Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
15-12-2017, 13:03
ნანახია: 1664

მიხეილ ჯიბუტი: ქართული უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე „ბოლშევიკური“ დუმილით!

დღეს - 2017 წლის 15 დეკემბერს  შესრულდა  პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წელი!

 

1917 წლის 15 დეკემბერს (ძველი სტილით 2 დეკემბერს)  ამიერკავკასიის კომისარიატმა ივანე ჯავახიშვილის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ქართული უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე.

 

ეს იყო დიდი ივანე ჯავახიშვილის თავკაცობით ქართული საქმის გამარჯვება!

 

თუმცა, სანახევროდ.

 

პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა, როგორც კერძო უნივერსიტეტი და როგორც ყოველი „კერძო“, ისიც შებოჭილი იყო საყოველთაობისგან, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების აღქმაში მაინც.

 

ივანე ჯავახიშვილის მიზანი იყო ქართული უნივერსიტეტის, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება. ამაში ის აზრიც იდო, რომ ქართული ენა, ქართული სწავლება და მეცნიერება სახელმწიფო რანგში ყოფილიყო აყვანილი!

 

(აქედან კარგად ჩანს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების მულღანზანზარის ენაზე გადაყვანა, თუნდაც ცალკეული ჯგუფებისა და პროგრამების სახით, ეწინააღმდეგება ივანე ჯავახიშვილისა და ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას. რისთვისაც თავის დროზე იქნა გაკრიტიკებული ქართველი ერის ბუმბერაზი შვილები - ნიკო მარი და ნიკო ნიკოლაძე - რომელთაგანაც პირველი  არაქართული უნივერსიტეტის, ხოლო მეორე უნივერსიტეტის ნაცვლად პოლიტექნიკური ინსიტუტის გახსნის მომხრე იყო).

 

თბილისის უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი 1918 წლის 16 სექტემბერს მიენიჭა (ძველი სტილით 3 სექტემბერს) -  1918 წ 26 მაისს  შექმნილი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს -საქართველოს რესპუბლიკის ახალი სოციალ-დემოკრატიული („მენშევიკების“) ხელისუფლების მიერ.

 

დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 16 სექტემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნილი 1917 წლის 15 დეკემბერს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეა.

 

„ბოლშევიკებს“ (კომუნისტურ პარტიას) , რომლებმაც ხელისუფლება საქართველოში 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ დაამყარეს,  „არ ემეტებოდათ“ ქართული უნივერსიტეტის დაარსების პატივი არც „მენშევიკებისთვის“ და არც, მით უმეტეს,ამიერკავკასიის კომისარიატისთვის, ამიტომ ისტორია „შეკრიჭეს“.

 

ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა 1917 წლის 11 ნოემბერს თბილისში, როგორც სამხრეთ კავკასიის მმართველობა კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე,  საქართველოს სოციალ-დემოკრატების (“მენშევიკები“), სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ , როგორც რეაქცია რუსეთში 7 ნოემბერს ბოლშევიკების მიერ დროებითი მთავრობის დამხობაზე („დიდი ოქტომბრის რევოლუციაზე“), რომელმაც უარყო ყოველგვარი კავშირი  „ბოლშევიკების“ საბჭოთა რუსეთთან.

 

აღნიშნული მიზეზების გამო, უნივერსიტეტის „დაარსება“ გაიგივდა მის „გახსნასთან“, თავისთავად უმნიშვნელოვანეს თარიღთან, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ მიზნით - რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება არც ერთი მნიშვნელობით არ ყოფილიყო დაკავშირებული არც ამიერკავკასიის კომისარიატთან და არც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოსთან!! პიროვნულად (სიმბოლურად) ეს იყო ფილიპე მახარაძის პოზიცია ევგენი გეგეჭკორისა და ნოე ჟორდანიას საქმეების დასაკნინებლად.

 

სულ ახლახან, 2017 წლის 17 ნოემბერს , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი საერთაშორისო კონფერენციის - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“- მისალმებისას თსუ რექტორმა ბატონმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის დაარსების 100 წელი 2017 წელს სრულდება. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თარიღის, როგორც „ბოლშევიკური“ ისტორიოგრაფიის მსხვერპლის, რეაბილიტაცია არ მომხდარა!

 

ამას ადასტურებს დღევანდელი „ბოლშევიკური დუმილიც“!!!!!

 

ქართული უნივერსიტეტის იუბილეს, მისი დაარსების 100 წლისთავს , როგორც თავის დროზე ქართული ათასწლოვანი განათლებისა და მეცნიერების აღგენისა, დღეს - ქართული განათლებისა და მეცნიერების გადარჩენისთვის ბრძოლისა და სამომავლოს -ქართული განათლებისა და მეცნიერების გაბრწყინების, სიმბოლოსა და იმედს.

 

გაუმარჯოს ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ქართველ პროფესორ -მასწავლებლებს, ქართველ მეცნიერებს, ქართული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ყველა ამაგდარს, მოსამსახურესა და მონაწილეს!!!!! 

 

რედაქციისგან: უფრო მეტი სიცხადისთვის აქვე  ვურთავთ სხვადასხვა დროს „ივერიონში“ გამოქვეყნებულ ავტორისეულ პუბლიკაციებს აღნიშნულ საკითხზე.

 

2016 წელი

 

 

 

მიხეილ ჯიბუტი: როდის დაარსდა თსუ, ანუ, გილოცავთ „ცოდნის ტაძრის“ დაარსების 99-ე წლისთავს!

 

 

 

http://iverioni.com.ge/16293-mikheil-jibuti-rodis-daarsda-thsu-anu-gilocavth-codnis-tadzris-daarsebis-99-e-tslisthavs.html

15-12-2016, 10:59

ნანახია: 1145

 

სათაურის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობის პირველი რეაქცია იქნება დაეჭვება: „კი მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხომ 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) დაარსდა?“. ამდენად, „სათაურში არც თარიღია სწორი და არც უნივერსიტეტის ასაკი“!

 



დიახ, ასე ვიცოდით ჩვენ ბოლო დრომდე.

ისტორიული ფაქტები კი სხვაა.

პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია დააზუსტა და დააკონკრეტა (მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა ტელევიზიითაც და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ საინტერესო მასალის ნახვა (http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=29288 . 30 ნოემბერი 2016).

საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და გახსნის ფაქტები გაიგივებულია.

ნებისმიერი იურიდიული პირი ჯერ უნდა დაარსდეს, იურიდიული სტატუსი მოიპოვოს და შემდეგ გაიხსნას, ანუ ფუნქციონირება დაიწყოს. ამ თანმიმდევრობის დარღვევა მაშინაც კი შეუძლებელია, თუ ორივე მოვლენას ერთ დღეს აქვს ადგილი.

სწორი ისტორია ასეთია:

თბილისის უნივერსიტეტი, როგორც კერძო სასწავლებელი, დაარსდა 1917 წლის 15 დეკემბერს (ძველი სტილით 2 დეკემბერს) - ამ დღეს ამიერკავკასიის კომისარიატმა ივანე ჯავახიშვილის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე.

თბილისის უნივერსიტეტის გახსნა და კურთხევა მოხდა 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს - ამ დღეს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა მამებმა საქვეყნოს გამოაცხადეს უნივერსიტეტის ფუნქციონირების დაწყება.

პირველი ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 1918 წლის 12 თებერვალს (ახალი სტილით 30 იანვარს).

თბილისის უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი  1918 წლის 16 სექტემბერს მიენიჭა (ძველი სტილით 3 სექტემბერს) -  1918 წ 26 მაისს  შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის ახალი ხელისუფლების მიერ.

შემთხვევითი არაა ის, რომ ეს სწორი ისტორია არ გამოიყენება.

ამ ისტორიას თავისი ისტორია აქვს.

თსუ ისტორიას ყველა თავის ჭკუაზე წერდა.

„ბოლშევიკები“ და „მენშევიკები“ ერთ აზრზე იყვნენ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის შეფასებაში და ცდილობდნენ ეს ისტორია დავიწყებას მისცემოდა. ზოგადად მათ ეს შეძლეს. ერის მეხსიერებაში პირველი მსოფლიო ომი თითქმის გამქრალია. არ არსებობს ამ ომში დაღუპულთა  მემორიალური ძეგლები. ყველაფერი რაც ომის პერიოდთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს დადებითი, შეგნებულად იყო მიჩქმალული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ჩამონათვალში მოჰყვა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების ფაქტი.

„მენშევიკები“ ხაზს უსვამდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზების ფაქტს, სადაც რეალურად იყო მათი დადებითი წვლილი.

1921 წლის 25 თებერვლიდან „ბოლშევიკების“ ხელისუფლებას ინტერესი ჰქონდა შეემცირებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნის მნიშვნელობა და არც პირველი მსოფლიო ომის დროს ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების ფაქტის წარმოჩენა არ სურდა!

ასე შემორჩა საიუბილეო ღონისძიებებისთვის  შედარებით პოლიტიკურად ნეიტრალური თარიღად თბილისის უნივერსიტეტის გახსნის თარიღი.

ეს თარიღი შემდგომში  განმტკიცდა საქართველოში ეროვნული მოძრაობის წიაღში  (განსაკუთრებით მისი აღმავლობის პერიოდში) უკვე იმით, რომ ამ დღეს მოხდა უნივერსიტეტის კურთხევა  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მიერ, რომელმაც სწორედ ამ დღეს წარმოთქმულ სიტყვაში პირველმა ( ჩემთვის ცნობილი მასალების მიხედვით) უწოდა თბილისის უნივერსიტეტს „ცოდნის ტაძარი“.

