Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
20-11-2012, 15:13
ნანახია: 2828

“მიეცით კეისარს კეისრისა” და არც ოქრუაშვილი დაგავიწყდეთ!

“ირაკლი ოქრუაშვილს სურს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.... მას სურს საქართველოში დაბრუნებულმა საპატიმროდან გააგრძოლოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა”, _ ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.


კარგია ირაკლი ოქრუაშვილი ამდენწლიანი “იძულებითი” პატიმრობის შემდეგ საქართველოში რომ ჩამოვიდა, რათა თავისი “უდანაშაულობა” დაამტკიცოს.


ჯერ ერთი, ამდენი ხნის განშორების შემდეგ მონატრებულ ქართულ ჰაერსაც ჩაყლაპავს, მეორეც, იმდენ შოკისმომგვრელ ფაქტებს დადებს “ნაციონალებზე”, რომ შეიძლება საზოგადოებას მიღებული შოკიდან გამოსვლაც გაუჭირდეს!


ოქრუაშვილის დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. იმედია, აწი მაინც პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, ანუ “ჯიბის სასამართლო” არ გვეყოლება, მაგრამ ქართულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოების დაკვეთა აუცილებლად უნდა შეასრულოს _ მან ყველა დამნაშავეს საკადრისი უნდა მიუზღოს!


თუ თვალს გადავავლებთ “ნაციონალური” ხელისუფლების ზეობის პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილს პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მივანიჭეთ, ის ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რაც მის სახელს უკავშირდება!


საზოგადოებას კარგად ახსოვს “მრისხანე” გენპროკურორი და “მრისხანე” შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმციას და თავი დაგვამახსოვრა გახმაურებული ტელედაჭერებით. სხვათაშორის, საკმაოდ “ორიგინალური” იყო იგი შიდა ქართლის გუბერნატორის “კომუფლიაჟში”, როცა პირველი შეტევა ბორდელად ქცეულ კერძო სასტუმროზე მიიტანა და ამით საკუთარი ხელწერაც აჩვენა. ოქრუაშვილი, როგორც სააკაშვილის “ხელის ბიჭი” და მეგობარი, შევარდნაძის ხელისუფლებაშიც გამოირჩეოდა თავისი თავნებობითა და უხეშობით. ამის დასტურად შევარდნაძისდროინელ ავტოინსპექტორთან კონფლიქტიც კმარა, როცა იგი  ავტოინსპექტორის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და თავისი უპირატესობა ფიზიკური შეურაცხყოფით დაამტკიცა.


ოქრუაშვილმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებაში. მის კისერზეა ასეულობით უკანონოდ “შეკერილი” საქმე. ლეგენდებს ყვებოდნენ იმ უკანონო დავალებებზე, რომელსაც მაშინდელი მოსამართლეები იღებდნენ მაშინდელი გენპროკურორისგან. სწორედ მისი გენპროკურორობის პერიოდს უკავშირდება კერძო ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება-გადაფორმების პროცესის დაწყება, რომელმაც შემდგომ სისტემატიური ხასიათი მიიღო.


იგი ოდიოზური ფიგურა იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის პოსტზე ყოფნის პერიოდშიც. იმდენად “დამოუკიდებლად” და თავდაჯერებულად გრძნობდა თავს თავდაცვის მინისტრის ამპლუაში, რომ სახიფათო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდებოდა. ჯერ იყო და რუსებს ქართული ღვინის ნაცვლად ფეკალური მასა შესთავაზა, რასაც ბუნებრივია, სათანადო რეაქციაც მოჰყვა, მერე კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებით “იბრიქებოდა” და გვაიმედებდა, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებიო. არადა, მისი მხრიდან ეს არა მარტო გააზრებული თავხედობა, არამედ სახელმწიფო ინტერესების სრული იგნორირებაც იყო. სხვათაშორის, აღნიშნულთან დაკავშირებით ადექვატური იყო როგორც რუსეთის, ისე ქართული საზოგადოების რეაქცია _ ყველა ხვდებოდა, რომ ოქრუაშვილი ან თავისი ძლევამოსილების დემონსტრირებას ახდენდა და დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა, ან მისი სიტყვები სააკაშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ისახავდა მიზნად. ორივე შემთხვევაში ოქრუაშვილის საქციელი საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ სააკაშვილთან ღიად დაპირისპირების შემდეგაც იგივე საზოგადოების სიმპათია ვერ დაიმსახურა.


სხვათაშორის, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მან საკმაოდ სოლიდური კაპიტალიც დააგროვა და იმ დონემდე გაძლიერდა, რომ უკვე საფრთხეს თავად სააკაშვილს უქმნიდა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მისი განეიტრალების აუცილებლობა, რომელიც სააკაშვილმა შეასრულა კიდეც.


ცალკე საუბრის თემაა ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენებები, რომელმაც მრისხანე და ძლევამოსილი “გენერალი” საკმაოდ მორჩილ და მონანიე პერსონად აქცია. ცხადია, ეს მისივე შექმნილი და მისივე გაძლიერებული ციხიდან თავდაღწევისთვის დასჭირდა, მაგრამ საზოგადოებამ მაინც ისე აღიქვა, როგორც ამას თავად ოქრუაშვილი იმსახურებდა.
ასევე ცალკე საუბრის თემაა ოქრუაშვილის პოლიტიკური რევანში, ანუ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა “დაემთავრებინა” სააკაშვილის ხელისუფლება. იმდენი იძახა ოქრუაშვილმა “მოვდივარ, მოვდივარო!", “ცრუ”-სი არ იყოს, უკვე არავის სჯეროდა, რომ ოქრუაშვილი ამ დანაპირებს შეასრულებდა და სააკაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვებდა. მეტსაც ვიტყვი: იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ოქრუაშვილი საზოგადოებისთვის, მას უკვე მისი ხელით დამარცხებული “ნაციონალებიც” აღარ აინტერესებდა.


ასეა თუ ისე, ოქრუაშვილი საქართველოშია და როგორც თვითონ აცხადებს, საპატიმროდან შეეცდება თავისი “ სიმართლე დაამტკიცოს”. არ ვიცი, რომელ სიმართლეზეა საუბარი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ოქრუაშვილის ჩამოსვლა დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებშიც შედის _ ვის, ვის და მას ნამდვილად არ გაუჭირდება ქართული მართლმსაჯულება სათანადოდ ჩაახედოს “ნაციონალურ” ლაბირინთებში და სააკაშვილის და სხვა მისი მაღალჩინოსნების ნამდვილი სახე დაგვანახოს.


ეს, რა თქმა უნდა, ურიგო არ არის, მაგრამ, სადაც სამართლიანობაა, ოქრუაშვილის ქმედებებსაც უნდა დაერქვას თავისი სახელი, რომ მან მკვდრეთით აღდგომა არ მოინდომოს და ისევ თავისი “ვაჟკაცობით” არ გაგვაოცოს!


ვნახოთ, საით გადაიწონება ახალი მთავრობის მართლმსაჯულების პინა და რამდენად დამკვიდრდება სამართლიანობის განცდა საზოგადოებაში.


აქვე მინდა, ერთი მოკრძალებული რჩევა მივცე ახალ ხელისუფლებას! “მიეცით კეისარს კეისრისა” და არც ოქრუაშვილი დაგავიწყდეთ!


ზაურ ნაჭყებია