მანანა კობახიძე:ქალების გარეშე პოლიტიკაში წარმატება ვერ იქნება მიღწეული!

მანანა კობახიძე:ქალების გარეშე პოლიტიკაში  წარმატება ვერ იქნება მიღწეული!

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის  სირცხვილია, რომ 11%-ზე მეტი ქალი არ არის წარმოდგენილი პარლამენტში. აღნიშნულზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" NDI-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობას და ამ მიზნით მთელი საზოგადოება გაერთიანდეს.

"ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილად სირცხვილია, როცა 11%-ზე მეტი ქალი არ არის წარმოდგენილი პარლამენტში და იგივე მდგომარეობაა თვითმმართველ ორგანოებში. მინდა, ერთი ფრაზა შეგახსენოთ, რომელიც ყველამ კარგად იცით, "დღეისთვის მსოფლიო კარგავს მნიშვნელოვან რესურს, ათობით ათასი ნიჭიერი ქალი მზადაა, თავისი გამოცდილება მოახმაროს საზოგადოებას, ამავდროულად კი, ისინი არასაკმარისად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით". 9-10 დეკემბერი იყო ის თარიღი, როცა 11 წლის წინ ამ სიტყვებით მთელი მსოფლიო გაერთიანდა ერთი მიზნის გარშემო, რასაც ჰქვია მეტი ქალი პოლიტიკაში. ერთი ჩემი კოლეგა ამბობდა და ყური მოვკარი, უბრალოდ, ვერ გავიმარჯვებ ქალების გარეშეო. მართლაც ქალების გარეშე პოლიტიკაში ვერ იქნება წარმატება მიღწეული. ასე რომ, უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ ის, რაზეც კონფერენციის მონაწილეები დღევანდელ კონფერენციაზე იმსჯელებენ, საკანონმდებლო დონეზე აისახება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: