შემოსავლების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ თანამდებობას გიორგი თაბუაშვილი დაიკავებს.
"შემოსავლების სამსახურის უფროსად გიორგი თაბუაშვილი ინიშნება.
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას.
გიორგი თაბუაშვილს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2013 წლის იანვრიდან უკავია. მიღებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში, აგრეთვე პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში. გიორგი თაბუაშვილის ბიოგრაფიის ნახვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წწწ.მოფ.გე. შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრებს დღეს გამართულ სხდომაზე წარუდგინა", - აცხადებენ სამინისტროში.