Iverioni
«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
ივნისი 2021 (6)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
17-02-2021, 11:05
ნანახია: 231

მიხეილ ჯიბუტი: SAO-GOV-21 ვირუსის ახალი შტამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

SARS-COV-2 კორონავირუსით გამოწვეული COVID -19 პანდემიის ფონზე, ქართულ ფართო საზოგადოებას შეიძლება მხედველობიდან გამორჩა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე (https://sao.ge/ka/about-us/History - ნახვა 19.11.2020) სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ღირსებისათვის გულგრილი დამოკიდებულების ვირუსის არსებობის შესახებ 20.11.2020 წ. პუბლიკაცია (იხ. მ. ჯიბუტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ერცხვინება, თუ არ იცის თავისი წარმომავლობა?! - http://iverioni.com.ge/16831-mikheil-jibuti-sakhelmtsifo-auditis-samsakhurs-erckhvineba-thu-ar-icis-thavisi-tsarmomavloba.html).

 

აღნიშნულ სტატიას ჰქონდა მინაწერი, რომ მან „უნდა შეასრულოს ტესტის როლი: რამდენად ადევნებს უწყება მის შესახებ ინფორმაციას თვალს და რამდენად სწრაფი რეაგირების უნარი გააჩნია!“.

 

რეაგირების თვალსაზრისით, უწყების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში დამირეკეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან, რომელსაც უშუალოდ  ევალება ვებგვერდების ადმინისტრირება. საუბარი იყო კონსტრუქციული და პოზიტიური. ამ კომუნიკაციით მე გავიგე, რომ სტატიაში გამოთქმული შენიშვნები იქნებოდა გათვალისწინებული, ხოლო ჩემის მხრივ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩამოვაყალიბე ვებგვერდის გაუმჯობესების შესაძლებლობები, მათ შორის სტატიაში გამოთქმული მოსაზრებების გარეთ. ისიც კი ვთქვი, რომ არაა სავალდებულო უწყებას თავის ვებგვერდზე ჰქონდეს ისტორია გამოტანილი, თუმცა თუკი მას გამოაქვეყნებს - ეს ისტორია უნდა იყოს სწორი! 

 

რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ისტორიაში შესწორდა, მაგრამ მთავარი შეცდომები არ აღმოფხვრილა.

 

ეს ცვლილებები, ეტყობა, იმ თანამშრომლის დონეზე მოხერხდა, რომელსაც ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისი მადლობელი ვარ. ამის ნიშნად ახალი წელიც მივულოცე, სადაც სხვა სურვილებთან ერთად ეწერა „ყველა დაპირება შეგსრულებოდეთ“ - თქო! 

 

როდესაც ამ მინიშნების შემდეგაც არაფერი შეიცვალა, მივხვდი - მიზეზი „თევზის“ საქმის გაფუჭებისა, „თავშია“!

 

განსაკუთრებით ეს გასაგები გახდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა მისცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ პროექტს, რომელიც დღეს საქართველოს კანონის სახით მოქმედებს. ამ დასკვნაში  საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის მოსალოდნელი რისკები მიჩქმალულია, პროგრამულ - ბიუჯეტური პრინციპის დარღვევა დაფარულია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების არარეალური პროგნოზები გამართლებულია, ქვეყნის ბიუჯეტი კი შეუსრულებლობისთვისაა განწირული. 

 

ეტყობა,  მოქმედი გენერალური აუდიტორმა (ირაკლი მექვაბიშვილი), რომელმაც ამ პოსტზე კარიერის დასაწყისში ნამდვილად გააუმჯობესა სამსახურის მუშაობა, თავისი თავი ამოწურა, ან ვერ მოახერხა ადაპტირება პანდემიის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის ატიპიური ხარჯვის რეჟიმთან. 

 

ამ საკითხზე დეტალურ ანალიზს ცალკე შევთავაზებ მკითხველს. 

 

თუმცა, გენერალური აუდიტორი, რომელიც გამჟღავნებიდან სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს საკუთარი სამსახურის ვებგვერდის მოწესრიგებას, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების კონტროლის ორგანიზების პროცესს თავს როგორ გაართმევს?

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ისევ წერია:

 

„1921 წლიდან 1991 წლამდე, საბჭოთა ოკუპაციის გამო, სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ნაცვლად ჩამოყალიბდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებასა და ფუნქციას. 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა და შეიქმნა საქართველოს კონტროლის პალატა. 1991-2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ფუნქცია, დღეს მოქმედი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან განსხვავებით, იყო: საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა და დარღვევებზე - ადმინისტრაციულ - ფინანსური სანქციებით რეაგირება“.(https://sao.ge/ka/about-us/History - ბოლო ნახვა 16.02.2021).

 

აქ ყველა წინადადება აბსურდამდე არაკორექტულია. ამის შესახებ იხილეთ, ჩვენს ზემოთმითითებულ სტატიაში. 

 

ერთს, კითხვის სახით, მაინც დავსვამ, რომ გასაგები იყოს საკითხის ელემენტალურობა: თუ 1991 წელს შეიქმნა საქართველოს კონტროლის პალატა, მაშინ დაასახელოს ბატონმა ირაკლი მექვაბიშვილმა, ვინ იყო 1991 წელს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე?

 

ამ ელემენტალურ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის გაუგებრობა ერთი ადამიანის მიერ კომპეტენციის პრობლემაა, ხოლო მთელი ინსტიტუტის მიერ -  ცუდი მმართველობის ვირუსის ახალი მუტაციის ნიშანია. ჩვენი ვარაუდით, ესაა SAO-GOV-21 ვირუსის ახალი შტამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რომელიც SARS-COV-2-ზე საშიშია!

 

შენიშვნა: ვირუსის ახალი შტამის ადგილი: SAO – State Audit Office of Georgia - საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური;  ვისზეა გადამდები: GOV- Government- მთავრობა; წელი: 21 – 2021 წელი.