უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა

უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

  "ივერიონი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს დახვდნენ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ.

ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები",-ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: