საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მოდავე მხარეები სარგებლობენ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, გამოიყენონ საპროცესო კანონით დაგენილი პროცედურული წესები, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.

მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, მოსამართლის დამოუკიდებლობამ და მიუკერძოებლობამ, ეფექტიანმა და დროულმა სამართალწარმოებამ, ასევე, მეორე მხრივ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა. ამ პროცესისადმი ნდობა, ასევე ეფუძნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ არაერთხელ გაცხადებულ მზაობას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და სამართალწარმოებაში ჩაურევლობის თაობაზე.

მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია კანონით დადგენილი პროცედურებითა და წესით.

გვსურს, შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ  სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: