ალექსანდრე შალამბერიძე: ახალაიას საზღვარგარეთ საფრთხე ემუქრებოდა
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებისგან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს.
"5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეები უსასტიკესად დაარბია. ხელისუფლებამ ამ დღეს მოშიმშილე, უიარაღო მომიტინგეების დარბევით იზეიმა. ეს კი ყოფილ ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს. უნდა დადგეს ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე, ვინც დარბევის პროცესში მონაწილეობდა, დაწყებული სააკაშვილით და დამათავრებული რიგითი პოლიციელით, ვინც ხელკეტს ურტყამდა მომიტინგეს", _ განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ.
ალექსანდრე შალამბერიძე ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ახალაიას დაბრუნება მისი მხრიდან მორიგი ფანდია.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო ახალაია პროკურატურაში მისვლამდე სააკაშვილს შეხვდებოდა. ახალაიას დიდი საფრთხე ემუქრებოდა საზღვარგარეთ და სწორედ ამიტომ დაბრუნდა საქართველოში", _ ამბობს ალექსანდრე შალამბერიძე.