ბატონო პრეზიდენტო: წადით, მოსკოვში წადით!

ბატონო პრეზიდენტო: წადით, მოსკოვში წადით!

 ბატონო პრეზიდენტო,

 

   თქვენი საპარლამენტო გამოსვლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არ ჰყავს სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა. საქართველოს ჰყავს მხოლოდ ჩინოვნიკები ხელისუფლების სახით და ჩინოვნიკობისთვის მებრძოლი ჯგუფები ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის სახით.

 

   თქვენც, სხვებთან ერთად, არ გაგაჩნიათ ანალიზის სურვილი და ვერ ასაბუთებთ, რატომ არის იდეა ფიქსად ქცეული "პროდასავლური კურსი" საქართველოსათვის აუცილებელი და ხელშეუხებელი მიზანი, რატომ არის ნატოსკენ სწრაფვა საქართველოში ტაბუდადებული თემა, რატომ არის აშშ და ნატო თქვენი პოლიტიკური რელიგია.

 

  დღევანდელ გამოსვლაში თქვენ ბრძანეთ: "რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცაა. რუსული "რბილი ძალის" ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია და კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან".

 

   თქვენ, თუკი საქართველოს ლიდერი ბრძანდებით, უნდა ზრუნავდეთ ქართულ ინტერესებზე, მართლმადიდებლურ ფასეულობებზე და არა რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ იდეოლოგიურ ომზე და ამ ომში დასავლური "ღირებულებების" გაკოტრებაზე. რატომ მიიჩნევთ თქვენს ხალხს ცხვრის ფარად, რომ მასზე რუსული პროპაგანდა მოახდენს გავლენას ან რატომ გგონიათ, რომ საქართველოში არსებობს აპრიორი "ანტიდასავლური ძალების კონგლომერატი"? დასავლეთმა ხომ თავად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია დანარჩენ მსოფლიოში – გაუთავებელი ომებით, დაბომბვებით, სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებით, მთელი ერების საფინანსო-ეკონომიკური დაკაბალებით. ქართველებს კი კარგად ახსოვთ ამავე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილის სასტიკი რეჟიმი, რომლის ნარჩენებსაც დღეს ისევ დასავლეთი იფარავს და ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით ვერ გამოდის ჩიხიდან. ხალხს ისიც ახსოვს, თუ როგორ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ თავიანთ "მურიას", ასე ვთქვათ, "დასავლეთის გარკვეული წრეები" და როგორ გამოიწვია ამ "მურიამ" აგვისტოს ომი. ყოველივე ამის შემდეგ რა შუაშია რუსული პროპაგანდა? გარეთ ბნელა თუ როგორაა საქმე?

 

   ნაცვლად "კუდიანების" ძიებისა, უმჯობესი იქნებოდა, საქმისთვის მიგეხედათ, საქმეში კი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ვგულისხმობ, რასაც სიტყვიერად მაინც ეთანხმებით. თქვენ მოსკოვიდან მოგცეს სიგნალი, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, მიგიწვიოთ ნაციზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, შეგხვდეთ და განიხილოს თქვენთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები. მავთულხლართები, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, არ უნდა გიზღუდავდეთ ოპონენტებთან დიალოგის წარმოების საშუალებას, მით უფრო, რომ რუსული მხარე თავს თქვენს ოპონენტად არ განიხილავს.

 

   წადით, მოსკოვში წადით და, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, იყავით წელგამართული – იმ დიდ გამარჯვებაში ქართველების წილიც დიდია. რუსები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ისე პოლიტიკოსები, ჩვენი პოლიტიკანებისგან განსხვავებით, არ ივიწყებენ ამ ღვაწლს. და თუ ვინმეს რამე დაავიწყდა, შეახსენეთ, რომ თქვენ გამარჯვების მთავარი არქიტექტორის – გენერალისიმუს იოსებ სტალინის თანამემამულე ბრძანდებით. დასავლეთში არა, მაგრამ რუსეთში სტალინის ავტორიტეტი დიდია და იგი კიდევ უფრო იზრდება – ამას მოწმობს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა. ორიოდე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თავად განაცხადეთ, რომ რაც მეტი დრო გავა, სტალინის ფიგურა მით უფრო მეტად პოზიტიურად იქნება აღქმულიო. დიახ, ეს ასეა და რატომ არ იყენებთ ამ გარემოებას საქართველოს სასიკეთოდ? პოლონეთში ნუ ახსენებთ სტალინს კარგად, არც ლატიშებთან და ესტონელებთან არის ეს საჭირო, მაგრამ რუსეთში სტალინის ხსენება ბევრ ქულას მოგიტანთ რუსულ საზოგადოებაში. თქვენთვის ჩაწერილი ქულები კი საქართველოს წარმატებაა! რატომ არ გინდათ ამის გაკეთება, "დასავლელ პარტნიორებს" ხომ არ უნდა ვუთანხმებდეთ იმას, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში?!

 

მაინც პატივისცემით და იმედით,

გულბაათ რცხილაძე

პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: