Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
3-09-2018, 11:17
ნანახია: 260

მიხეილ ჯიბუტი: 100 წელი  ქართულ ენაზე  საუნივერსიტეტო სწავლების სახელმწიფო რანგში აყვანიდან

ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების მცდელობა - შეექმნათ ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც  მეფის რუსეთის ბატონობის პერიოდში, ისე მისი შემცვლელი  რუსეთის ბურჟუაზიული  მთავრობის დროს, უშედეგოდ დამთავრდა.  

 

ამ პერიოდებში ცენტრალური ხელისუფლება ამიერკავკასიაში წარმოდგენილი იყო შესაბამისად მეფისნაცვლითა და  ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტით, ე.წ. ოზაკომით (რუსული დასახელების აბრევიატურა: Особый Закавказский Комитет).

 

1917 წლის 25 ოქტომბერს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების)  ხელმძღვანელობით. ამიერკავკასიაზე ბოლშევიკების ძალაუფლება არ გავრცელებულა. აქ შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი) საქართველოს სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ, რომელმაც იარსება 1918 წლის 9 აპრილამდე, როდესაც გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციის დამოუკიდებლობა ამიერკავკასიის სეიმის (სეიმი 1918 წლის 10 თებერვალს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებით დაკომპლექტდა, რომლის ხელმძღვანელი იყო კარლო ჩხეიძე) მიერ.

 

სწორედ ამიერკავკასიის კომისარიატის პერიოდს ემთხვევა თსუ ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი - მისი დაარსება და მისი გახსნა.

 

პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ პირველმა მიაკვლია დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდა, რომ თბილისის უნივერსიტეტი, როგორც კერძო სასწავლებელი, დაარსდა 1917 წლის 15 დეკემბერს (ძველი სტილით 2 დეკემბერს) - ამ დღეს ამიერკავკასიის კომისარიატმა ივანე ჯავახიშვილის  მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე.

 

1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისის უნივერსიტეტის გახსნა და კურთხევა მოხდა - ამ დღეს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა მამებმა საქვეყნოს გამოაცხადეს უნივერსიტეტის ფუნქციონირების დაწყება.

 

ეს ორი მოვლენა ისეა ერთმანეთთან მიმართებაში, როგორც დაბადება და ნათლობა, მაგრამ  სხვადასხვა პიროვნული ფაქტორების, პოლიტიკური კონიუნქტურისა და ინერციის გამო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღებისთვის შესაბამისი ისტორიული კორექტირება ვერ მოხერხდა.

 

თუმცა საკითხის საჯარო განხილვებს (http://iverioni.com.ge/16440-mikheil-jibuti-qarthuli-universitetis-100-tslis-iubile-bolshevikuri-dumilith.html?fb_comment_id=1834219019974878_1834405186622928#fe985be2d3d5) უშედეგოდ არ ჩაუვლია.

 

თსუ რექტორებიდან პირველმა ბატონმა გიორგი შერვაშიძემ შეძლო თსუ ბიოგრაფიაში უნივერსიტეტის დაარსების თარიღის დაბრუნება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების გვერდზე 2017 წლის დეკემბრიდან წერია: „1917 წლის 3 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების პირველ საერთო კრებაზე ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის „დებულებანი და წესდება“ წარადგინა. 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.“ 

(https://www.tsu.ge/ge/tsusociety/zigdnigywugf02y_w/. ნახვა 2.09.2018) 

 

მიუხედავად ამ ფაქტის ცოდნისა , ქართული უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა არა 2017 წლის დეკემბერში, არამედ 2018 წლის იანვარში!

 

 უფრო მეტიც,  მიუხედავად ამ ფაქტის ცოდნისა, მიუხედავად უნივერსიტეტის მოქმედი რექტორის მიერ ამ ფაქტის აღიარებისა,  თსუ ისტორიული სიმართლის აღდგენა არ აისახა თსუ ელექტრონულ მეზობელ გვერდზე, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტის ისტორიას. მართალია აქ უკვე აღარაა აღრეული უნივერსიტეტის დაარსება და მისი გახსნა, მაგრამ საუბარი მხოლოდ ამ უკანასკნელის შესახებაა 

(https://www.tsu.ge/ge/about/history/).

 

არის ფაქტები, რომელიც უნივერსიტეტის უმოკლეს ისტორიაშიც კი  უნდა აისახოს. მაგალითად ის ფაქტი, რომ სწავლა უნივერსიტეტში დაიწყო  1918 წლის 12 თებერვალს (ძვ.სტილით 30 იანვარს), როდესაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ლექცია ჩატარდა.

 

თუმცა უნივერსიტეტის ისტორიაში არის ფაქტები, რომელიც არ შეიძლება მის მეტრიკაში არ ეწეროს.

 

ასეთია 1918 წლის 3 (16) სექტემბერი!

 

ეს ის დღეა, როდესაც 1918 წ 26 მაისს  შექმნილი  საქართველოს რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულმა ახალმა ხელისუფლებამ თბილისის უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი  მიანიჭა და ის ქართული უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა.

 

ამ ფაქტიდან 100 წელი გავიდა!

 

ამ დღეს შესრულდა სრულად ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრი, რომ შექმნილიყო 1.ქართული უნივერსიტეტი და 2. ქართული უნივერსიტეტის ფუნქციონირება ყოფილიყო სახელმწიფო საქმე, რომ ქართულ ენაზე  საუნივერსიტეტო სწავლება გამხდარიყო ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.

 

ბატონ გიორგი შერვაშიძეს  არაფერი არ უშლის ხელს, რომ მისცეს მითითება თსუ ვებ-გვერდზე უნივერსიტეტის ისტორიის თარიღები სრულად სწორად დალაგებული აისახოს.

 

ხოლო ყველა ბანერი წარწერებით „1918 – 2018“ გაამართლოს იმით, რომ ეს ზუსტად გამოხატავს უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსს, რომ  დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 3(16 )სექტემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაქმნილი 1917 წლის 2(15) დეკემბერს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეა.

 

საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის საკმარისია  2018 წლის 2(15) დეკემბერს აღინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 101 წლისთავი და 2019 წლის 26(8 თებერვალს) იანვარს კი - მისი გახსნის 101 წელი და ამის შემდეგ რიგითობის მიხედვით.

 

რამდენიმე წელიწადში ეს  ამბავი არავის არ ეხსომება, წლების შემდეგ ამ თარიღების აღნიშვნა ვეულებრივ რუტინად გადაიქცევა.

 

რაზე ვსაუბრობთ?

 

უნდა ვასუბრობდეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორიცაა სწავლების ხარისხი, როგორიცაა ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ენაზე სწავლების, მით უმეტეს სხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების განხორციელების საკითხი?

 

რამდენად შეესაბამება ივანე ჯავახიშვილის ქართულ ენაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლის იდეა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების დექართველიზაციას? თუ  თავდატეხილმა სიდუხჭირემ მიახვედრა ყველა, რომ ეკონომიკაში ლარიზაციაა სწორი,  მაინცდამაინც დიდი უბედურება უნდა დაგვატყდეს სამშობლოშივე გაუცხოებული შვილებისა და შვილიშვილების აღზრდით ,რომ  მივხვდეთ, რომ  განათლებაში ქართველიზაციაა სწორი და არა  დექართველიზაცია? საქართველოს მომავალი ყველა მეცნიერებაში ქართულად მოაზროვნე პიროვნებების სიმრავლეშია, ამიტომაც ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრეთა საქმიანობის გენერალურ მიმართულებათა შორის ქართული ტერმინოლოგიის ძიება -დადგენა იყო. ამიტომაც უნდოდა ივანე ჯავახიშვილს ქართულენოვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი და არა უცხოენოვანი უნივერსიტეტი. ნუთუ იცვლება ყველაფერი და ივანე ჯავახიშვილის ვითომ მომხრეები, მის წინააღმდეგ ახორციელებენ რეალურ ქმედებას?

 

ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ქართულ ენაზე სწავლა - ამ შემთხვევაში აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ დაფინანსებას არსი და ეს იდეა იყო მისი ამ სტატუსის მინიჭებაში 1918 წლის 3 სექტემბერს!