ზაურ ნაჭყებია: სახიფათო თამაშები და კიდევ ერთხელ მოსატყუებლად განწირული საზოგადოება!

ზაურ ნაჭყებია: სახიფათო თამაშები და კიდევ ერთხელ მოსატყუებლად განწირული საზოგადოება!

 

დადგა დრო ორიოდე სიტყვით შევაფასოთ, რა დაგვანახა საპრეზიდენტო არჩევნებმა და რა პერსპექტივის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა.

 

არ ვიცი, ვის რა ილუზიები შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ არც საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის პერიპეტიები და არც საბოლოო შედეგი  პირადად ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა - დღეს უკვე საკამათოც არ არის, რომ არჩევნების სცენარი წინასწარ დაიწერა და ჩვენც ამ სახიფათო თამაშის (სახიფათო - ქვეყნის მომავლისთვის!) თანამონაწილენი გაგვხადეს!!!

 

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ბრანწი აჩვენა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მაინც გვაიძულეს მხარი ზურაბიშვილისთვის დაგვეჭირა და ამით თავიდან (როგორც გვაფრთხილებდნენ) აგვეცილებინა ვაშაძის გამარჯვება და შესაბამისად, „ნაციონალების“ დაბრუნება ხელისუფლებაში.

 

იმდენად დაგვაჯერეს ვაშაძის გამარჯვებისა და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა, რომ ხალხს შიშით („შიში ოხერიას“ სინდრომი) პრინციპზე ხელი ააღებინეს და ზურაბიშვილის გამარჯვება (თუ ამას გამარჯვება ჰქვია!) საკუთარ გამარჯვებად (ხალხის და „ქართული ოცნების“) გაასაღეს.

 

„გამარჯვების ყიჟინა“ ჯერაც არ დამცხრალა - სავარაუდოდ ინაუგურაციამდე გასტანს! ეტყობა, ეს უშლის ხელს აღტკინებულ თანამოქალაქეებს, საღად შეაფასონ არჩევნების მეორე ტურის შედეგები და ამ შედეგებით გამოწვეული იმედგაცრუებაც ბოლომდე გაიზიარონ!..

 

ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დამთავრებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული, ამ მოკლე დროშიც მოასწრო ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა საკუთარი დამოკიდებულება ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ - ჯერ იყო და საკუთარი ინიციატივით (ასე ჩანდა, თორემ კარგად ვიცით საიდან წამოვიდა ეს ინიციატივა) განაცხადა, რომ არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას და მას თავისი მოვალეობის შესასრულებლად ორბელიანის სასახლეც არ ეპატარავება...

 

მერე კი საკმაოდ „მოკძალებული“ პოზიცია დაიკავა ინაუგურაციის ადგილის შერჩევისას - როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძის პირდაპირმა შთამომავალმა პრეზიდენტის ფიცის დადება ჯერ ფოთში მოიწადინა, შემდეგ გელათის მონასტერსაც უმიზნებდა, საბოლოოდ კი არჩევანი თელავზე, ერეკლე მეფის სასახლეზე შეაჩერა და ეს ყველაფერი მისი კახელობით ახსნა.

 

ჩემი ღრმა პატივისცემა თელავს და თელაველებს, მაგრამ, სად ერეკლე და სად ზურაბიშვილი?! მითუმეტეს, იგი პრეზიდენტად უნდა ეკურთხოს და არა 21-ე საუკუნის ქართველ მონარქად!

 

მისი უპრინციპობის (შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება-დასუსტების) კიდევ ერთი მაგალითია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაც, რომელიც არც გაუპროტესტებია.

 

ერთი სიტყვით, დასაწყისიდანვე აშკარად გამოჩნდა, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის ჯიბის პრეზიდენტი იქნება და მისი ევროპული ყაიდის დიპლომატია ამ სისუსტეების შეფუთვას და გადაფარვას მოხმარდება!

 

ახლა ბევრს საუბრობენ არჩევნების მეორე ტურში გამოყენებულ აკრძალულ წესებზე, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას, სხვადასხვა ფორმით მათ დაშინებას (თუ ხმას არ მისცემთ სალომე ზურაბიშვილს, „ნაცები“ დაბრუნდებიან!) და სხვა ნიუანსებს უკავშირდება. ამბობენ იმასაც, რომ არჩევნები გაყალბდა და გაყალბდა არა „ოცნების“, არამედ „ნაცების“ სასარგებლოდ!

 

დაეჭვების საფუძველს იძლევა ის მაღალი პროცენტი, რაც ვაშაძემ მეორე ტურის შედეგებით მიიღო.

 

როგორც წესი, არჩევნებს ყოველთვის ის აყალბებს, ვინც ატარებს. ამდენად, არ არის გამორიცხული, „ნაციონალების“ ასეთი მაღალი პროცენტი თვით „ქართული ოცნების“ დამსახურებაც იყოს.

 

რატომ?  ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა:

 

ხალხს კიდევ ერთხელ უნდათ დააჯერონ, რომ „ნაცმოძრაობა“ საქართველოში მეორე პოლიტიკური ძალაა (მთავარი ოპოზიციაა) და თუ ფხიზლად არ ვიქნებით, შეიძლება მობრუნდნენ კიდეც ხელისუფლებაში!!!

 

დასკვნა მარტივია: ხელისუფლება „ნაციონალებთან“ შეთანხმებულ (თუმცა, გარედან თავსმოხვეულ) თამაშს თამაშობს და ხალხს მუდმივი ქაოსისა და შიშის რეჟიმში ამყოფებს!

 

სხვას რას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ოფიციალურად 60 პროცენტით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას „ნაცმოძრაობა“ არ სცნობს, ხოლო, მათი შიშით ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში არ იმართება?!

 

რაც არ უნდა ზღაპრები მოგვიყვნენ, თელავში ინაუგურაციის ჩატარების მომხრეებმა ფაქტია, რომ ესეც იმ „შიშის სინდრომის“ ღვიძლი ნაწილია, რომლისგანაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგებითაც კი ვერ იქნა და ვერ განვთავისუფლდით....

 

თუ ხელისუფლებას იმის ძალა და ბერკეტები არა აქვს, მის მიერ მხარდაჭერილი და 60 პროცენტით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში უზრუნველყოს, მაშინ, ბოდიში უნდა მოუხადოს მოტყუებითა და დაშინებით („ნაცების“ დაბრუნების შიშით) მიყვანილ ამომრჩეველს და ხელუფლებას მშვიდობიანად გაეცალოს!

 

ავი ენები ამბობენ, რომ სააკაშვილის მუქარა და აგრესიული რიტორიკაც წინასწარ შეთანხმებული სცენარის ნაწილია და ისიც, მხოლოდ და მხოლოდ, ხალხის მუდმივი შიშისა და ქაოსის რეჟიმში ყოფნას ემსახურება.

 

სხვანაირად, ვინ არის დღეს საქართველოს კანონმდებლობით გასამართლებული და საქართველოს მოქალაქეობადაკარგული, პოლიტიკურ მასხარად ქცეული სააკაშვილი, რომ რევოლუციით (ხელისუფლების გადატრიალებით) დაგვემუქროს და არჩევნების შედეგების ცნობა-არცნობაზე ჰქონდეს პრეტენზია?!

 

ეს რომ არ შედიოდეს დღევანდელი ხელისუფლების, იგივე „ქართული ოცნების“ ინტერესებში, მაშინ „ნაცბანდა“ კუთხეში აიტუზებოდა და გასამართლების შიშით გაიტრუნებოდა კიდეც, ხოლო, სააკაშვილი ექსტრადიციის მუდმივ მოლოდინში იქნებოდა!!!

 

არ გამოვრიცხავ, კოჰაბიტაცია მისთვის დამახასიათებელი შედეგებით, იმ ბნელი ძალების მოთხოვნაა, ვინც იდგა და დღესაც დგას „ნაციონალების“ უკან. თუ ეს მართლაც ასეა და ივანიშვილს ხელ-ფეხი შეკრული აქვს პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას „ნაციონალების“ ბოლომდე „მიჯირყვნის“ (ეს მისი ტერმინია) თვალსაზრისით, მაშინ, დამნაშავე ჩვენ ვართ - საზოგადოება, რომელმაც ნდობის მანდატით აღჭურვა „ქართული ოცნება“, მაგრამ კატეგორიულად არ მოსთხოვა აღესრულებინა ხალხის ნება: გაესამართლებინა დამნაშავე რეჟიმი ან მინიმუმ პოლიტიკურ „პენსიაზე“ მაინც გაეშვა „ნაცმოძრაობა“.

 

ჩვენ კი პირიქით ვიქცევით: გულუბრყვილოდ ვცდილობთ ყველაფრის გამართლებას და ხელისუფლების უნიათობას გარედან თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას ვაბრალებთ!

 

დიახ, ყოველთვის სხვაგან ვეძებთ დამნაშავეს და ჩვენს უპასუხისმგებლობას და უპრინციპობას ამით ვამართლებთ!

 

P.S. საზოგადოების გადაგდების, მეტიც, აბუჩად აგდების მკაფიო მაგალითია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც გააუქმა პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის თაობაზე. თუმცა, ეს არა მარტო აბუჩად აგდება, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, სულში ჩაფურთხებაა.

 

არ მითხრათ ახლა, ეს ივანიშვილმა არ იცოდაო და ნურც იმის მტკიცებას დამიწყებთ, რომ მისი ნების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების (ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის) მიღებას საკონსტიტუციო სასამართლო გაბედავდა.

 

ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.

 

თქვენთვის?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: