გიორგი ტიგინაშვილი: ურწმუნოებაზე მეტად, უწესივრობასა და ქაოსს დამახინჯებული თუ ფალსიფიცირებული „ქრისტიანობის“ ტირაჟირება იწვევს!
"ივერიონს" ესაუბრება ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):
-ბატონო გიორგი, გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე თსუ-სა და ილიაუნის უნივერსიტეტების რექტორების მიერ ამავე უნივერსიტეტებში მისთვის ღვთისმეტყველების ლექციის ჩატარების აკრძალვაზე საუბრობს. როდის შეიძლება მღვდელს უმაღლეს სასწავლებელში ქადაგება აეკრძალოს?
-პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, თავისი ინტელექტით, სულიერი სიმწიფითა და ზნეობრივი ღირსებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალსაჩინო და საპატივსაცემო პიროვნება გახლავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო დასში. მისი უანგარო მისიონერობა, წირვა–ლოცვაში დაუცხრომლობა, მქადაგებლური საქმიანობა, პატიოსნება და კეთილშობილება მხოლოდ და მხოლოდ ქებასა და ფართო ასპარეზის დათმობას იმსახურებს. მაქვს ბედნიერება მას ვიცნობდე და შესაბამისად პირადი გამოცდილებითაც შემიძლია დავამოწმო, რომ ის ნამდვილად ჭეშმარიტი და გულმხურვალე მოძღვარია.
რაც შეეხება მისთვის ლექციის ჩატარების აკრძალვას, ვფიქრობ რომ აქ ადმინისტრაციის მხრიდან პირად დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, რამეთუ მოცემული ვითარება საკმაოდ ბევრ ეჭვსა და შეკითხვას ბადებს უშუალოდ მოქმედი რექტორისადმი. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე სასწავლებლის კედლებში, ხსენებულ სასულიერო პირს, უკვე ჩატარებული ჰქონდა საღვთისმეტყველო თემატიკაზე საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი ლექცია, რომელმაც სტუდენტური სპექტრის აღფრთოვანება და კმაყოფილება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მავანი გააღიზიანა მოძღვრის ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლებამ და ამის გამო სადამსჯელო ღონისძიებას მიმართეს. მათ ჰქონდათ ამისი ურიდიული უფლება, მაგრამ მორალური – არა! თუმცა ათეისტური მსოფლმხედველობის ფილოსოფოს გიგა ზედანიასგან, რომელიც რელიგიას დასცინის და მას ლენინის დარად "ოპიუმს" უწოდებს, ამგვარი საქციელი სულაც არ ყოფილა მოულოდნელი სიურპრიზი ჩემთვის.
-მამა თეოდორე გიგნაძე აღნიშნავს, რომ მართლმადიდებლობას ნაკლებ პატივს სცემენ, რადგან იეღოველთა და ბაბტისტთა წარმომადგენლობას მეტი გასაქანი აქვთ თუნდაც ამ უნივერსიტეტებში. რას იტყვით ამის შესახებ?
-სამწუხაროდ, ძნელია არ დაეთანხმო მამა თეოდორეს, რადგან ფაქტია, რომ ასეა. ლიბერტარიანულ და სეკულარისტულ გარემოში, სადაც ჭეშმარიტება და ღმერთი ფარდობითი ცნებებია, სადაც პროზელიტიზმით დაკავებულ დესტრუქციულ სექტებსა და სექსუალურ პერვერსიებს ქომაგობენ, სადაც ისეთი ტიპის "მწერლებს", როგორებიც არიან ზაზა ბურჭულაძე და ერეკლე დეისაძე, ტაშითა და კოლექტიური ბენეფისით ეგებებიან და მათ წიგნებს, სახელწოდებით: "სახარება ვირისა" და "საიდუმლო სირობა" – საზეიმოდ პრეზენტირებენ, ბუნებრივია, რომ იქ მართლმადიდებლობა ნონგრატად არის გამოცხადებული.
აქვე ვლინდება თავმომწონე ერუდიტებისა და თვალთმაქცი ინტელექტუალების რეალური სახეც, რადგან ისინი ფარისევლურად იჩემებენ დემოკრატიის მეხოტბეობას, მაშინ როცა სტუდენტური სპექტრის უდიდესი ნაწილის მოთხოვნას მოძღვრის შეშვებასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებენ და რაღაც გამოგონილი მიზეზებით უარს ეუბნებიან მათ გულანთებულ სურვილს, რათა მოისმინონ მართლმადიდებლობის ღანსაღი, მაცხოვნებელი, სასიყვარულო თუ გონივრული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.
-თქვენი აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზედმეტ ტოლერანტობას ხომ არ იჩენს სხვა რელიგიური მიმდინარეობებისა თუ სექტების მიმართ, რითაც თავს საფრთხეში იგდებს?
-ზოგადად, ეკლესია ადამიანების მიმართ ყოველთვის ლმობიერი და შემწყნარებელი იქნება, მისი კარი ყველასათვის ღიაა და მას თანაბრად უნდა უყვარდეს ნებისმიერი ეთნოსის, რასის, წოდებისა და აღმსარებლობის ადამიანი, რადგან მაცხოვრის მისტიური სხეული, ანუ დედა-ეკლესია დაფუძნებულია საყოველთაო სიყვარულსა და დიდსულოვნებაზე, ამდენად განსხვავებულთა მიმართ პიროვნული დაპირისპირება, ექსტრემიზმი და ფუნდამენტალიზმი სრულიად უცხო და მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისათვის. ის არავის არ ჩაგრავს, არამედ მხოლოდ ურჩევს, შეაგონებს და ლოცულობს. იგი ისეთივე უძლურია, როგორც თავად ღმერთი, რომელიც მარტოოდენ მოუწოდებს და უხმობს, პირად მაგალითს იძლევა და არამც და არამც არ ძალმომრეობს სხვაზე. სხვა სამოქმედო ბერკეტი ღვთივბოძებულად მას არ გააჩნია, გარდა სიტყვისა და მდუმარე ქადაგებისა, ანუ პირადი საქციელის ჩვენებისა.
ეკლესიისათვის კი ექსორიობა, შევიწროვება, დევნა და გარეშე სივრციდან წარმოებული ბრძოლა სულაც არ წარმოადგენს არსებით საფრთხესა და პრობლემას, პირიქით, იგი უფრო მეტად ხელს უწყობს მის გაძლიერებასა და მხნეობას.
საპატრიარქოს რეპუტაციასა და მის წმიდა ავტორიტეტს, სექტებზე, "ჭკუის კოლოფა" ლიბერალებსა და მომხვდურ ათეისტებზე მეტად, მის წიაღში შეფარული ოპირი მღვდლები და ყალბი სასულიერო პირები უფრო აზიანებენ, რომელთაც ცოცხალი ღმერთის მაძიებლობა და იდეაში მისდამი თავგანწირული მსახურება მართებთ და სინამდვილეში კი აბსოლუტურად შეუფერებლად ცხოვრობენ. ციხის გამტეხავები შიგნით უნდა ვეძიოთ და არა გარეთ. ჯარისთვის საფრთხეს მისი უღირსი გენერლების არასწორი სტრატეგია იწვევს ხოლმე და არა თავდამსხმელი მტრების ტაქტიკური ხრიკი.
-როგორც ამბობენ, თანამედროვე თეოლოგების უმეტესობა საკმაოდ ლოიალურია პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორც დოგმატურ, ისე ზნეობრივ ჭრილში. აგრეთვე, ვხედავთ ისეთ წრეებსაც, სადაც სტალინის იდეალიზაციისა და ID ბარათების დრამატიზაციის ტენდენციებია წარმოდგენილი. რას იტყვით ამის შესახებ?
-საინტერესო კითხვაა. პირადად მე ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არც კაზანტიპისა და გეი-აღლუმების მომხრე ვაი-თეოლოგებისა მესმის და არც ID ბარათებსა და სტალინისტობას აყოლილი მორწმუნეებისა მჯერა. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, როგორც ცინიზკური და სარკასტული ფსევდო ლიბერალიზმი, ისე ფანატიკური თუ გაფეტიშებული ულტრა კონსერვატიზმიც, რამეთუ არცერთი არ მიმაჩნია ღვთიურ გზად. ოქროს შუალედი, ზომიერება და სამეუფეო ბილიკი არის ის გზა, რომელზედაც უნდა დადიოდეს ყოველი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ორ მდგომარეობას: მკრეხელ ყეყეჩებსა და ბნელ ინკვიზიტორებს, რომელნიც მართალია სხვადასხვა იარაღით, მაგრამ მაინც ერთნაირად აჭედებენ ხოლმე იესო ქრისტეს გოლგოთის იმ ჯვარზე, რომლითაც გამოგვიხსნა, გაგვათავისუფლა და გვიხსნა ჩვენმა სანუკვარმა მამამ და განგვიმზადა სიმართლისა და სიყვარულის სასუფეველი.
დღევანდელი ლიბერალებს რომ ვაკვირდები, მათ გააჩნიათ ცოდნა – რწმენისა და სიყვარულის გარეშე, ხოლო ფანატიკოსებს კი რწმენა – ცოდნისა და სიყვარულის გარეშე. წმ. ნიკოლოზ სერბი კი ამბობს: "სიყვარულის დაკარგვით კეთილი ხის ნაყოფს დაკარგავ, ხოლო რწმენის დაკარგვით კი თავად ხეს დაღუპავო", შესაბამისად მეც მიმაჩნია, რომ ზემოთ ნახსენები კატეგორიებიდან პოზიტიურ პროდუქტს ვერცერთი ვერ დებს, რადგან სიყვარული არცერთს არ ამოძრავებს. ფანატიკოსებს კი ხშირად უფრო გულწრფელი და ნეოფიტური მიდგომები აბნევთ ხოლმე, რომლის გამოსწორებაც შედარებით უფრო იოლია, ვიდრე ქედმაღალი ლიბერალის მობრუნება, რომელიც ზოგჯერ ბევრად უფრო შეუვალი და ხისტია, ვიდრე მისი ვიზავი.
ურწმუნოებაზე მეტად, უწესივრობასა და ქაოსს დამახინჯებული თუ ფალსიფიცირებული "ქრისტიანობის" ტირაჟირება იწვევს. ამდენად, მტერი ის არის ვინც მგელია და კრავობას უტიფრად იბრალებს. დააკვირდით მათ ლექსიკას, ყოფაქცევასა და ცხოვრების წესს და მიხვდებით თუ რამდენად გულახდილი და დამაჯერებელია მათი ზრახვები და მსჯელობა. მოქირქილე სწავლულებიცა და პედანტი მარგინალებიც საბოლოოდ ერთსა და იმავე ბოროტებას ემსახურებიან ნებით თუ უნებლიედ, რადგან ნაცვლად პირდაპირ ფოკუსირებული მზერისა, მათი ხედვა მიმართულია ან მარცხენა–რადიკალურ, ან კიდევ მარჯვენა–ინდიფერენტულ მხარეს და სწორედ ამის გამო ვერ მიიწევენ წინ სულიერებაში.
ესაუბრა ია ჯღარკავა