Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
4-10-2019, 11:58
ნანახია: 848

როდის აინთება „ალი“ ნაპერწკლიდან?!

 

დანამდვილებით არ ვიცი, აინთება თუ არა „ალი“ ნაპერწკლიდან, მაგრამ, ის ფაქტი, რომ მწერალ ბესიკ ლაგვილავას რომანის (ორტომეული) „ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი“ წარდგინებაზე, მწერალთა სახლში ნაპერწკალმა გაიელვა, ძალიან მიხარია.

 

მიხარია იმდენად, რამდენადაც ამის აუცილებლობას საკუთარი სტატიებითა და სტატუსებით რამდენიმე წელია დღის წესრიგში ვაყენებ, მაგრამ, მხარდაჭერა დღემდე არ მქონია!

 

წუხელ ამ „ნაპერწკლის“ ავტორი ცნობილი ლიტერატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა იყო.

 

მან საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია წყალ-წყალა, ე.წ. პრეზენტაციებიდან ახალგამოცემული (თუ გამოსაცემად გამზადებული) წიგნების განხილვის პრაქტიკაზე გადავიდეთ...

 

მისი აზრით, უფრო სასურველია სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოებების (ალბათ, ძირითადად იგულისხმება პროზა) პროფესიული განხილვა წიგნის გამოცემამდე წარიმართოს, რომ ავტორს საშუალება ჰქონდეს გაითვალისწინოს არსებითი ხასიათის შენიშვნები (რეკომენდაციები) და სასურველ კონდიციამდე დაიყვანოს ნაწარმოები.

 

თუმცა, თუ ეს არ მოხერხდა, წიგნის განხილვა მიზანშეწონილია გამოცემის შემდეგაც, სადაც ობიექტური შეფასება მიეცემა წარმოდგენილი ნაშრომის ღირსება-ნაკლოვანებებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა გაუადვილებს ავტორს შემდგომში თავიდან აიცილოს არსებითი ხასიათის ხარვეზები, ხოლო, მკითხველმა შედარებით სრულყოფილი გამოცემა მიიღოს!

 

ბ-ნმა სოსომ მაგალითად მოიყვანა კომუნისტებისდროინდელი პრაქტიკა, როცა სწორედ აქ, მწერალთა კავშირის დარბაზში სისტემატურად იმართებოდა ამა თუ იმ ავტორის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნების საფუძვლიანი განხილვა. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კონსტანტინე გამსახურდიას რომანის - „მთვარის მოტაცება“ განხილვა ყოფილა, რომელმაც თურმე 6 დღეს გასტანა. წარმომიდგენია, ავტორი - დიდი კონსტანტინე, როგორ იგერიებდა ქართველი საბჭოთა კლასიკოსებისა და პროფესიონალი კრიტიკოსების შემოტევებს და როგორი „დაწურული“ მივიდა ეს უნიკალური ქმნილება მკითხველამდე.

 

ანალოგიური პრაქტიკა გაიხსენა ექს-ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა დავით იაკობიძემაც. მან ყურადღება გაამახვილა გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელაზე“, რომელიც განხილვისას, თურმე საცერში გაატარეს სპეციალისტებმა და კოლეგებმა და მწვავე დისკუსიის საგანი გახდა.

 

სწორედ ასეთი მიდგომა უწყობდა ხელს მაღალხარისხოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების ფორმირებას, რითაც აშკარად გამოირჩეოდა მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურა.

 

რა ხდება დღეს?

 

თლიანად მოიშალა წიგნის პროფესიული განხილვა-შეფასების პრაქტიკა და გზა დაუთმო ე.წ. პრეზენტაციებს (წარდგინებებს), სადაც ყველაფერს მოისმენთ, წარმოდგენილი ლიტერატურის ღირსება-ნაკლოვანების გარდა.

 

საქმე იმაშია, რომ დღეს ყველას შეუძლია გამოსცეს წიგნი: ფორმალურად ან საერთოდ არ ჰყავდეს რედაქტორი და რეცენზენტი, მოაწყოს ხმაურიანი წარდგინება მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით, მოისმინოს დითირამბები, რომ მაგარი მწერალია (ან პოეტია), მაგრამ ვერ გაიგოს, თუ რატომ არის მაგარი!

 

ხადია, ასეთმა უპასუხისმგებლო მიდგომამ, ვიტყოდი, შარლატანობამ, დააზარალა არა მარტო თანამედროვე ქართული ლიტერატურა, არამედ, ჭეშმარიტი ქართველი მკითხველიც - უმეტესწილად მას ტენიან (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ათასი ჯურის მაკულატურას, რომელსაც შეიძლება არც კითხულობს, ხოლო, თუ კითხულობს, სულიერ საზრდოს იქ ვერაფერს იპოვის!!!

 

მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა სოსომ დღის წესრიგში დააყენა ახალგამოცემული (თუ გამოსაცემად გამზადებული) ლიტერატურის განხილვის აუცილებლობა, სამწუხაროდ არ დაუკონკრეტებია, ვინ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და რა როლს იკისრებს ამ ეროვნულად (სახელმწიფოებრივად) მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, რომლის თანათავმჯდომარეც თვითონ ბრძანდება...

 

არადა, ვიღაცამ აუცილებლად რომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია.

 

მართალია, თვითმარქვია მწერალ-პოეტთა უმრავლესობა ამ ინიციატივას დიდი სიხარულით არ შეხვდება, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი პრაქტიკული გაგრძელება მოჰყვეს ბ-ნ სოსო სიგუას ინიციატივას.

 

მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის პირდაპირი მოვალეობაა. მანვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ახალგამოცემული წიგნების არსებითად განხილვაზეც. სწორედ პროფესიული შეფასება მისცემს მკითხველს საშუალებას არჩევანი გააკეთოს ამა თუ იმ ავტორზე.

 

უპირველესად, აღნიშნული წესი უნდა გავრცელდეს მწერალთა კავშირის წევრებზე. ასეთი მიდგომა არა მარტო შეამცირებს მაკულატურის (უგემოვნო და არაფსისმთქმელი წიგნების) გამოცემას, არამედ, არსებითად გაზრდის ავტორთა პასუხისმგებლობას და გამოცემული წიგნის ხარისხსაც. შესაბამისად, გაიზრდება წიგნის რედაქტორის პასუხისმგებლობაც.

 

ამ მიზნით საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირთან უნდა შეიქმნას პროფესიონალ ლიტერატორთა და კრიტიკოსთა სექცია. თუ რა ფინანსურ საწყისებზე იმუშავებს აღნიშნული სექცია, ამის გადაწყვეტა თავად მწერალთა შემოქმედებითი კავშირის პრეროგატივაა.

 

არ ვიცი, რამდენად შეძლებს ცნობილი ლიტერატორი და კრიტიკოსი ბ-ნი სოსო სიგუა საკუთარი ინიციატივის პრაქტიკულად ხორცშესხმას და რამდენად იქნება მზად მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელობა ამ ინიციატივისთვის (არადა, როგორც ვთქვი, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა), მაგრამ, თუ მათ ეს არ გაითავისეს, დავდგებით მწერალთა ალტერნატიული შემოქმედებითი კავშირის დაფუძნების აუცილებლობის წინაშე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოუერთდება.

 

პირადად ჩემთვის მთავარია ტრადიციული ქართული ლიტერატურის „სარეველებისგან“ გაწმენდაზე და საკმაოდ დახვავებული მაკულატურის შემცირებაზე ვიზრუნოთ, თორემ, ვინ გააკეთებს ამას, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს (გააზრებული მაქვს, თუ როგორ შეიძლება პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ თვალსაზრისით, მაგრამ, დეტალებზე საუბრის აუცილებობას ამჯერად ვერ ვხედავ)!

 

P.S.  ვფიქრობ, ამ თემის გაგრძელებაა ლიტკონკურსები, რომელმაც ფორმალური ხასიათი შეიძინა და არსებითად არ უწყობს ხელს ნიჭიერი ავტორების გამოვლენას.

 

ამჯერად, ორიოდე სიტყვით მინდა შევჩერდე სულ ახლახანს ბათუმში ჩატარებულ ტრადიციულ  ლიტკონკურსზე - „წიგნების გამოფენა“.

 

მე ნამდვილად არ მინდა შევიჭრა კონკურსის ორგანიზატორთა კომპეტენციაში, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, უკმაყოფილების განცდა გამოჩნდა. არ ვაპირებ კონკურსში გამარჯვებული ლექსების განხილვა-რევიზიას (თუ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდება, არც ამაზე ვიტყვი უარს), მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რატომ არ მოხვდა, თუნდაც ათეულში კახა შალამბერიძის კონვენციური (რითმიანი) ლექსი „ასე ვიარეთ“ და მარინა თექთუმანიძის ვერლიბრი „ორით არა - ერთი სიკვდილით“.

 

მოკლედ ვიტყვი: არც ერთი არ ჩამოუვარდება თუნდაც საპრიზო ადგილებზე გასულებს.

 

მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით სარგებლობდა კონკურსის ჟიური ლექსების შეფასებისას, მაგრამ, როცა ასეთ თვალშისაცემ იაღლიშს დაუშვებ, უნდა იფიქრო, რომ ჟიური ან არაკომპეტენტური იყო, რის გამოც ზერელედ მიუდგა წარმოდგენილი ლექსების შეფასებას, ან ტენდენციური და წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, ვინ უნდა გასულიყო  საპრიზო ადგილზე. მე არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი...

 

ალბათ, ასეთ ფორმალობებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ნიჭიერმა კალმოსნებმა სტიმული არ დაკარგონ!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი