"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდა

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდა

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრები რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდნენ, რომელიც არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით გაიმართა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მოთხოვნა გახლდათ სახელმწიფოსგან ქალებზე ძალადობის პრევენცია და ეფექტური, დროული და ადექვატური რეაგირება დანაშაულის ფაქტებზე.

   როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, კოალიციის წევრები აქტიურად არიან ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართულნი.

   "იმედს ვიტოვებთ ხელისუფლება დააფასებს ამ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქალთა ძალადობას ეხება და აუცილებლად გამოცხადდება აქციაზე, რადგან ეს არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური ამოცანა - ვიდგეთ კონსოლიდირებულად ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და საბოლოო შედეგები აისახება როგორც საკანონმდებლო, ასევე უშუალოდ სააღსრულებო პრაქტიკის თვალსაზრისით," - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის, მანანა სალუქვაძის თქმით, 25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რამეთუ მთელი მსოფლიო მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 

   "დღევანდელი აქცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, თუმცა მე ვგმობ ყველა სახის ძალადობას, ყველა ადამიანის მიმართ. ჩვენი დევიზია - არა ძალადობას!" - აღნიშნა მანანა სალუქვაძემ.

   პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ბექა პეტრიაშვილის აზრით  ამ საკითხზე უნდა იმუშაოს სახალხო დამცველმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ ძალადობა ბოლომდე აღმოფხვრილ იქნას. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: