გიორგი მამაცაშვილი:-"კეთილი ინებეთ, გამოიძიეთ, თუ დაწყებული გაქვთ გამოძიება - განაახლეთ"

გიორგი მამაცაშვილი:-"კეთილი ინებეთ, გამოიძიეთ, თუ დაწყებული გაქვთ გამოძიება - განაახლეთ"

    გიორგი მამაცაშვილი ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალურ აუდიომასალას ასაჯაროებს . 

 

   "რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტებს ის აუდიოჩანაწერები მიაწოდა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდებოდა 2007 წელს "ტელეიმედის" ჟურნალისტების გადაბირება და შანტაჟი. მამაცაშვილის თქმით, ჩანაწერში საუბარია  200 ათას ამერიკულ დოლარზე,  რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კეკელიძის  ანგარიშზე.  ჩანაწერში, სავარაუდოდ,  საუბარი მიმდინარეობს ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს, ზაზა  წულაძეს, აწ გარდაცვლილ გოგი გეგშიძეს და კიდევ რამდმე ადამიანს  შორის.  ჩანაწერში  მკაფიოდ ისმის, სავარაუდოდ, გოგი გეგეშიძის ხმა: "დაგვბრიდავენ, რამე ისე რომ ვერ გავაკეთოთ!"

 

 "როდესაც მავანნი და მავანნი საუბრობენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობაზე, ნუ  დაგვავიწყდება, რომ ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები  სწორედ გივი თარგამაძის დავალებით იქნენ ჩართულნი", - აღნიშნა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 "ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ქვეყანაში მთავარი თემა ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ დატრიალებული ამბები იყო. ასევე კარგად გვახსოვს, რა დამოკიდებულება გააჩნდა სააკაშვილის რეჟიმს ჟურნალისტების მიმართ, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ვარ მე, როცა გამომცემლობა "სამშობლოდან"გამოგვყარეს, დაგვარბიეს...  26 მაისის ამბებიც ხომ გახსოვთ, როცა მე, პირადად, მომხვდა რეზინის 10 ტყვიია ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად.

 

ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო 2007 წლის დეკემბერში "ტელეიმედის დაშლა"?!  ეს უკავშირდება "ტელეიმედიდან" გადაცემა "დროების" ძირითადი  ბირთვის წამოსვლას. საუბარი ეხება რამდენიმე ჟურნალისტს - დაჩი გრძელიშვილს, ზაზა წულაძეს,  იოსებ ბარნაბიშვილს, რუსუდან ცხომელიშვილს, ვაკო ავალიანს და ლიზი ვაჩნაძეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსალოდნელი ჩარევის გამო დატოვეს "ტელეიმედი",- განმარტა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 "რეპორტიორის" გენერალური დირექტორი ჟურნალისტების გადაბირებისა და შანტაჟის მცდელობაში "ნაციონალური რეჟმის" მაღალჩინოსნებს ამხელს - საუბარია გიგი უგულავაზე, გიგა ბოკერიასა და გივი თარგამაძეზე, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა შანტაჟი ამ და არა მხოლოდ ამ ჟურნალისტების მიმართ.

 

 "2008 წლის იანვარში  ვინმე დავით ბენიძემ 200 ათასი ამერიკული დოლარი ჩაურიცხა კეკელიძეს. სავარაუდოდ, ჟურნალისტების უარის თქმის შემდეგ, ეს თანხა გადაერიცხა აწ გარდაცვლილ გოგი გეგეშიძეს, ხოლო თანხის ნაწილი ბატონმა კეკელიძემ გაიტანა ხელზე", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

 

 გიორგი მამაცაშვილი აღნიშნულ  მასალას ორშაბათს პრიკურატურას მიაწვდის და მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული საქმის გამოძიება.

 

"კეთილი ინებეთ, გამოიძიეთ, თუ დაწყებული გაქვთ გამოძიება - განაახლეთ. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში პასუხი უნდა აგოს ყველამ,  ვინც მიჩვეულია შანტაჟს, დაშინებას და აგრესიის გამოხატვას ჟურნალისტების მიმართ!" - განცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: