სოსო ცინცაძე: ღარიბაშვილი გაწირეს!
გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
-ბატონო სოსო, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში ან საით მიდის ის. შეიძლება ითქვას, კრიზისი თუ გადამწყვეტ ფაზაში არა, გარკევულ ეტაპზე მაინც იმყოფება...
ამ ბოლო ხანებში ბევრს საუბრობენ თამაზაშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე... სოციალურ ქსელსა და ქართულ მედიაში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ივანიშვილი უკვე ალმაცერად უყურებს ღარიბაშვილსაც.
-კისინჯერმა თქვა, ერის გამოცდა მაშინ დგება, ახერხებს თუ არა ის კრიტიკულ მომენტში დაივიწყოს შიდა წინააღმდეგობები და იბრძოლოს საერთო მიზნისთვისო. ეს გამოცდა აშშ-მაც ვერ ჩააბარა და ვერც ჩვენ ვაბარებთ.
2 წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაგრამ საკადრო პოლიტიკა როგორია, კაციშვილმა არ იცის!
კადრების დანიშვნისას პროფესიონალიზმი და გამოცდილება არ არის გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე, რაც ხდება - მოსავალია იმისა, რაც დაითესა.
ალასანია იყო ახალი ხელისუფლების ფავორიტი, მაგრამ დღეს ოპოზიციაშია, ულტრაფავორიტი მარგველაშვილი ოპოზიციაშია. ეს არ დამთავრდება მარგველაშვილითა და ალასანიათი.
საკადრო ცვლილებები, თუ ეს სწორი ცვლილებებია, კარგია, მაგრამ თუ ამ ცვლილებების მიზეზი საზოგადოებისთვის უცნობია, საშიშია.
რატომ გაათავისუფლეს ჯანყარაშვილი უცნობია.
ცნობილი ტერმინია “აგრესიული უმრავლესობა“, ჩვენთანაა “მორჩილი უმრავლესობა“, რომელსაც აგრესიაც არ აკლია. “მორჩილი“ პარლამენტი გავიხსენოთ, რა კბილებით იცავდა მარგველაშვილს - ასეთი პრეზიდენტი საქართველოს ჯერ არ ჰყოლიაო, ჯანყარაშვილი რომ დაინიშნა პარტიის ლიდერად, პარლამენტი კომკავშირული აღფრთოვანებით აქებდა, რომ ის ბრწყინვალე ხელმძღვანელი და მენეჯერი იქნებოდა -ხოტბას ასხამდა და არ იცოდა, ვინ იყო.
ჯადოქრის ჯოხი ვის ხელშია, ვინ ხსნის, ვინ ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ საკადრო სელექცია ჩვენთან სავალალო მდგომარეობაშია. მეტი რა უნდა გააფუჭოს განათლების მინისტრმა, რომ გაათავისუფლონ?! სკოლებში გათბობა არ არის და 220 მილიონი ლარი გაუხარჯავია განათლების ბიუჯეტში. საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს, ყველგან ნეპოტიზმია და პროფესიონალიზმის სუნიც არ ასდის!
-საუბარია ღარიბაშვილის სერგეენკოთი ჩანაცვლებაზეც. რამდენად რეალურია ეს და უშველის თუ არა საქართველოს ასეთი “კოსმეტიკური“ ოპერაციები?
-სერგეენგო ერთადერთი მინისტრია, რომელსაც სახეზე წუხილი ეტყობა, თუმცა არც ჯანდაცვაშია საქმე კარგად. სხვა მინისტრებს რომ ვუყურებ, გაოცებული ვარ, რა ბედნიერი სახეები აქვს, რადგან საკუთარი მაცივარი სავსეა... შეიძლება, ის უკეთესი პრემიერ-მონისტრიც აღმოჩნდეს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებელი იქნება.
-პრემიერ-მინისტრს იმ ბრალდებებს თუ დაუმტკიცებენ, რასაც მას მისი ოპონენტები უყენებენ, ესეც პრემიერის ახალგაზრდული გამოუცდელობით უნდა აიხსნას?
-თავიდანვე არ იყო მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა გამართლებული - ახალგაზრდა კაცს ასეთი ტვირთი წამოჰკიდეს და გაწირეს. მანაც სხვებივით დაიწყო საკუთარი ნათესავების ციხეებიდან გათავისუფლება. ეს არ იყო სწორი.
პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვა სუსტია, მრჩეველიც არ ჰყავს, ერთი მინისტრიც არ ჰყავს ისეთი, რომელსაც აზრი შეიძლება ჰკითხოს. გამოთქმაა ასეთი: “გარემოცვა ქმნის ლიდერებს“. გარემოცვას ბევრი კარგი ხელმძღვანელი გაუნადგურებია.
ფანჯიკიძე ბერუჩაშვილით რა მიზნით შეცვალა, საოცარია! (ეს არის არაჯანსაღი პოლიტიკა). ამბობდა, რომ ფანჯიკიძის უწყება “ნაციონალებისთვის“ მუშაობდაო . აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ივანიშვილი ალმაცერად უყურებდეს!
-რას იტყვით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით?
-ყველაფერს საგარეო პოლიტიკას და ცვილებას ნუ აბრალენენ, ამის მთავარი მიზეზი ჩვენს ქვეყანაშივეა საძებარი.
საერთოდ არ შექმნილა სამუშაო ადგილები. აშშ-ი 340 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა ნოემბერში. 2 წელიწადში რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა აქ? არც ერთი ჩემი ნაცნობი უმუშევარი ამ 2 წელიწადში არ დასაქმებულა. ასეთ მდგომარეობაში რა გასაკვირია, რომ ყველაფერთან ერთად ლარიც ეცემა?!
-ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი რიგზეაო.
-მაშინ ჩვენ მკურნალობა გვჭირდება, თუ ყველაფერი კარგადაა და ვერ ვგრძნობთ!
-უნდა დაისვას თუ არა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი?
-ხადურს იმდენი ძალა არ აქვს საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური მომძლავრების საკითხში, რამდენიც კვირიკაშვილს. მას მეტი შეეძლო გაეკეთებინა. კი, სიმპატიური ახალგაზრდაა, მაგრამ ან ამ პოსტის დასაკავებლად არ არის მზად, ან დამოუკიდებელი არაა. ქვეყანა, რომელიც ერთი კაცის იმედზედაა, წარმატებული არ იქნება. რა აჟიოტაჟი იყო ... მოდის ივანიშვილი ... თუ ქვეყანას გაუჭირდება, თავის ფულს დახარჯავსო... სად გაგონილა ეს? ერთმა რუსმა მწერალმა თქვა, ქართველი ერი დაავადებული ერიაო, სწორედ ასეა!
-თქვენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობთ ლექციებს. კმაყოფილი ხართ თუ არა იქაური სტუდენტების განათლების ხარისხით?
-დაუფარავად ვიტყვი, 5 წელიწადში, საქართველოში, განათლების ხარისხი აფრიკის დონეზე იქნება! მე არ ვიცი, რა არის ეს ეროვნული გამოცდები, მაგრამ ვიცი, რომ ხტომა -ხტომით მივდივათ უკან. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში ზნეობრივ- მორალური კრიზისიცაა.
ესაუბრა ია ჯღარკავა