ნინო ბურჯანაძე: რეფორმების გატარების რეალურ კომპეტენციას დღევანდელ ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ ვხედავ!

ნინო ბურჯანაძე: რეფორმების გატარების რეალურ კომპეტენციას დღევანდელ ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ ვხედავ!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წინასაახალწლო დღეებში და "ქართული ოცნების" მმართველობის 2 წლის თავზე, ქვეყანაში აბსოლუტურად არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა, მოსახლეობას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ ხვალინდელი დღე დაგეგმოს.

 ბურჯანაძის თქმით,  მოსახლეობამ არ იცის, რა ნიშნულზე იქნება ეროვნული ვალუტა ლარი და როგორ გაანაწილოს მისი ისედაც მწირი შემოსავალი.

"დასკვნა ერთადერთია, "ქართული ოცნების" წყალობით ჩვენ მივიღეთ ის ტენდენცია, რომელსაც არასწორი ეკონომიკური მიმართულებები ჰქვია. ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ ხელი შეწყობოდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, არადა, ქვეყნის ეკონომიკური განმტკიცების საფუძველი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი შეადგენს 60%-ს, ხოლო საქართველოში 2012 წლის პერიოდთან შედარებით 19%-დან 17,5%-მდეა შემცირებული. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქართული ლარი ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი იმ რყევებისა, რომელიც შეიძლება ქვეყნის გარეთაც არსებობდეს.

ფაქტია, რომ ლარის ნებისმიერი გაუფასურება არტყამს სწორედ ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ფენების ჯიბეს. როცა ვლაპარაკობთ არასწორ ეკონომიკაზე, მხედველობაში გვაქვს ისიც, რომ ქვეყანაში მონოპოლიების გაძლიერების ტენდენცია, ამ მონოპოლიების უკან კი კონკრეტული პირები და სახელისუფლებო ჯგუფები დგანან. ერთი მცირე მაგალითიც კი საკმარისია ამის დასადასტურებლად. მსოფლიოში ნავთობის ფასი ყოველდღიურად მცირდება, ნავთობის ფასი შემცირდა 60%-ით, ბენზინის ფასი კი მხოლოდ 6%-ით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იკლებს, ხოლო ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მრავალათასიან დანამატს იღებენ, და ვფიქრობ, ახლაც საახალწლოდ ისინი მოახერხებენ, შეარჩიონ ტერმინები, რითაც გაამართლებენ თავიანთი ხელფასების და პრემიების განუზომლად ზრდას", - აღნიშნა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი დაპირებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შესრულებულა.


"ეს კინკალობა ქვეყანას ნამდვილად ვერ გამოიყვანს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, პირიქით, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს. სრულიად ნათელია, რომ ამ კრიზისიდან გამოსაყვანად ქვეყანას რადიკალური და უსერიოზულესი რეფორმები სჭირდება, ოღონდ ვწუხვარ, ამ რეფორმების გატარების რეალურ კომპეტენციას, ძალას და უნარს დღევანდელ ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ ვხედავ", -განაცხადა ბურჯანაძემ.


ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება მთლიანად უნდა შეიცვალოს  და ამისთვის  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია საჭირო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: