სად გაქრა კახა შარტავა და რატომ გაემიჯნა იგი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს?!

სად გაქრა კახა შარტავა და რატომ გაემიჯნა იგი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს?!

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას სააკაშვილის ხელისუფლების მიერ კუთხეში მომწყვდეული და პოლიტიკურად მარგინალიზებული (შეიძლება ითქვას, გაკოტრებული) პარტიების უმრავლესობა დიდი ზარზეიმით შეხვდა. ზოგმა ივანიშვილის „გუნდში“ მიპატიჟება გადარჩენის ერთადერთ შანსად ჩათვალა, ზოგი კი რიგში ჩადგა და მილიარდერის წყალობას დაელოდა.

საზოგადოებამ კარგად იცის, 2011 წლის შემოდგომის პერიპეტიები და ამდენად ამაზე საუბრით თავს არ შევაწყენ, მხოლოდ შევახსენებ, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ივანიშვილის ნავში ჩახტომა მოინდომა „ეროვნული ფორუმიც“ იყო, თუმცა ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ერთ გუნდში ყოფილიყვნენ უკიდურესად ლიბერალი „რესპუბლიკელები“ და ეროვნულ შირმას ამოფარებული „ფორუმელები“(?!)


მიუხედავად იმისა, რომ „ფორუმელებიც“ პოლიტიკურ სივრცეში არსებითი ხასიათის „გარღვევით“ არ გამოირჩეოდნენ, საზოგადოება მათში მაინც იდეოლოგიურად განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას ხედავდა. მეტიც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოთხოვნილებაც გაჩნდა, ისინი წინა პლანზე წამოწეულიყვნენ და ქართული ელექტორატის გამაერთიანებლის ფუნქციაც შეესრულებინათ.

ცხადია ისიც, რომ საზოგადოებაში სიმპათიებს იწვევდა „ფორუმელთა“ ლიდერი კახა შარტავა, რომელიც თავისი ცხოვრების წესითა და აზროვნების კრიტერიუმით აშკარად განსხვავებული პოლიტიკოსის იმიჯს ინარჩუნებდა.

„ქართულ ოცნებაში“ „ფორუმელების“ გაერთიანების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ისინი ივანიშვილის ერთ-ერთ დასაყრდენ ძალად იქცეოდნენ. განსაკუთრებით კახა შარტავას ივანიშვილის გუნდში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

არადა, ყველას გასაოცრად, პირიქით კი მოხდა - შარტავამ თავისი თანაგუნდელებისგან (გუბაზ სანიკიძე) განსხვავებით პოლიტიკით მილიონის შოვნა არ ისურვა და საერთოდ უარი თქვა დეპუტატობაზე და აღმასრულებელ სტრუქტურაში საკვანძო თანამდებობის დაკავებაზეც!

დღემდე ამოუხსნელ განტოლებად რჩება რატომ გაემიჯნა კახა შარტავა ბიძინა ივანიშვილს და რატომ ამჯობინა საერთოდ ჩრდილში დადგომა - მან წინასწარ განჭვრიტა მოსალოდნელი სირთულეები და დღევანდელი ხელისუფლების კრახი (ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის გუნდმა რომ არ გაამართლა, ცხადია), თუ მან შეგნებულად აარიდა თავი ამ ხელოვნურად შეკოწიწებულ კონგლომერატთან ასოცირებას და „ახალ დროს“, ახალ გამოწვევას დაელოდა?!

დღემდე ვერავინ იტყვის, რომ კახა შარტავამ საკუთარ პრინციპებს უღალატა და თავისი პოლიტიკური კარიერა გროშებზე (ან თუნდაც ივანიშვილის მილიონზე) გაყიდა. ვერც იმას იტყვიან, რომ მას პოლიტტექნოლოგიებში რაიმე შეეშალა და პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების უფლება არა აქვს!

ძნელი სათქმელია, თუ რატომ არჩია შარტავამ იმ კონკრეტულ მომენტში აქტიური პოლიტიკისგან გარიდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: იგი საჭირო დროს ელოდება, რომ საჭირო ადგილას გამოჩნდეს და ზნეობრივი ფიგურის შარმით დაბრუნდეს პოლიტიკაში!

არც არის გამორიცხული, შარტავა-ივანიშვილს შორის საიდუმლო შეთანხმება არსებობდეს და „მეორე წრეზე“ ივანიშვილის გუნდის ლიდერად სწორედ კახა შარტავა მოგვევლინოს.

იქნება თუ არა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ივანიშვილისთვის „Золотой запас“-ი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ასეც რომ არ იყოს, კახა შარტავა სწორედ ის ფიგურაა, რომლის ადგილი ქართულ პოლიტიკაში ჯერჯერობით დაკავებული არ არის!

ვის ვის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ვაჟიშვილს ნამდვილად არ ჰქონდა უფლება სხვანაირად მოქცეულიყო. ფაქტია ისიც, რომ ქართულ პოლიტიკას კახასნაირი ზნეობრივი ადამიანები სჭირდება!

ვნახოთ!..

                                                                    საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: