ნანა კაკაბაძე:როდესაც უდანაშაულო ადამიანებს აწამებდნენ, თქვენი შეშფოთებული ხმები არ ისმოდა

ნანა კაკაბაძე:როდესაც უდანაშაულო ადამიანებს აწამებდნენ, თქვენი შეშფოთებული ხმები არ ისმოდა

"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებს, "ფრიდომ ჰაუსსა" და საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებაზე მზრუნველ ყველა ორგანიზაციას მიმართვას უგზავნის. ნანა კაკაბაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ყურადღებით გავეცანით შეშფოთებულ კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ განცხადებებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ "2015 წლის 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით".

 

როდესაც საქართველოში ხელისუფლების მიერ ყოველგვარი სასამართლო განხილვებისგარეშე, უხეში ძალადობითა და სისხლიანი მეთოდებით იხურებოდა ტელეკომპანიებ ი("იბერია", "202", "იმედი"...); როდესაც უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესების გამო უკანონოდ აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ასამართლებდნენ, თქვენი შეშფოთებული ხმები არ ისმოდა; თქვენი შეშფოთება არც მაშინ გაგვიგონია, როდესაც პატიმართა საშუალო რაოდენობით საქართველო ლიდერობდა მსოფლიოში; როდესაც ქვეყანაში სასამართლო გადაქცეული იყო ბიუჯეტის შევსებისა და რეპრესირების ინსტრუმენტად, სწორედ მაშინ თქვენ და თქვენი წინამორბედები ასეთ რეჟიმს "დემოკრატიის შუქურასა" და "სამაგალითო დემოკრატიას" ეძახდით. დღესაც კი, როდესაც თვითონ იმ ხელისუფლების მიერ გადაღებული ათასობით ვიდეომასალა უტყუარად ამტკიცებს მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, თქვენ კითხვები გიჩნდებათ არა ამის ჩამდენი ხელისუფლების, არამედ შემზარავ დანაშაულთა სააშკარაოზე გამომტანების მიმართ. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტები? ამიტომ თქვენს კოლექტიურ განცხადებებში დაფიქსირებულ თავისთავად სწორ და მოხდენილ ფრაზებს ("მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია"; "დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს"; "ყველა პოლიტიკურმა პირმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს"; "მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია" და ა. შ.) ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალზე გულგრილად და უნდობლად ხვდება, რადგან, რეალობიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ეს ფრაზები და მათში გამოხატული პოზიცია არაგულწრფელი და ყალბია. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ ხდება ასეთი "შეშფოთებულ-აღშფოთებული" ტექსტების შედგენის ორგანიზება და სინამდვილეში ვის ოფისებში იწერება ამ ტექსტების მონახაზები.

 

თქვენ არ გსურთ  გაიგოთ, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტებით, ანტიდემოკრატიული ძალის დემოკრატიულად წარმოჩენითა და მისი უპირობო მხარდაჭერით მხოლოდ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობთ ხელს საქართველოში. თქვენ ცდილობთ ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ დასავლური ღირებულებები სწორედ ის არის, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება თითქმის 10-წლიანი მმართველობის პერიოდში ნერგავდა ჩვენს ქვეყანაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ პირდაპირ თუ ირიბად გვიმტკიცებთ, რომ სწორედ დასავლური ღირებულებები იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მისი მმართველობის პერიოდში არსებული ერთპარტიული პარლამენტი, სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია, ნებისმიერი ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნა, დაშინებებისა და მოსყიდვების გზით არჩევნების ტოტალური გაყალბებები, მოქალაქეებისათვის ქონების უკანონო ჩამორთმევა და ბიზნესის სახელისუფლებო მონოპოლიზაცია, პოლიციური სახელმწიფოს მოდელის შექმნა თავისი უკანონო მოსმენებით, უკანონო დაპატიმრებებით, პატიმართა მასობრივი ცემა-წამებითა და უსამართლო სასამართლოს არსებობით. თქვენი ასეთი პოლიტიკის, პარტიულ-პროპაგანდისტული ტელევიზია "რუსთავი 2"-ის დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის ერთადერთ წარმომადგენლად გასაღებითა და ამ ტელევიზიის ბედზე ზრუნვით "შეშფოთებულ-აღშფოთებული" განცხადებების შედეგია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ერთი ნაწილი თვლის, რომ "დემოკრატიული ფასეულობებიც", "სიტყვის თავისუფლებაცა" და "სასამართლოს დამოუკიდებლობაც" თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებელი დეკლარირებული ღირებულებებია, ხოლო მეორე, შედარებით გაუთვითცნობიერებელი ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლური ცხოვრების წესი სწორედ ის არის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა საქართველოში. ორივე შემთხვევაში ეს მხოლოდ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას იწვევს ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც საბჭოეთის ცხოვრებაგამოვლილმა ხალხმა კარგად იცის, რომ ლამაზ სიტყვებს, ლოზუნგებსა და დეკლარაციებს არანაკლებ ჭარბად და ეფექტურად იყენებდნენ კომუნისტებიც, მაგრამ მათი ქმედებები მათივე ლოზუნგებისა და დეკლარაციების სრულიად საპირისპირო იყო. თქვენი სიტყვები და საქმეები ხშირად ისევე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ეს კომუნისტების შემთხვევაში იყო.

 

ყოველივე ამის შემდეგ რჩება იმის განცდა, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავისი მენტალობით, ცხოვრების წესითა და მისწრაფებებით გაცილებით უფრო ახლოსაა დასავლურ ღირებულებებთან, ვიდრე თქვენი თვალთმაქცური, ყალბი და არაგულწრფელი პოზიციები. რასაკვირველია, პარტიულ-პროპაგანდისტულ ტელევიზიასაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ასეთი ტელევიზიის გამოცხადება "დამოუკიდებელ" საინფორმაციო საშუალებად და "თავისუფალი სიტყვის" ერთადერთ დამცველად ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი ყველა სხვა ტელევიზია არც თავისუფალია, არც დამოუკიდებელი და არც კრიტიკული, ანუ ყველა მათგანზე ხელისუფლება ინარჩუნებს ზეგავლენას. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თქვენ მიერ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოდ მონათლული პარტიულ-პროპაგანდისტული ტელევიზია "რუსთავი-2" "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არაერთხელ იყო წართმეული და სწორედ მისი კანონიერი მფლობელის დასადგენად მიმდინარე დავას იხილავს დღეს სასამართლო.

 

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ თქვენი კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადებები სწორედ ამ დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული და მიზნად ისახავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღოს არა კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, არამედ თქვენი დაკვეთის შესაბამისიპოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს კი თავისთავად ეწინააღმდეგება თქვენივე განცხადებაში დეკლარირებულ იმ მიზანს, რომ "ყველა პოლიტიკურმა პირმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს".

 

ჩვენი მოთხოვნა სწორედ ისაა, რომ თქვენ თვითონაც გაითვალისწინოთ თქვენსავე წინადადებაში დაფიქსირებული ეს სწორი დებულებები და მოწოდებები", - ნათქვამია ნანა კაკაბაძის განცხადებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: