როგორ გაახარა ბათუმის მერმა გიორგობაზე თანამშრომლები?

როგორ გაახარა ბათუმის მერმა გიორგობაზე თანამშრომლები?

ბათუმის მერიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიები გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.


პრემიების გაცემის ფაქტს სააგენტოსთან საუბარში  ბათუმის მერი ადასტურებს.


"საერთოდ, საპრემიო სისტემა კანონით დაშვებულია. ეს წინასწარ ბიუჯეტში დამტკიცებული მომენტია. ინტენსიური მუშაობა იყო - მერიის ცალკეული თანამშრომლები, მერის ჩათვლით, ღამის ათამდე, თორმეტამდე, უფრო გვიანობამდეც სამუშაო გარემოში იყვნენ, ამიტომ პრემიების გაცემა ჩვეულებრივი მოვლენაა. ბოლო პერიოდში თითქოს პრობლემა შეიქმნა, რომ მერიამ ერთი მილიონი ლარით გაზარდა სახელფასო და საპრემიო ფონდი. უნდა გითხრათ, რომ დღეს ქვეყანაში დაიწყო ცალკეულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით პრემიების გაცემა და ჩვენც იძულებულები ვიყავით, რომ ამ პრინციპით მოგვეხდინა პრემიების გაცემა. ვაპირებთ, რომ გიორგობასთან დაკავშირებითაც გარკვეული წამახალისებელი პრემიები გავცეთ", - ამბობს ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე.


კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა ყოველთვიური პრემია მერსა და მის მოადგილეებს 500 ლარის ოდენობით, ქალაქის პირველი პირი გვპასუხობს, რომ საქმეებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური სამუშაო იყო მეტი და პრემიების გაცემაც ამიტომ ხდებოდა: "ანუ როცა ადმინისტრაციის უფროსი უფრო მეტს იღებდა, ვიდრე მერი, ეს იყო იმის დასტური, რომ ის უფრო მეტს მუშაობდა და ეს არ იყო თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე", - აცხადებს ანანიძე.


ბათუმის მერი და მისი ოთხი მოადგილე ყოველთვიურად პრემიის სახით 500 ლარს, ხოლო მერიის ადმინისტრაციის უფროსი 750 ლარს იღებდა. კვარტალურად მერიის მაღალი ეშელონების საჯარო მოხელეები ხელფასის 100%-ის ოდენობით პრემიას იღებდნენ, ხოლო სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე - ხელფასის ნახევარი ოდენობის პრემიებს.
ბათუმის მერიის წლიური სახელფასო ფონდი 6 მილიონ 147 ათასი ლარია. მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით მერიის თანამშრომელთა ხელფასების ზრდისა და პრემიებისათვის 887 ათასი ლარი გამოიყო.


გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ყველა თანამშრომელს პრემია დაერიცხება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: