Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
10-11-2015, 12:05
ნანახია: 553

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენმა თაობამ ქალთა დისკრიმინაცია უნდა დაამარცხოს!

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2015 წელი წყალგამყოფი წელია გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

 

"ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ თბილისში ამ კონფერენციაზე, რათა დავადასტუროთ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვისკენ ჩვენი ერთობლივი სწრაფვა, როგორც მდგრადი განვითარების განუყოფელი ნაწილი. 2015 წელი წყალგამყოფი წელია გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. სწორედ ამ კონტექსტში წარმოიშვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, ემასპინძლა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციისთვის - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში". კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა, პარლამენტართა, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო სფეროში მოღვაწეთა შეკრება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად. მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური განსხვავებებისა, მჯერა, რომ ქალთა კეთილდღეობა და გაძლიერება თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს და არის თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კონფერენცია იქნება კარგი პლატფორმა დიალოგისათვის საერთო მიზნის - გენდერული თანასწორობის - მისაღწევად საჭირო გზებისა და შესაძლებლობების განსახილველად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მისი თქმით, კარგად აქვს გააზრებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და ზოგადად, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხების მნიშვნელობა, მათ შორის, გოგონათა და ქალთა ცხოვრების შესაცვლელად შემუშავებული ჩარჩო-პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტები.

 

"ქვეყნები, რომელთაც დემოკრატიული განვითარება სურთ, ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ყველა ადამიანის საზოგადოებრივ ჩართულობაზე განურჩევლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილ და თანასწორ ჩართულობაზე. ამ ხედვას განურჩევლად სქესისა, ჩვენი მთავრობის ყველა წევრი იზიარებს. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ სრული გენდერული თანასწორობისა და მსოფლიოში ქალთა მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავი რეალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით საქართველომ მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა, პოლიტიკის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა და აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.

 

"ჩვენ მზად ვართ, ამ სულისკვეთებით განვაგრძოთ რეფორმების გატარება და გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გენდერულ იდენტობაზე, ქალთა უფლებებზე და გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლა დაასრულა ნელსონ მანდელას სიტყვებით: "როცა მოძველებული აზროვნება ხელს უშლის ქალთა მიერ საზოგადოებაში წვლილის შეტანას, პროგრესი უმნიშვნელოა. როდესაც ერი უარყოფს საკუთარი საზოგადოების ნახევარზე მეტის თანაბარ როლს, ის განწირულია წარუმატებლობისთვის".