160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს

160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს

"160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე პენსიის 10 ლარით ზრდის საკითხზე საუბრისას აცხადებს.
"პენსიონრების ნაწილი 10-ლარიანი დანამატით განაწყენებულია. ზოგიერთი ამას დაცინვად თვლის. ამ ადამიანებს რას უპასუხებთ?
- ეს ის დანამატია, დღეს ბიუჯეტი რის საშუალებაც გვაძლევს. ამ ეტაპზე პენსიის 10 ლარზე მეტი ოდენობით ზრდა არ ხერხდება. ამას შეიძლება სოციალური დახმარება უფრო ეწოდოს. არ მგონია, პენსიონრები იმას ფიქრობდნენ, რომ 10 ლარი დაცინვა იყოს. 10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის, თუმცა მეტით გაზრდა რომ მოხერხებულიყო, უკეთესი იქნებოდა.
პენისა საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა. რაც შეეხება მოლოდინსა და დაპირებას, შეგახსენებთ, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დააანონსა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პენსიის მომატების გარდა, სოციალური პროექტებიც ამუშავდა, რომლითაც პენსიონრებიც სარგებლობენ, მათ ხარჯი შეუმსუბუქდათ. სკოლის მოსწავლეებისთვის ოჯახს სახელმძღვანელოებში თანხა აღარ ეხარჯება. უმაღლესი სასწავლებლების 19 ფაკულტეტი სახელმწიფო დაფინანსებაზეა. ამუშავდა სოფლის მეურნეობის პროექტები. დახმარებები სოციალურად დაუცველებს გაეზარდათ. პედაგოგების ხელფასები იზრდება და პენსიონერ პედაგოგს პენსიის მიღების საშუალებაც აქვთ. ყველაფერი ეს ერთად რომ დავიანგარიშოთ, მხოლოდ 10 ლარით კი - არა, სერიოზული ზრდა გამოდის.
- თქვენ 160 ლარი რამდენი დღე გეყოფათ?
- 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს. ეს სწორად დასმული შეკითხვა არ არის",-აცხადებს ტყემალაძე.

 

წყარო: http://news.ge/ge/news/story/113298-zurab-tyemaladze-160-lari-ki-ar-unda-meyos-me-unda-veyo-160-lars

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: