ნინო ბურჯანაძე:-"ქვეყანაში ყველას აქვს იმის განცდა, რომ ყოფილი პრემიერი აქტიურად არის ჩარეული პოლიტიკურ პროცესებში"

ნინო ბურჯანაძე:-"ქვეყანაში ყველას აქვს იმის განცდა, რომ ყოფილი პრემიერი აქტიურად არის ჩარეული პოლიტიკურ პროცესებში"

   -"ქვეყანაში ყველას აქვს იმის განცდა, რომ ყოფილი პრემიერი აქტიურად არის ჩარეული პოლიტიკურ პროცესებში"-ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანუშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

   -"ერთმნიშვნელოვნად არ შემიძლია თქმა იღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში ყველას აქვს იმის განცდა, რომ ყოფილი პრემიერი აქტიურად არის ჩარეული პოლიტიკურ პროცესებში და გუნდი სწორედ მისი ძალიან აქტიური მოქმედებებით იმართება. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვიყავი წინააღმდეგი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე მალე წასულიყო პოლიტიკიდან, მე ეს ღიადაც განვაცხადე და მასთან ჩემი იმ ერთადერთი შეხვედრის დროსაც ვუთხარი, რომ თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს სწორი არ იქნებოდა. მე ვთვლიდი, რომ უფრო სწორი იქნებოდა ყოფილიყო პოლიტიკაში მანამ, სანამ ქვეყანაში ვითარება არ დალაგდებოდა და სანამ მომავალი არჩევნები არ ჩატარდებოდა" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმითვე, ფაქტია, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში.

   -"მე არ მგონია რომ "ქართული ოცნება" ასეთი აღფრთოვანებული უნდა იყოს იმ გადაადგილებებით, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ მოხდა. რეალური კრიზისი სახეზეა და ამ კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია, ოღონდ ამას ნორმალური საარჩევნო გარემო სჭირდება, რომ ისევ არ მოხდეს ადგილების ყიდვა, არ იყოს შანტაჟი და მანიპულირება.

   ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ უნდა მიიღოს ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ხალხს ხმას არ დაუკარგავს და ხელისუფლებაში მოიყვანს იმ ძალებს, რომელსაც მოსახლეობა რეალურად უჭერს მხარს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: