რა არჩევანს გააკეთებს პრეზიდენტი?

რა არჩევანს გააკეთებს პრეზიდენტი?

   ფარული მიყურადების შესახებ პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და ამ დრომდე ცხარე დებატების საგნად რჩება, მათ შორის უმრავლესობის წევრებს შორის.  ცნობილია, რომ პროექტს მხარს არ უჭერენ "რესლუბლიკელები". გარდა ამისა, ამავე საკითხზე ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ ალტერნატიუოლ პროექტს მხარი "ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა დაუჭირა. ჯამში პროექტის სასარგებლოდ ხმა 73-მა დეპუტატმა მისცა. ახლა კი კანონპროექტი პრეზიდენტთან გაგზავნამდე პარლამენტში შიდა პროცედურებს გადის. კანონმდებლობის თანახმად, კანონპროექტის ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად პრეზიდენტს 10 სამუშაო დღე აქვს. კანონი ძალაში ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს არ უჭერდა და ხმის მიცემისას თავი შეიკავა.

  ახლა კანონპროექტის ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს პრეზიდენტი. გამოიყენებს თუ არა ქვეყნის პირველი პირი მისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას? არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ამის იმედი აქვს თინა ხიდაშელსაც.

   -"მე არ ვიცი, პრეზიდენტი რას გადაწყვეტს. ველოდებით მის პასუხს. იმედია, ხვალ დილისთვის მაინც გვეცოდინება, ხელს აწერს თუ ვეტოს ადებს. მისი წინა ვეტო მნიშვნელოვანწილად უფრო დაბალი მნიშვნელობის პროექტს დაედო, როდესაც კარგი, პროგრესული კანონი გვქონდა, დღეს კი პრინციპულად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს გაუარესებისკენ. გულწრფელად გითხრათ, ვერ ჩავდგები სირაქლემას პოზაში და ძალიან გამიკვირდება, ვეტო რომ არ გამოიყენოს, რადგან საერთოდ გაუგებარი გახდება მისი წინა გადაწყვეტილება",- განაცხადა ხიდაშელმა.

   ხიდაშელის თქმით, აღნიშნული პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და უკანონო მოსმენების შესაძლებლობას ტოვებს. განსხვავებული აზრი აქვს კანონპროექტის ავტორებს. ეკა ბესელიას თქმით, თუნდაც პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს, პარლამენტს მისი დაძლევა არ გაუჭირდება.

   -"ჩვენ ვეტოს დაძლევის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ საკითხს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ, რადგან ეს უსაფრთხოების თემებს ეხება და რეგულაციების გარეშე სამართალდამცავი ორგანოები თუნდაც რამდენიმე დღით არ უნდა დარჩნენ და ამ პროცედურებს გარკვეული დრო სჭირდება. მაქვს მოლოდინი, რომ კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელშიც ევროკავშირის დირექტივები იყო გათვალისწინებული, მივიღეთ უფრო მაღალი სტანდარტი"- განაცხადა პროექტის თანაავტორმა ეკა ბესელიამ. 

   კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში პროექტი ხელმოსაწერად ისევ პრეზიდენტს გადაეგზავნება, ხოლო თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, პარლამენტის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში პროექტისადმი მისი მკვეთრად უარყოფითი განწყობის მიუხედავად, ვალდებულია, პროექტს ხელი მოაწეროს და ამ ფორმით ის კანონად აქციოს. შესაბამისად, დავით უსუფაშვილი იძულებული იქნება, "უკან გადადგმულ ნაბიჯს" ხელი მოაწეროს.

   ასეა თუ ისე, პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია და დეპუტატები მარგველაშვილს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. დავით საგანელიძის თქმით, თუ პირველ დეკემბრამდე არ იქნება პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, ამ შემთხვევაში სამართალდამცველ სისტემას მუშაობაში პრობლემები შეექმნება.

-"მოვუწოდებ პრეზიდენტს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, დაადოს სწრაფად, დღესვე, რომ ჩვენ ხვალ გვქონდეს დრო ამ ვეტოს დაძლევისთვის. პრეზიდენტს მინდა შევახსენო და მივმართო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტს. პირველი დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა, რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. თუ პირველი დეკემბრის მერე მოეწერა ხელი, ეს დღეები იქნება საკმაოდ პრობლემატური"-ამბობს საგანელიძე.

 

   შეგახსენებთ, რომ წინა შემთხვევაში პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების 3 თვით გადავადებას დაადო ვეტო. იმ შემთხვევაში, თუ ის ვეტოს უფლებას ახლაც გამოიყენებს, პარლამენტი მის დაძლევას შეეცდება. პრემიერის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევა პრობლემას არ წარმოადგენს. ამისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, დღეს კი მას 73-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

 

   "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს მხარი  73-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტი ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც ე.წ. ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაწემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: