დავით თევზაძე:-"ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური"

დავით თევზაძე:-"ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური"

   თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სოციალური ქსელით ეხმიანებს და წერს:

 

   -"ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვალდებული ვარ გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, იმის თაობაზე, რომ "თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს". მიჭირს არა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროზე აზრი უნდა გამოვთქვა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ჯარისკაცის კუბოს ჩამოასვენებენ. კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება, საზოგადოდ. ხოლო ჯარისკაცის კუბოსთან მდგომი, ორმაგად უნდა დუმდეს. ერთი იმიტომ, რომ ომში დაცემულს, და მაშადამე, უკვე ვალმოხდილ მეომარს სცეს პატივი, და მეორე იმიტომ, რომ პატივი სცეს დედას, რომელმაც მეომარი აღზარდა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მას ანუგეშებს, ტკივილს გაუნელებს ან ბედნიერების ერთ წამს მაინც აჩუქებს მომავალში. ამიტომ მიმძიმს ამ სტატუსის წერაც და არც არასოდეს არც ერთი ჯარისკაცის კუბოსთან მდგომს, ზედმეტი სიტყვა არ დამცდენია. სუჩუმეში გაცილებით მეტი სიდარბაისლეა და გაცილებით მეტი განცდა და პატივი, რასაც დაღუპული მეომარი და დედა ერთნაირად იმსახურებენ. 

   რაც შეეხება თავად განცხადებას, ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური. ქართველობა ბედისწერაა და ეს არ არის უბრალო მეტაფორა. ბედისწერაა, რომ ჩვენი გენოფონდი, ისტორიის მანძილზე, ძირითადად, სხვისთვის გახარჯულა, მაგრამ ამით არც ქართველობა დაგვიკარგავს, არც სინდის-ნამუსი, არც სახელი. ფარისევლობენ ისინი ვინც "ღრმა მწუხარებას გამოთქვამს", ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ჯარისკაცზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, მე არ მითხრას ვინმემ რამეო. მათ რომ ჯარისკაცზე ეფიქრათ, ჯარიდან 2008 წელს გაშვებულ კაცს 2012-ში უკვე დააბრუნებდნენ და სამშობლოსთვის სამსახურის საშუალებას მისცემდნენ. ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეთ ბატონებო, იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ დადუმდეთ და ეს თქვენი ფსევდოსახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენთვის შეინახეთ. ამ განცხადებით თქვენ მწუხარება კი არ გამოთქვით, არამედ დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს, იმიტომ რომ იმავე გვარისა ხართ. ამიტომ დადუმდით ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ. ჯარისკაცის

   კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: