ლია მუხაშავრია:-"დავიღალეთ ქალები მამაკაცების არეული ქვეყნის დალაგებით"
უფლებადამცვეი ლია მუხაშავრია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა და ამბობს, რომ დადგა დრო, საზოგადოებამ გააცნობიეროს თუ რა რთულ გზაგასაყართან ვართ.
-"ახლა საჭიროა ავირჩიოთ, რომ ან ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო ყველასთვის, ან ავირჩიოთ, რომ ვიყოთ ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ერთი მუჭა მილიონერები ცხოვრობენ და მასა არის ღატაკი,უბედური და უუფლებო. ისიც კარგად მესმის, რომ დღეს არც ერთ კეთილსინდისიერ, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს გული არ მიუწევს პოლიტიკისკენ, რადგან კარგად იცის, რომ ზვიგენებთან ცურვა მხოლოდ ზვიგენებს შეუძლიათ და პერსპექტივა არა აქვთ უბრალოდ გადარჩნენ. მე მოვუწოდებ მამაკაცებს და განსაკუთრებით ქალებს, გააქტიურდნენ. დავიღალეთ ქალები მამაკაცების არეული ქვეყნის დალაგებით. ეგებ მამაკაცების არეული ქვეყნის დალაგება ქალებმა შევძლოთ. 2008 წლის აგვისტოს დღეებში ჩვენი პრეზიდენტი ქალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად ძნელი იქნებოდა ქვეყნის ომის პროვოკაციაში ჩაბმა. უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ცვლილებები აუცილებელია და ქვეყნის დალაგების შემდეგ სხვებთან ერთად დატკბეს მიღებული შედეგით. ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ჰყავდეს იმაზე უკეთესი მთავრობა, რომელიც თუნდაც დღეს ჰყავს"-განაცხადა მუხაშავრიამ "ივერიონის" პრესკლუბში.