ქეთევან ადამია:-"პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია, შეიძლება საპატიმრო ცოცხალმა ვეღარ დატოვოს!"(ვიდეო)
არასამთავრობო ორგანიზაციის "დედათა კომიტეტის" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ქეთევან ადამიამ "ივერიონის" პრესკლუბში პატიმარ რობინ ხასაიას შესახებ საქართველოს სახალხო დაცველს, საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების საკითხთა კომისიას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა.
ქეთევან ადამია აცხადებს, რომ რობინ ხასაია ცხოვრობდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მოხდა უმძიმესი დანაშაული. მას დააბრალეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი გაასამართლა დე-ფაქტო რეჟიმმა და მოიხადა სასჯელი. ვინაიდან პატიმარს მისცეს რეკომენდაცია თბილისის ფსიქიატრიაულ დაწესებულებაში გაევლო მკურნალობის შემდგომი კურსი, ჩამოვიდა ზუგდიდში და იგივე დანაშაულზე ზუგდიდის ყოფილი პროკურორის როლანდ ახალაიას გადაწყვეტილებით ისევ დააპატიმრეს და მიუსაჯეს 20 წელი. იგი 14 წელია სასჯელს იხდის და უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უმძიმეს მდგომარეობაშია. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ა.შ.
ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ქეთევან ადამიამ შესძლო და პატიმარი რობინ ხასაია "დედათა კომიტეტთან არსებულმა სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ" სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უკანონო და არაადამიანური ქმედებების გამო "უკანონო პატიმრად" აღიარა. თუმცა "დედათა კომიტეტის" მიმართვებს შედეგი არ მოჰყოლია.
პატიმრის დის, დალი გაბრიჭიძის განცხადებით მისი ძმა უმძიმეს მდგომარეობაშია, მას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ეტლით სარგებლობს.