უახლოეს მომავალში ტენდერი 6 მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციაზე გამოცხადდება
თბილისის მასშტაბით, დედაქალაქის ყველა რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება თბილისის ათივე რაიონში არსებულ გზებს. ამჟამად სამუშაოები სრულდება 21 მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, უახლოეს დღეებში დაიწყება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში ყიფიანის, კერესელიძისა და ვანის ქუჩების, მთაწმინდის რაიონში: ტაბახმელაში კვირაცხოვლისა და ტაბიძის ქუჩების, ლეონიძისა და 9 აპრილის ქუჩების; ვაკე-საბურთალოს რაიონებში: წყნეთში ჯავახიშვილის II შესახვევის, უჩანეიშვილის ქუჩის IV გასასვლელის, ტაბიძისა და ცხვედაძის დამაკავშირებელი გზის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილის; ისანი-სამგორის რაიონებში წულაძე-დოდაშვილის ქუჩების, საქნავთის ქუჩის კაპიტალური შეკეთება.
გარდა ამისა, როგორც დედაქალაქის მთავრობაშ განმარტავენ, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს ქუჩების ორმოული შეკეთებები და ჯეტპაჩერის საშუალებით გზის საფარის ოპერატიულად აღდგენა, ასევე, საგზაო საფარზე ბზარების დამუშავებისა და ტროტუარების აღდგენის სამუშაოები.
ქალაქ თბილისის მერიამ, ასევე, 5 მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსის, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიისა და ჭაბუკიანის ქუჩის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელის, შავთელის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელისა და გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ყოფილი იპოდრომის და "მზიური"-ს მიმდებარე ტერიტორიები) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
პროექტის ფარგლებში, შეილესება კედლები და ჭერი, დაიგება ფილები, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა ახალი სანიაღვრე ცხაურები, აღდგება ხუფები, გადასასვლელებში დამონტაჟდება ელექტროგანათების სისტემები, სათვალთვალო კამერები და ეკრანები.
უახლოეს მომავალში ტენდერი კიდევ 6 მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციაზე გამოცხადდება.