Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
24-06-2016, 21:23
ნანახია: 1667

მიხეილ ჯიბუტი:  „ჩვეულებრივი ადამიანების“ რევოლუცია დიდ ბრიტანეთში და საქართველო

23 ივნისი 2016 წელი - ეს თარიღი ისტორიაში უკვე შევიდა.

ამ დღეს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე (სახელწოდებით: Brexit) თანაფარდობით 51,9%:48,1% მხარი დაუჭირა ევროპის კავშირიდან გამოსვლას.

ამ დღეს ევროკავშირში შემავალი წევრების რაოდენობა პირველად შემცირდა: 28-1=27. დარჩენილი 27 ქვეყნის გამოწვევა უზარმაზარია.

ამ დღეს დაირღვა მსოფლიოში არსებული პოლიტეკონომიური წესრიგი - დაირღვა დემოკრატიული პროცედურებით, თუმცა მსოფლიო პოლიტიკური მიწის ძვრის ეფექტით.

ეს რეფერენდუმი იყო გლობალიზაციის წინააღმდეგ პირველი წარმატებული „რევოლუცია“.

ეს „რევოლუცია“ მოახდინა „ჩვეულებრივმა“ ადამიანებმა (საქართველოს მთავრობის წევრების - „არაჩვეულებრივი ადამიანების“ საყურადღებოდ). დიდი ბრიტანეთის „საშუალო კლასმა“, „უფულო ხალხმა“, „სოფლელებმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ გადაწყვეტილებაში (ლონდონი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია მხარს არ უჭერდა). ეს გადაწყვეტილება პატრიოტიზმსა და ბრიუსელის მიერ ნაციონალური უფლებების შეზღუდვებისადმი პროტესტს დაეფუძნა.

ამ დღეს ბრიტანეთში შეშინების პოლიტიკა (დაშინება იმ მოსალოდნელი შედეგებით თუ რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერდა მხარს) - ჩავარდა!

რაც მოხდა, როგორც ამბობენ, მოხდა!

თუმცა აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის შედეგების შემდეგ რა მოქმედება უნდა განხორციელდეს არ იცის არც ერთმა პოლიტიკურმა მხარემ. არ ვიცით რა იქნება - ამბობს მოქმედი მთავრობა. მათი ოპონენტები (გამარჯვებულები) ამბობენ, რომ არც მათ იციან, თუმცა გრძნობენ რომ ყველაფერი კარგად იქნება (ისტორიის მობრუნება შეუძლია დედოფალს, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, თუმცა ეს ვარიანტი ჯერ არავის არ დაუშვია).

აღმოჩნდა, რომ ევროკავშირიდან გასვლის სცენარს არ ელოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

 რა მოხდება არავინ არ იცის.  შეიქმნა გლობალური გაურკვევლობა.

ამან უკვე გამოიწვია ცვლილებები სავალუტო ბაზარზე, ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე, ნავთობის ფასებზე და ა.შ.

ეს ისეთი მაშტაბის მოვლენაა, რომ მას ექნება გლობალური ხასიათი და აისახება ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ცხოვრებაში.

როგორი გავლენა ექნება ამ ფაქტს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისათვის დრო აჩვენებს.

თუმცა შეცდომა იქნება გულზე ხელების დაწყობა და ბედს მინდობა.

რაში მდგომარეობს უმთავრესი საფრთხე საქართველოსათვის?

საქართველოს მეგობრებს მოკლე და საშუალო პარიოდისათვის არ ეცლებათ საქართველოს პრობლემებისათვის.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი „ჩაეფლოს“ საკუთარ პრობლემების გადაწყვეტაში და შეამციროს, ან სულაც შეკვეცოს ბევრი აქტივობა მის ფარგლებს გარეთ. უკვე გაისმის ხმები ევროკავშირში ახალი წევრების მიღების შეჩერების, სისტემური რეფორმირების განსახორციელებლად.

ყველაფერ ამას დიდი დრო დაჭირდება. მარტო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები მინიმუმ ორი წელი გაგრძელდება. რადგანაც გასვლის პრეცენდენტი მეტი არ ყოფილა და პროცედურები შემუშავებული არაა. არის იმის ვარაუდიც, რომ ყველაფერ ამას შეიძლება 6-7 წელიც კი დაჭირდეს.

საქართველო, საქართველოს ეკონომიკა შეიძლება დარჩეს თავის თავთან.

საქართველოს ყველაზე რთული გამოწვევები ელის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებულ სფეროებში. დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება საბანკო და ფულად-სავალუტო სისტემა.

ლარის კურსი 25 ივნისისათვის დაცემას განაგრძობს და 1 აშშ დოლარი= 2.2941 ლარს.

ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკით მთლიანად შთანთქმულია საბანკო სექტორის მიერ (2015 წლიდან) და ქვეყნის ეკონომიკა მოკლებულია ამ მექანიზმსა და საშუალებას გაიგოს თუ რა ხდება ეკონომიკაში. ირიბად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკისა და TBC ბანკის აქციების ფასებით თუ ვიმსჯელებთ (საქართველოს ბანკის აქციების ფასი დაეცა  6,5%-ით, ხოლო TBC ბანკის აქციებისა 4,81%-ით), ცხადია დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

სრული და გლობალური გაურკვევლობის პირობებში საქართველოს ხელისუფლება უნდა გადავიდეს „ხელით მართვაზე“, როდესაც შემუშავებული იქნება პროცესების განვითარების მრავალსცენარიანი ვარიანტები შესაბამისი მოქმედების მექანიზმებით.აუცილებელია განხორციელდეს კომპლექსური და სისტემური სოციალური და ეკონომიკური რეფორმები. უარი უნდა ითქვას კონტექსტიდან ამოგლეჯილ ქმედებებზე, რომლებიც ეფუძნებიან სოციალურ-ეკონომიკური პროცესებისადმი პრიმიტიულ, არამეცნიერულ მიდგომებსა და არაფორმალურ გადაწყვეტილებებს მსგავსად ე.წ. კვირიკაშვილის ოთხპუნქტიანი რეფორმისა.

ხელისუფლებაში ამის ინტელექტუალური პოტენციალის არსებობა ,მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება. მინიმუმ რაც შეუძლია მას გააკეთოს- ესაა გამოამჟღავნოს სურვილი და პოლიტიკური ნება ამისათვის და მოახდინოს საქართველოში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდაცია და გადაუდებლად დაიწყოს ამ მიმართულებით მოქმედება არსებული ინსტიტუციური სტრუქტურის ფარგლებში ან შექმნას ამისათვის ერთიანი ეროვნული ფორუმი.

ყველაფერ ამას მაშინ ექნება შედეგი თუ უარი ითქმება საქართველოში არსებული არაფორმალური მმართველობის მოდელზე და მოხდება მისი ინსტიტუციონილიზაცია.

„ჩვეულებრივი ქართველები“ ითხოვენ ამ მოქმედებას ხელისუფლებისაგან!