რატომ შეხვდა თინათინ ხიდაშელი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰარჯიტ საჯანს?

რატომ  შეხვდა თინათინ ხიდაშელი  კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰარჯიტ საჯანს?

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰარჯიტ საჯანს შეხვდა. 

 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მან  კანადელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს.  ხიდაშელის განცხადებით, უელსის პაკეტის წარმატებით განხორციელება თავდაცვის უწყების პრიორიტეტია. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრ 20 ქვეყანასთან ერთად, ამ პროცესში კანადა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

 

თინათინ ხიდაშელმა  ჰარჯიტ საჯანს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში (MTCP) საქართველოს მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობის ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება.

 

„კანადის თავდაცვის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა არჩევნების შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ფაზაში, როდესაც ის ეცნობა პარტნიორებს, გვქონდა შესაძლებლობა პირისპირ გვესაუბრა. დეტალებში გავიარეთ ის ფორმატები, რომელიც არსებობს საქართველო-ნატოს და საქართველო-ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კანადისგან, გაგრძელდეს და შეუქცევადი პროცესი იყოს, რაზეც შესაბამისი პირობაც მივიღეთ. ვთხოვეთ საქართველოში ჩამობრძანება მომავალ წელს, ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნის სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში. ვფიქრობ, პარტნიორების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა თბილისიდან ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებში კანადის მეტად გააქტიურებაზე, მათ შორის პროფესიული განვითარების სკოლის შექმნის ფარგლებში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და მომავალ წელს უნდა გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: