ნინა ხატისკაცის აპოლიტიკურობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას?!

ნინა ხატისკაცის აპოლიტიკურობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას?!

7 ნოემბერს პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ნინა ხატისკაცს დაუჭერს.


კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. კანდიდატის წარდგენის უფელება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა 6-კაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენენ.


დღემდე სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი იყო 5 კანდიდატი. მათ დაემატა ნინა ხატისკაცი.


"ადვოკატთა ასოციაცია" მხარს უჭერს ადვოკატ ლია მუხაშავრიას, რომელსაც პრინციპულ, ავტორიტეტულ, პროფესიონალ და ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად აფასებენ. ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სახალხო დამცველად არჩეულ კანდიდატს აუცილებელია, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს.


"ქალბატონი ლია მუხაშავრია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი გამოცდილებით, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი მაღალი რანგის სპეციალისტია, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე ყველაზე პოპულარულია პატიმართა და მათ ნათესავებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ის ამავე დროს, ცნობილია ჰომოფობიური გამონათქვამებით. რაც შეეხება ნინა ხატისკაცს, ის საარჩევნო სამართლის კარგი მცოდნეა, მაგრამ ამ სფეროში მუშაობის გამოცდიელბა არ გააჩნია", _ განცხადა "ადვოკატთა ასოციაციის" წევრმა არჩილ კაიკაციშვილმა "ივერიონთან" საუბარში.


მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის კანდიდატი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური. "სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით ნინა ხატისკაცზე. მისი მეუღლე "ქართული ოცნების" აქტივისტია, მისი ძმა და მეუღლე აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის იყვნენ დაპატიმრებულები. ამიტომ, მისი აპოლიტიკურობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგება", _ აცხადებს კაიკაციშვილი.


 "ადვოკატთა ასოციაცია" მოითხოვს, სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის საკომიტეტო მოსმენები ღია და საჯარო იყოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: