Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
29-05-2018, 10:14
ნანახია: 526

იური პაპასქუა: აი, ასე სტკივა აფხაზეთი ნაპო მესხიას

 

28 მაისი ნაპო მესხიას დაბადების დღეა. ცნობილ ნეიროქირუგს, მეცნიერს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს 80 წელი შეუსრულდა. პრესაში („საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“), საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო ივერიონში, სოციალურ ქსელში მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად დაიწერა.

 

 

ბავშვობა, სიჭაბუკე და ჭარმაგობა,ისე, როგორც ყველა განსაკუთრებულად ნიჭიერს, გამორჩეული ერგო - ბედის ნებიერა არასდროს ყოფილა. ბატონმა ნაპომ ეკლიანი აღმართებით იარა, წარმატების მწვერვალზე ბევრჯერ მდგარა, მუდამ დაუღალავი შრომით, შეუპოვრობით იკვლევდა გზას, ღვთით ბოძებული ნიჭიერება შველოდა მხოლოდ და მშობელივით ზურგს უმაგრებდა. ცხოვრება მაინც ტკივილიანი ხვდა წილად: პირად ტრაგედიებთან ერთად, აფხაზეთზე დარდს განუშორებლად ატარებს. ხასიათიც მტკიცე, უტეხი, შეუვალი გამოჰყვა; პირდაპირი იყო ყოველთვის და სიმართლეს პირში მიახლიდანებისმიერს, როცა საქმე ღირსებას, ქვეყნის ინტერესს, ღალატს და ორპირობს შეეხებოდა. ასეა ახლაც. ამის გამო, ზოგმა ზურგიც აქცია, ბევრჯერ იგემა უკადრებელი იმათაგანაც კი, ვისაც უბით ატარებდა, უვლიდა, გზას უკვალავდა. უბადლო დასტაქარია! რამდენს მიაღწევდა, ვინ უწყის, თავის პირმშო კლინიკაში რომ დასცლოდა მოღვაწეობა, ომსა და უბედურებებს არ შეეშალა ხელი; პოლიტიკაშიც ივარგა, თანამემამულეებს, დევნილ საზოგადოებას დღემდე უანგაროდ ემსახურება, ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე. მისი ინიციატივა და დამსახურებაა, რომ დღესაც გალის ზღვისპირა სოფლებს სამედიცინო მედპუნქტი, სასწრაფო დახმარება ემსახურებათ.

 

ნაპო მესხიას პიროვნებას, მოღვაწეობასა და გაკეთებულ საქმეებს თამამად შეიძლება, აღმატებული ეპითეტები მოარგო და მაშინაც მის ამაგს შესაფერისად ვერ აღწერ. ვშიშობ, ვერც შევძლებ, ჩამოვთვალო ყველა დამსახურება და კეთილი საქმე, რაც მას, როგორც ექიმს, მეცნიერს, მოქალაქეს, პოლიტიკოსს უკეთებია.

 

ჯანმრთელობის გამო, სკალპელით სასწაულებს უკვე ვეღარ ახდენს, თუმცა გონებას ჯერ არ უჩივის და გამოცდილებაც ჭარბად აქვს - კონსულტაციებზე დღემდე აკითხავენ კოლეგები თუ ენგურს გაღმა შველის მომლოდინე პაციენტების ახლობლები. ომის შემდგომ, დევნილობაშიც, ბევრ აფხაზს დაუბრუნა სიცოცხლე ჯადოქარმა დასტაქარმა. იციან, ახსოვთ ეს ამაგდარი კაცი გაღმაც და გამოღმაც, ემადლიერებიან. ამაზე ბევრი ითქვა, დაიწერა.

 

ნაპო მესხიაზე ხშირად ბჭობენ: კმაყოფილნი - ვისაც ჯანმრთელობა აღუდგინა; უკმაყოფილონი - ვისი უკეთურობა და უგუნურობა შესტყვისად ამხილა; დევნილები - ვინც მართალ სიტყვას იმედს აადევნებენ და მშობლიური კუთხისკენ მიუწევთ გული; ჩინოსანნი და უჩინონი - ვინც სიმართლის ქარცეცხლში გაუტარებია, სიფხიზლე, გონიერება, მოქმედება,  აფხაზეთის და აფხაზების  მიმართ პატივისცემით მოპყრობა, დიალოგი, ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ხელგაწვდენა მოუთხოვია; კოლეგები, ვინც კითხულობს მის სამეცნიერო სტატიებს. ბოლო დროს ამ მიმართულებაზეა მთლიანად გადართული, რათა თავისი მდიდარი გამოცდილება ქაღალდზე გადაიტანოს და მომავალ თაობებს გადასცეს.

 

მის პროფესიულ გამოცდილებასა და დამსახურებებზე მეტს არ გავაგრძელებ - მოუშუშებელ იარაზე - მშობლიური კუთხის მიმართ დამოკიდებულებაზე შევჩერდები ორიოდ სიტყვით.

 

პოლიტიკოსობა მისი მოწოდება არ იყო, მაგრამ როცა მედროვე ფორმალებმა თუ თოფიანმა შენაერთებმა თარეში დაიწყეს, როცა აფხაზეთის ნოტიო და სურნელოვან ჰავას დენთის სუნი ჭარბად შეერია, როცა მოსახლეობაში ხელოვნურად გაღვივებული ეთნიკურ ჯგუფებად დაყოფისა და გაუცხოვების საფრთხე აალდა, როცა გონიერებაზე უგუნურობამ იმძლავრა, მშობლიური კუთხისთვის ამ უჩვეულო მოვლენების მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, დაპირისპირებულთა ცხელ თავებში მძლავრად ფესვგამჯდარი მეტასტაზების ამოკვეთაც სცადა. მაღალი ავტორიტეტის და უმწიკლო რეპუტაციის წყალობით, აფხაზებთან სიტყვა ეთქმოდა, ენდობოდნენ, უჯერებდნენ; მათ ცინცხალ მომრიგებლურ იდეებს სთავაზობდა, მთავარ სტრატეგიაზე იყოლიებდა. საუბედუროდ, მიღწეულ შეთანხმებას ყოველთვის ცენტრალური ხელისუფლების წერმომადგენლები არღვევდნენ. მოღალატე, ჩასაფრებული და ორპირი ბევრი აღმოჩნდა მის გარემოცვაში, უმაღლეს საბჭოსა თუ ქვეყნის ხელისუფლებაში.

 

ბატონ ნაპოს ზედმიწევნით სწორად აქვს ეს ვითარება აღწერილი: „ჩვენი მხრიდან ერთი კონსტრუქციული ნაბიჯიც არ გადადგმულა, აფხაზურ მხარესთან უბრალო პოლიტიკური დიალოგის მცდელობაც არ გვქონია, პირიქით, ვაკეთებდით იმას (ტოპონიმიკისა და დემოგრაფიული სურათის შეცვლა და ა.შ), რაც უფრო აღრმავებდა დაპირისპირებას, იწვევდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. ეროვნული ნიშნით ვემიჯნებოდით ერთმანეთს: ცალ-ცალკე ვქმნიდით მწერალთა კავშირებს, თეატრებს, საფეხბურთო გუნდებს და ბოლოს (დააკვირდით) - პარლამენტსაც კი“.

 

ჩემს აგარაკზე, სიმყუდროვეში კონსპირაციული დიალოგისთვის მას ხელს არაფერი უშლიდა, ამიტომაც უნებლიედ, არაერთხელ ვყოფილვარ ნაპო მესხიას სატელეფონო საუბრების შემსწრე აფხაზური მხარის ლიდერებთან; ვაკვირდებოდი,  როგორი თავგამოდებით ასაბუთებდა ქვეყნის ერთიანობის აუცილებლობას, არწმუნებდა მათ და ინიშნავდა მნიშვნელოვან სამოქმედო ორიენტირებს. ყველაზე უკეთ, მე მესმოდა მაშინ თუ საიდან მოდის ასეთი ენერგია, რა ძალა აქვს სამოთხეში დაბრუნების სურვილს, მიტოვებული, გადამწვარი, მაგრამ მაინც, საკუთარი ეზო-კარის მონატრებას, წინაპართა და ახლობელთა საძვალეთის მოვლის მიმართ ჩვენი ხალხისთვის თანდაყოლილ, სისხლში უკურნებელ სენად ჩაღვენთილ ვალდებულებას.

 

მოგვიანებით, როცა, როგორც რედაქტორს, მომიწია ქაღალდზე გადატანილი მისი განცდილის, ნააზრევის, ომის წინა და შემდგომი პერიოდის სულის შემძვრელი მოვლენების ხელნაწერში ამოკითხვა, დავრწმუნდი, ამ ტვირთის ზიდვას ზებუნებრივი ძალა სჭირდება, წარმოუდგენელია მისი ტარება ერთ კაცს შეეძლოს...

 

დღეს, ათასობით ადამიანი, აყრილი და თვალწარმტაცი სავანედან გამოდევნილი დაატარებს ამ სენს, მაშველი არ ჩანს და არც ჭირისუფლობა სწადია ვინმეს.

 

შემართული, მუხლჩაუხრელი ახმარდა ჯანსა და ღონეს, ბატონი ნაპო, ჩვენივე, მედროვეთა მიერ იავარყოფილი ფასეულობების აღდგენას. პირადული არაფერი მოიტოვა, მატერიალურიცა და გონიერებით ხელსაწიფიც აფხაზეთში აფხაზებთან, ჩვენს საოცნებო საცხოვრისში დაბრუნების გზის გაკვალვას შესწირა.

 

„ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა სოხუმის დაცემიდან და ქვეყნის სხეულიდან აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ. დღემდე გაისმის მავანთა ოხვრა: როგორ დავკარგეთ აფხაზეთი?! ვერ გავრკვეულვართ, რასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებაც დუმს.. არ არქმევს სახელს ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. ეს ხელს არ აძლევს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი წვლილიც გამოჩნდება“ - წერს ნაპო თავის ერთ-ერთ წერილში და ძნელია, არ დაეთანხმო. მინელდა თითქოს მაჯისცემა, მიივიწყა ერმაც და ბერმაც მთავარი საზრუნავი - ქვეყნის მთლიანობის აღდგენა! ერთმანეთთან ქილიკს, ხელისუფლებაში ადგილისთვის ბრძოლას, ერთსქესიანთა ქორწინების, ლგბტ-ის თუ მეძავ ქალთა უფლებების დაცვას ეწირება უფრო მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ აუცილებელი საზრუნავი.

 

„წარსულის შეფასებისა და დაშვებული შეცდომების გაანალიზების, მათი გულრწფელი აღიარების გარეშე“, აფხაზებთან დაბრუნების გზა მოჭრილია, ამბობს ბატონი ნაპო და ეს დროულად უნდა გავაცნობიეროთ. მის სტატიებში და გამოსვლებში სიმართლის გზაა გაცისკროვნებული. ამ მისიას მიუძღვნა მან თავისი დოკუმენტურ-პუბლიცისტური წიგნები: „როგორ გასხვისდა აფხაზეთი“ (ქართულ და რუსულ ენებზე) და „ვის როგორ სტკივა აფხაზეთი“, სტატიები პერიოდულ გამოცემებში და  ბროშურები, რომლებიც მართალი კაცის ხანგრძლივად ნაფიქრ მოსაზრებებს, უტყუარ ფაქტებსა და მოვლენებს, კულუარებში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

 

„აფხაზეთში პრობლემები იყო და სეპარატისტული განწყობა ადეკვატური მუხტით ძლიერდებოდა, მაგრამ ომის ფატალური გარდუვალობა არ არსებობდა, ტანკები იქ არ იყო საჭირო!“ - მტკიცედ სწამს მას და ეს ასეა.კონფლიქტის ესკალაცია, ტერიტორიების დაკარგვა, მოძმეთა შორის მტრობა, ცრემლი და ცხედრები, ისტორიის გაყალბებამ, კუნთებზე ყურებამ, უგუნურმა პოლიტიკამ, ხელისუფლების მიერ მოსახლეობასთან დიალოგის უუნარობამ, კომპრომისის ხელოვნების არქონამ  გამოიწვია.

 

ამ წიგნებში ყველაზე სრულად, ობიექტურადაა აღწერილი აფხაზეთის ტრაგედიის გენეზისი, ხელისუფლებისთვისაა სამოქმედოდ და მომავალი თაობებისთვისაა დაწერილი - რომ ვიცოდეთ რაც მოხდა, დავფიქრდეთ, გვახსოვდეს აფხაზეთი - აუტანელი ტკივილი და მოუშუშებელი იარა!

 

ნაპო მესხიას წიგნებზე მწვავე რეაქციამ,  როგორც მოსალოდნელი იყო, დიდხანს ვერ დამალა თავი - ამოტივტივდნენ ნირწამხდარი ადრესატები, ათასი უკადრებელი იკადრეს... ამის გამო, სახელოვან დასტაქარს სიმხნევე არ დაუკარგავს, წლებს ვერ გაურბის, თორემ უპასუხოდ არავინ დარჩენია. მისი ომახიანი შეძახილი კვლავაც გვახსენებს აფაზეთს, გვიხმობს აფხაზებთან შესარიგებლად, აფხაზეთში აფხაზებთან დასაბრუნებლად.

 

უსმინოს უფალმა!

 

იური პაპასქუა