Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
12-06-2015, 15:46
ნანახია: 1933

რა ვერ აპატიეს ქეთი დოლიძეს?!

ამ რამდენიმე დღის წინათ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის „ემიგრანტის წერილი _ 2014“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ჩემი ხელდასხმით გამოვიდა და როგორც გამომცემელს, მეც მომიწია სიტყვით გამოსვლა. ძალიან ვღელავდი, დიდხანს ვფიქრობდი - გულახდილად მესაუბრა თუ არა იძულებით ემიგრაციასა და ზოგად, თანამედროვე ემიგრანტებზე.

შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩემი გულწრფელობითა და პირდაპირობით დარბაზში უარყოფით დისონანს შევიტანდი...

ამიტომაც თავშეკავება ვარჩიე და რბილად ვისაუბრე იმ მოსალოდნელ სირთულეებზე, რაც უახლოეს წლებში იჩენს თავს, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საქართველოდან ემიგრირება,  თუ აქედან წასული მერცხლები საკუთარ ბუდეს დროულად არ დაუბრუნდებიან!..

ნათქვამია „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“-ო, მაგრამ ეს ის თემაა, როცა სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას, ვინმეს მოეწონება თუ არა.

ვიდრე საქმეზე გადავიდოდე, მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის პრეზენტაციას წინ უძღოდა ქართული დიასპორის კონგრესი, რომელიც საქართველოს დიასპორის მინისტრის აპარატის ძალისხმევით ჩატარდა და შეიძლება ითქვას, წარმატებულადაც.

დიახ, კონგრესი კარგად იყო ორგანიზებული, რაც თავისთავად დიასპორის მინისტრის ბატონ გელა დუმბაძის დამსახურებაა - წარმოდგენილი იყო უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა ფართო სპექტრი, რომლებიც საკმაოდ დიდ წარმატებას აღწევენ.

მიუხედავად ამისა, მინდა გამოვხატო ჩემი გაოცება ერთი საჩოთირო დეტალის მიმართ, რომელიც არ ვიცი, რამდენად შეიძლება ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვალოს - კონკურსის მსვლელობისას სინქრონულად არ ითარგმნებოდა აშშ-ს ელჩის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გამოსვლები, რაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ აუდიტორია ვალდებული გახადეს “დედანში“ მოესმინათ ჩვენი ევროპელი და ოკეანისგაღმელი მეგობრების კეთილი სურვილები.

ღმერთმა ქნას, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყოს, მაგრამ...

ახლა ისევ ემიგრანტებს დავუბრუნდეთ!

დიდხანს ვჭოჭმანობდი, მესაუბრა თუ არა საერთოდ ამ თემაზე. თუმცა, კინორეჟოსორ ქეთი დოლიძის ფეისბუქსტატუსმა, რომელიც საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილმა (უპირველესად ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა) გამაღიზიანებლად მიიღო და სტატუსის ავტორი „სასიამოვნო“ ეპითეტებით შეამკეს.

მე ხშირად მწვავე (მაგრამ კორექტული) რეაქცია მქონია ქალბატონ ქეთი დოლიძის პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ, მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როცა თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა დავეთანხმო - სხვა საკითხია, უფრო რბილად შეიძლებოდა თუ არა იგივე პოზიციის დაფიქსირება თანამედროვე ემიგრანტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე!..

მოვუსმინოთ თავად ქეთი დოლიძეს: „ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლისა და დევნის საშიშროების გამო იძულებით ტოვებს ქვეყანას და არა თავისი ნებით. თავისი ნებით წასულ ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.

ნოე ჟორდანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში...“

როგორც მოსალოდნელი იყო, ქეთი დოლიძის ამ თამამ, არცთუ კატეგორიულ განცხადებას ლანძღვისა და ცილისწამების ნიაღვარი მოჰყვა - პრეტენზიები არა მარტო თანამედროვე, ემიგრანტებიდან, არამედ მისი ოჯახის წევრებიდან და რიგითი მოქალაქეებიდანაც მოდიოდა.

ქალბატონ ქეთის სხვა განცხადებებსაც და საკუთარ ბიოგრაფიასაც უხსენებენ. ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი, ვინც მის სიტყვებში „არამკითხე მოამბეობასთან“ ერთად ჭეშმარიტების მარცვალიც იპოვა... არადა, პრობლემა იმდენად რთულია და იმდენად საშიშ ტენდენციებს იძენს, გაჩუმება ღალატის ტოლფასია!

ბუნებრივია, აზვირთებულ ძალასთან გამკვლავება დოლიძისთვისაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა და მან ოპონენტებს მხოლოდ ის შეახსენა, რომ იძულებითი ემიგრაცია მისი ტკივილია და მან ის სტატუსი სწორედ ტკივილითა და თანამემამულეებისადმი სიყვარულით დაწერა, რის დასტურადაც საკუთარი პიესა „დილა მშვიდობისა 100 დოლარიანო“ მოიყვანა.

როგორც რეჟისორი წერს, პიესამ პარიზში სრული ანშლაგით ჩაიარა და დარბაზში ქართველი ემიგრანტების მხრიდან ტკივილისა და სიხარულის ცრემლები იფრქვეოდა...

თუმცა, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, რომ ქეთი დოლიძეს აბობოქრებული ოპონენტების გული მოელბო - ცილისწამებების და შეურაცხყოფების ტალღა ჯერაც არ დამცხრალა.


                           გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის!

მიუხედავად იმისა, რომ ქეთი დოლიძის ფეისბუქსტატუსებს საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან ტაბუ ახსნა ქართველებისთვის მეტად საჭოჭმანო, მაგრამ სისხლხორცეულ თემას - იძულებით ემიგრაციას, რომელიც საქართველოს გროშებთან ერთად საკუთარ სამშობლოს პოტენციური დაკარგვის სახით ბუმერანგივით შეიძლება უკან დაუბრუნდეს.

მტკიცება არ უნდა, რომ თანამოქალაქეების უმეტესობამ ოჯახები და სამშობლო უკიდურესი გაჭირვების გამო დატოვა. არც ის არის საკამათო, რომ უცხო ქვეყანაში ნაშოვნმა გროშებმა თუ ათასებმა გადაარჩინა ფიზიკურად მათი ოჯახები და ახლობლები, მაგრამ არსებობს სხვა „მაგრამ“, რომელზეც თვალი არ უნდა დავხუჭოთ!

რა მაქვს მხედველობაში?

იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში ვის მოუვიდოდა აზრად, რომ ქართველი ქალები (ხაზს ვუსვამ ქალები!) სამუშაოს საძებნელად ცხრა მთას გადაივლიდნენ და ნებისმიერ შავ სამუშაოზეც დათანხმდებოდნენ, რომ ოჯახი გადაერჩინათ. მაშინ გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა, რომ შვილებს ლუკმა-პურის საშოვნელად წასული დედები მოენატრებოდათ, ხოლო ქართული ოჯახის ინსტიტუტს ბზარი გაუჩნდებოდა.

არადა, უკიდურესმა სიდუხჭირემ და მასობრივმა უმუშევრობამ ოჯახი ქალის, ხოლო, შვილები, დედის გარეშე დატოვა. ცალკე პრობლემაა საქართველოდან წასული ახალგაზრდები, რომლებიც ისე შედიან „აზარტში“ და იმდენად უჭირთ“ დაულაგებელ“ საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრიც კი, რომ... ძალიან ცოტა თუ ახერხებს ოჯახის შექმნას, რაც ასე აუცილებელია ერის გამრავლებისთვის.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ის გაუსაძლისი პირობები და მასობრივი უმუშევრობა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, წინასწარ დაგებული ხაფანგი იყო, რომელშიც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, განსაკუთრებით საქართველო, ადვილად გაება!

გავიხსენოთ, როგორ ვანადგურებდით „კომუნისტურ გადმონაშთებს“ - როგორ აგურ-აგურ ვშლიდით შენობა-ნაგებობებს, ან როგორ ვუწყობდით ხელს ჩალის ფასად ჩაეგდო ხელში მილიონიანი ქონება იგივე კომუნისტურ ნომენკლატურას, ან მათთან დაახლოებულ მაფიოზებს - როგორ „უპრაგონოდ“ მოვშალეთ ფაბრიკა-ქარხნები ქალაქებში, ხოლო,კოლმეურნეობების და საბჭოთა მეურნეობების მილიონიანი ქონება სოფლებში... როგორ ვიკვებებოდით (და დღესაც ვიკვებებით) ცრუ დაპირებებით, ვირტუალური კეთილდღეობის მოლოდინით, ათეული წლების განმავლობაში და როგორ ვეგუებოდით (დღესაც ვეგუებით) ხელისუფალთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ, როგორ „ვირწმუნეთ“, რომ ჩვენს ბედნიერ მომავალზე, ჩვენს მაგივრად სხვები იფიქრებდნენ და ჩვენ გულხალდაკრეფილი უნდა ვუყუროთ, რას გადაწყვეტენ ისინი...

დიახ,კუჭის პრობლემებს აყოლილებმა გამოსავალი არა საკუთარ თავში, არა საერთო პრობლემების გარშემო გაერთიანებაში, არამედ, ხელოვნურად თავსმოხვეული პრობლემებიდან გაქცევაში ვიპოვეთ. ასე და ამგვარად, იცლება საქართველო!

სამწუხაროდ, ყველაფერი იმ სცენარით მიდის, რა სცენარიც წინასწარ დაიწერა - შედეგიც თითქმის მიღწეულია - საქართველომ ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი დაკარგა (ღმერთმა ქნას, დროებით!)  - ის რესურსი, რომლის სწორად და გონივრულად გამოყენება ქვეყანას ფეხზე დააყენებდა!

უბრალო სტატისტიკა: საქართველოდან ბოლო ოცი წლის მანძილზე მილიონ 700 ათასამდე ადამიანი გავიდა, მათ შორის, უმრავლესობა ახალგაზრდები და ოჯახის ქალები (დედები) არიან... ეს კი სწორედ ის კატეგორიაა, ვინც უნდა ამრავლოს ქვეყანა, ვინც ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი თაობების ჩამოყალიბებას!

აბა გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად ვაღიაროთ: რამდენმა ოჯახმა დაკარგა ის ტრადიციული სიმყარე, რომლითაც ყოველთვის გამოირჩეოდა  საქართველო, რამდენ ახალგაზრდას, დედის კალთა მოკლებულს, დააკლდა ის სითბო და მზრუნველობა, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი თაობების ჩამოსაყალიბებლად!..

მე ენა არ მიბრუნდება გამომწვევად ვისაუბრო იმ ადამიანებზე - თანამედროვე ემიგრანტებზე, რომლებიც ფიზიკური გადარჩენის მოტივით იძულებული გახდნენ საკუთარი სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ.

აქსიომაა, რომ ადამიანის დანიშნულება მარტო ფიზიკური ცხოვრების გახანგრძლივებაში არ გამოიხატება - მას სხვა მისიაც აკისრია და ეს მისია განსაკუთრებულად მწვავედ იჩენს თავს ქართველებში  მცირერიცხოვნობის და სხვა გამორჩეული თვისებების გამო!

... ის, რომ საქართველოში კატასტროფული უმუშევრობაა, მარტო ხელისუფლების ბრალი არ არის - ნებისმიერი ხელისუფლება იმ დაკვეთას ასრულებს, რასაც ჩვენ, საზოგადოება  ვუკვეთავთ. ჩვენ კი,  როგორც ზემოთ ვთქვი, ჯერ იყო და საკუთარი ხელით მოვსპეთ და გავანადგურეთ კომუნისტური მემკვიდრეობით მიღებული „ავლადიდება“, შემდეგ კი ხელისუფლებას იმის უფლება მივეცით, რომ თვითონ გალაღებულად ეცხოვრა, ხალხი კი მათხოვრებად ექცია - ნაცვლად იმისა, რომ მემკვიდრეობით მიღებული „ავლადიდება“ დაგვეცვა და თანამედროვე რელსებზე გადაგვეყვანა, ყველაფერი ქარს გავატანეთ და მწარე რეალობით შეშინებულებმა გამოსავალი გაქცევაში ვიპოვეთ!

აქ არ ვგულისხმობ იმ თანამემამულეებს, ვინც საკუთარი ინტელექტუალური რესურსების მობილიზება შეძლო და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

მხოლოდ ტკივილით შეიძლება იმ ადამიანებზე საუბარი (ცხადია, ისინი უმრავლესობაში არიან), ვისაც საკუთარი პროფესიის დათმობა ნებისმიერი სამუშაოს ფასად მოუწია!..

ხშირად ვამბობთ, რომ ემიგრანტებმა საქართველო მატერიალურად გადაარჩინეს! ერთი შეხედვით ნამდვილად ასეა, მაგრამ, რა იქნება საბოლოო შედეგი? როდემდე შეძლებენ ისინი თოვლის ბაბუა-სანტა კლაუსებად  მოევლინონ საკუთარ ოჯახებს?!
ასევე, უპრიანია დავსვათ კითხვა: რა პერსპექტივა აქვთ მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და რა ემუქრებათ მათი კმაყოფის გარეშე დარჩენილებს?!

არა მგონია, უახლოეს წლებში რძის მდინარეებმა იდინოს საქართველოში და სამუშაო ადგილებიც ასარჩევად გვქონდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ მიერ სიმწრით ნაშოვნი გროშები უკვე „ათვისებულია“, ხოლო ინვესტიციებისთვის (იგულისხმება მცირე მეწარმეობა) საჭირო დანაზოგი არ არის, პერსპექტივა იმაზე უფრო მწარე იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია!

თუ ბოლო ოცი წლის მანძილზე ქვეყნიდან გასული თანამოქალაქეების განწყობით ვიმსჯელებთ, ისინი „დაულაგებელ“ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ („რა უნდა ვაკეთოთ?!“) პირიქით, დღესაც ბევრია გასაქცევად გამზადებულთა რიცხვი!..

რა გამოდის- ჩვენს მიერ ჩვენივე ხელშეწყობით თუ უმოქმედობით შექმნილ პრობლემებს გავურბივართ და გამოსავალს ამ პრობლემებისგან გაქცევაში (და არა ერთად ყოფნაში და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების მოყვანაში) ვხედავთ.

არადა, გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის! მითუმეტეს, საკუთარი თავისგან, - საკუთარი სამშობლოსგან გაქცევა შეუძლებელია!!!

P.S. ისე, არავინ გამიგოს, მე ქეთი დოლიძეს დამცველად მოვევლინე. თუმცა, ამ თემაზე ღია დისკუსიის დაწყება საჭიროდ და გადაუდებლად მიმაჩნია. ნაკლებად მაინტერესებს, ჩემს ნათქვამს ვინ როგორ გაიგებს და რა ეპითეტებით შემამკობს...

პრობლემა საკმაოდ მწვავეა და იგი ქართველი ერის ყოფნა-არყოფნას უკავშირდება. დუმილი  დანაშაულის ტოლფასია!

ზაურ ნაჭყებია