნიუ-იორკში მოსალოდნელი შტორმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ლონგ-აილენდიდან, რომელიც ქარიშხალ "სენდისგან" სერიოზულად დაზარალდა, მოსახლეობის გაყვანა უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, "სენდისგან" განსხვავებით, ახალი შტორმი შედარებით სუსტი იქნება, თუმცა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ადგილობრივები სტიქიის ახალი დარტყმისთვის მზად არ არიან, რადგან აღნიშნულ რეგიონში უკვე სარეზერვო საშუალებები გამოიყენება.
როგორც მოსალოდნელია, ახალი შტორმი ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროს ხვალ, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროთ დილის საათებში მიაღწევს და დღის ბოლოსთვის გაცილებით ინტენსიური გახდება.
ამ დროისთვის არსებული პროგნოზით, ნიუ-იორკში ძლიერ ქართან ერთად წვიმა და თოვლიც არის მოსალოდნელი. ქალაქის მერის მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით, ხვალიდან ხუთშაბათის შუადღემდე ყველა დასასვენებელი სკვერი, საბავშო პარკები და პლაჟები დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ ტროპიკული ქარიშხალი "სენდი" ამერიკის ტერიტორიას ოქტომრის ბოლოს დაატყდა თავს, რის შედეგადაც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ კი ნიუ-იორკი დაზარალდა. სტიქიამ ამერიკაში 113 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.