მნიშვნელოვანი ფაქტი იყო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება. ივანე ჯავახიშვილი თავიდანვე იბრძოდა, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო „ეროვნული-ქართული“ და „სახელმწიფო“. თავიდან ამის სრულად რეალიზება ვერ მოხდა. ეს მოხერხდა მოგვიანებით - 1918 წლის სექტემბერში. ეს იყო დიდი ივანეს იდეის რეალიზება, რომ ეროვნული - ქართული საქმეები, ამავე დროს გამხდარიყო სახელმწიფოებრივი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უდიდესი როლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში, თუმცა, „ცოდნის ტაძრის“ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის  განმავლობაში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად წინ არ წაწეულა.

დიახ, დამოუკიდებლობის 25 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს არის არსებობისათვის ბრძოლის ისტორია, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იმის ნაცვლად, რომ უნივერსიტეტი გადაქცეულიყო დამოუკიდებელი საქართველოს ინტელექტუალურ წინამძღოლად, სამოქალაქო აზროვნების ცენტრად, ახალი საქართველოს მმართველი კადრებით უზრუნველყოფის ბაზად, სხვადასხვა მოტივაციის მქონე ჯგუფების მიერ (როგორც უნივერსიტეტის შიგნიდან, ისე გარედან)  სხვადასხვა ფორმით და განუწყვეტლივ, ხელისუფლების მხრიდან აშკარა  გულგრილობის, მეტიც, ხელშეწყობით (განსხვავება ხარისხსა და სისასტიკეშია), დაიწყეს მისი  როლის დაკნინება, მისი გადაქცევა ერთ რიგით სასწავლებლად, რომლის მატერიალური მდგომარეობა და ფუნქციონირების ავტონომიურობა ჩამორჩება მრავალ კერძო უმაღლეს სასწავლებელს.

დამოუკიდებელი საქართველოს წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია სტუდენტი-ახალგაზრდობისა და მეცნიერების პასიური მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში.

 


საქართველოს წარმატების ერთ-ერთი გასაღები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავდაპირველი - ივანე ჯავახიშვილისეული  დიდების დაბრუნებაშია!!!

ეს გზა, მრავალთა შორის, ისტორიული გაკვეთილების შესწავლაზე გადის!

უნივერსიტეტის დაარსების თარიღი არა მარტო ფაქტია, არამედ, მნიშვნელოვანი რგოლია იმ ჯაჭვში, რომლითაც უნივერსიტეტის დაარსებაში ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი ილია ჭავჭავაძის ღვაწლის გაგრძელებად წარმოჩინდება!..

აქ ეს ამბავი სხვათა შორის ებმის უნივერსიტეტის შენობის ამბავს - თუ როგორ მოხვდა ის დღევანდელ  შენობაში მისი დაარსების პირველივე დღიდან.

ანუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 99 წლის წინ 15 დეკემბერს!


ანუ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილსამყოფელი უცვლელია 99 წლის მანძილზე!!!

ანუ, 2017 წელს უნდა მოვემზადოთ და ავღნიშნოთ.

არა, - „დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი“,

არამედ,  - „ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“.

უკეთესია, თუ გამოვაცხადებთ უნივერსიტეტის წელიწდეულს და ავღნიშნავთ 100 წლისთავს - დაარსების, გახსნის, პირველი ლექციის, სახელმწიფო სტატუსის მინიჭების -მთელი 12 თვის განმავლობაში გაწერილი ღონისძიებებით და ამას დავაგვირგვინებთ უნივერსიტეტისთვის რეალური ავტონომიურობის დაკანონებითა და  საკუთარი გადარჩენისთვის მოფიქრალი სასწავლო დაწესებულებიდან საქართველოს დიდებისთვის მებრძოლ „ცოდნის ტაძრად“ გადაქცევით.

 

 

2017 წელი

 

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენებისა და პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნის დღეა! 

 

http://iverioni.com.ge/16332-dghes-davith-aghmasheneblis-khsenebisa-dapirveli-qarthuli-universitetis-gakhsnis-dghea.html

 

8-02-2017, 20:50

ნანახია: 49377

 

 

გილოცავთ,

გილოცავთ,

გილოცავთ!

 

დამკვიდრებული აზრის შეცვლა ძალიან ძნელია, ამიტომ შეგახსენებთ:

 

თბილისის უნივერსიტეტის გახსნა და კურთხევა მოხდა 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს - ამ დღეს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა მამებმა საქვეყნოდ გამოაცხადეს უნივერსიტეტის ფუნქციონირების დაწყება.

 

თბილისის უნივერსიტეტი, როგორც კერძო სასწავლებელი, დაარსდა 1917 წლის 15 დეკემბერს (ძველი სტილით 2 დეკემბერს) - ამ დღეს ამიერკავკასიის კომისარიატმა ივანე ჯავახიშვილის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე.

http://iverioni.com.ge/print:page,1,16293-mikheil-jibuti-rodis-daarsda-thsu-anu-gilocavth-codnis-tadzris-daarsebis-99-e-tslisthavs.html

 

 

ეს შეხსენება იმიტომაა საჭირო, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წელი წელს- 2017 წლის 15 დეკემბერს სრულდება და არა 2018 წელს!