Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
20-11-2020, 10:43
ნანახია: 666

მიხეილ ჯიბუტი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ერცხვინება, თუ არ იცის თავისი წარმომავლობა?!

საკითხი ეხება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე (https://sao.ge/ka/about-us/History) სამსახურის მიერ საკუთარ ისტორიის რეპუტაციის შემლახველ გადმოცემას. სამსახურის ინსტიტუციური ისტორია მოცემულია რუბრიკით „ჩვენ შესახებ“. ვინც მას წაიკითხავს, მის დამწერზე კარგი შთაბეჭდილება რომ არ დარჩება, ეჭვი არ მეპარება. ამასთან, აუდიტის სამსახურისადმი პატივისცემაც რომ მოაკლდება, ესეც უეჭველია. 

 

ტექსტიდან ჩანს, რომ სამსახურის მესვეურები, საკუთარი უწყების ისტორიით ბოლოს 2013 წელს, ან ყველაზე გვიან 2016 წელს დაინტერესებულან!

 

მათ მიერ შემოთავაზებულ „ისტორიაში“ წერია, რომ „განვითარების ყოველი ახალი ეტაპის მიღწევისას, მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაზღვრავს ახალ სტრატეგიულ ამოცანებს, რომლებიც აისახება გრძელვადიან სტრატეგიებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2013-2017 წლების სტრატეგიულ მიზნად ისახავს (ხაზგასმა ჩემია - მ.ჯ.) დემოკრატიული მმართველობისა და სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად ხარჯვის ხელშეწყობას ხალხის საკეთილდღეოდ“ .

 

 სახელმწიფო აუდიტის კალენდარზე და სამოქმედო გეგმებში 2017 წელი ჯერ კიდევ მომავლად განიხილება! 

 

 2018, 2019 წლებში „ხალხის საკეთილდღეოდ“ 2017 წლის „პერსპექტიული გეგმით“ როგორ მუშაობდა სამსახური, ან ეხლა, 2020 წელს - პანდემიის პირობებში რას აკეთებს? იგივე გეგმით აგრძელებს მუშაობას?

 

მოცემული „ისტორია“ ამ კითხვებზე პასუხს არ იძლევა.

 

უწყების საიტზე, მე ამ „ისტორიის“ წასაკითხად კი არა, არამედ პროფესიული საქმიანობის დროს საჭირო ინფორმაციისთვის შევედი, რომლის ხარისხიც, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, მოქმედი გენერალური აუდიტორის (ირაკლი მექვაბიშვილი) პირობებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

 

ზემოთქმულ შენიშვნასაც საჯაროდ არ ვიტყოდი, რომ სწორედ პროფესიული თვალსაზრისით შემაშფოთებელი ხარვეზები არ მენახა სამსახურის ოფიციალურ ისტორიაში.

 

 კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე წერია, რომ „1921 წლიდან 1991 წლამდე, საბჭოთა ოკუპაციის გამო(1), სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა(2). კომუნისტური მმართველობის პერიოდში უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ნაცვლად ჩამოყალიბდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებასა და ფუნქციას(3). 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა და შეიქმნა საქართველოს კონტროლის პალატა(4). 1991-2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ფუნქცია(5), დღეს მოქმედი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან განსხვავებით, იყო: საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა და დარღვევებზე - ადმინისტრაციულ - ფინანსური სანქციებით რეაგირება“.

 

რამდენი წინადადებაცაა, იმაზე მეტი უზუსტობა და შეცდომაა.

 

(1) როდესაც საკითხი სპეციალურად ისტორიული მოვლენების ძირფესვიან ცვლილებებს ეხება და არა ზოგად ტენდენციებს, არაა საკმარისი მარტო წელის მითითება. 1921 წელს, 25 თებერვალს მე-11 ე.წ. „წითელი არმიის“ მიერ თბილისის აღებით, განხორციელდა არა „საბჭოთა ოკუპაცია“(?), არამედ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის) მიერ. 1990 წლის 15 ნოემბრიდან 1991 წლის 9 აპრილამდე საქართველოს რესპუბლიკის სსრ კავშირიდან გამოყოფის გარდამავალი პერიოდი იყო. „1991 წლამდე“ კი ნიშნავს 1991 წლის 1 იანვრამდე!

 

(2) სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტს რატომ უნდა ეფუნქციონირა? ის მაშინაც კი არ აღმდგარა, როდესაც საქართველოს რესპუბლიკამ 1991 წლის 9 აპრილს 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი.

 

(3) კომუნისტური მმართველობის პერიოდი საქართველოში 1921 -1991 წწ მოიცავს, ხოლო, სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა (მათ შორის საქართველოში, როგორც მის ნაწილში) შეიქმნა 1965 წლის 9 დეკემბერს, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული პარტიულ-სამეურნეო კონტროლის სისტემა. ეს უკანასკნელი კი არავითარი „უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ნაცვლად“ არ შექმნილა, ის „დროთა განმავლობაში“ არ „იცვლიდა სახელწოდებას“, როგორც საქართველოს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს ჰგონია, არამედ, სრულიად უნიკალური მოვლენა იყო თავისი დროისთვის. აღსანიშნავია, რომ სსრკ უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 16 მაისს მიღებულ იქნა სახალხო კონტროლთან დაკავშირებით ბოლო კანონი „სსრკ კონტროლის პალატის შესახებ“, რომელმაც მიანიჭა კონტროლის პალატას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის უფლება.

 

(4) საერთოდ არაა ახლოს რეალობასთან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა და შეიქმნა საქართველოს კონტროლის პალატა“. არაფერს ვამბობ, რომ სხვადასხვა რამაა „ქვეყნის დამოუკიდებლობა“ და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“. თუმცა ეს გავრცელებული უზუსტობაა და სასურველი იყო აქაც არ გამეორებულიყო. მის გაგრძელებაზე მოცემული ინფორმაცია კი - ისტორიული რეალობის დამახინჯებაა. 1991 წელს კი „არ შექმნილა“ „სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა“, არამედ, „დაიწყო“ მისი ჩამოყალიბება, რომელიც ძირითადად, დღევანდელი სისტემის სახით, თუ მას დასრულებულად ჩავთვლით, დამთავრდა 2013 წლის 1 იანვრისათვის. არც ისაა სწორი, რომ „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად“ „შეიქმნა კონტროლის პალატა“.

 

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე, სადაც არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (ზ.გამსახურდია), სახელწოდება „საქართველოს სსრ“ შეიცვალა „საქართველოს რესპუბლიკით“ და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც, როგორც ითქვა გაგრძელდა 1991 წლის 9 აპრილამდე. 

 

იმავე წლის 8 დეკემბერს, სსრკ-ს სამმა დამფუძნებელმა სახელმწიფომ - რუსეთმა, ბელორუსმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სსრკ-ს თვითდაშლის შესახებ, ხოლო, 26 დეკემბერს სსრკ რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიამ მიიღო აღნიშნულის დამადასტურებელი დეკლარაცია.

 

იმავე პერიოდში საქართველოში, 1991 წლის 22 დეკემბრიდან - 1992 წლის 6 იანვრამდე სამხედრო დაპირისპირების შედეგად, განხორციელდა სამხედრო გადატრიალება. პრეზიდენტი ზ.გამსახურდია ჩამოაშორეს ქვეყნის მართვას (პრეზიდენტად არჩეულ იყო 1991 წლის 26 მაისს). ქვეყანას 1992 წლის 2 იანვრიდან 10 მარტამდე, ვიდრე ხელისუფლება გადაეცემოდა „სახელმწიფო საბჭოს“ (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე), მართავდა „სამხედრო საბჭო“ (ჯ.იოსელიანი, თ.სიგუა, თ.კიტოვანი). 

 

ამ ისტორიულ კონტექსტში მიმდინარეობდა საბჭოთა ინსტიტუტების დემონტაჟი და ახალი ინსტიტუტების ფორმირება.

 

1991 წელს სახალხო კონტროლის ფუნქციონირება საბჭოთა პერიოდში არსებული სახით შეწყდა და დაიწყო მისი ჩანაცვლება, თუმცა, ფაქტობრივად წლის მეორე ნახევარში დაიწყო და მიმდინარეობდა ადექვატური ინსტიტუციური ფორმისა და მექანიზმის ძიება, რაც სრულყოფილ ფუნქციონირებაში ვერ გადაიზარდა, მით უმეტეს, წლის ბოლოს ქვეყანაში, ზემოთ მითითებული, სამხედრო დაპირისპირების გამოც.

 

1991 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში (საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის, 11 სექტემბრის N641 ბრძანებულება), თავმჯდომარედ დაინიშნა თსუ დოცენტი აკაკი რეხვიაშვილი (საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის, 11 სექტემბრის N641 ბრძანებულება). 1991 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლის კომიტეტად გარდაიქმნა და ის უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა(საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 7 ნოემბრის N786 ბრძანებულება). თავმჯდომარედ კვლავ ა.რეხვიაშვილი (საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის, 9 ნოემბრის N790 ბრძანებულება). რამოდენიმე დღეში, 1991 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის N801 ბრძანებულებით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი გარდაიქმნა საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტად და თავმჯდომარედ კვლავ ა.რეხვიაშვილი დაინიშნა, რაზეც იმავე წლის 25 ნოემბერს უზენაესმა საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტს. 

 

იმავე პერიოდში საფინანსო - საბიუჯეტო კონტროლს კვლავ ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული მთავარი საკონტროლო - სარევიზიო სამმართველო ახორციელებდა (უფროსები მ.ჩიკვილაძე, ნ.ტყეშელაშვილი).

 

1992 წლის მარტში განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მთავარი საკონტროლო - სარევიზიო სამმართველოს ლიკვიდაცია და მათი მატერიალური და ადამიანური რესურსების ბაზის გამოყენებით შეიქმნა თვისობრივად ახალი ინსტიტუტი - საქართველოს კონტროლის პალატა. ამ გარდაქმნებს კოორდინაციას უწევდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტში არსებული ეკონომიკური რეფორმების შტაბი (ხელმძღვანელი რ.გოცირიძე, მოადგილე მ.ჯიბუტი). იმ ეტაპისათვის მთავარი იყო უწყების ძველი საბჭოთა დროინდელი დისკრედიტირებული იმიჯისგან განთავისუფლება ტექნოლოგიურად და ცენტრალიზებული გეგმური მეურნეობისთვის დამახასიათებელი კონტროლის სისტემიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებისთვის საჭირო კონტროლის სისტემაზე, ანუ სამეურნეო - მატერიალური რევიზია -კონტროლიდან ფინანსურ, კანონიერების, მიზნობრიობისა და შედეგიანობის კონტროლზე გადასვლა, თანაც ამ კონტროლის მაქსიმალურად საჯარო სექტორით შემოფარგვლა. კონტროლის პალატის ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად პიროვნებების შერჩევისას დადგა საკითხი - კადრების მოზიდვა პარტიული, თუ პროფესიული ნიშნით მომხდარიყო. საბოლოოდ, გადაწყდა მეცნიერებიდან კადრების მოზიდვა. გარდაქმნების ხელმძღვანელობისთვის მე დავასახელე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ პროფესორის ავთანდილ სილაგაძის (ამჟამად, ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი) კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა რ.გოცირიძემ, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ეს საკითხი. ა.სილაგაძე გახდა საქართველოს კონტროლის პალატის პირველი თავმჯდომარე. ის ამ პოსტზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 23 მარტის N344 დადგენილებით დაინიშნა. 

 

(5) „1991-2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ფუნქცია“ შედარებულია „დღეს მოქმედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან“, საიდანაც მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ასე არაა. მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის დასახელება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, მისი მიღების დროს (26.12.2008წ.) სულ სხვა იყო და ის იმეორებდა მისი მიღებით ძალადაკარგული 1997 წლის 15 აპრილის საქართველოს კანონის დასახელებას - „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“. 

 

 „საქართველოს კონტროლის პალატას“ სახელი გადაერქვა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“ ეწოდა 2012 წლის 22 ივნისის საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საფუძველზე (მუხლი 22, პუნქტი 1), რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ივლისს. შესაბამისად, კანონს ნაცვლად „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ ეწოდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოცხადდა საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამონაცვლედ (მუხლი 371, პუნქტი 1), ახალ პრინციპებზე გადასვლის ვადად კი განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვარი (მუხლი 37, პუნქტი 1). 

 

საქართველოს კონტროლის პალატა თავდაპირველად განთავსდა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, N103, სადაც სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

 

საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობა აღდგენიდან სამ ათეულ წელსაც არ ითვლის და მისი ისტორია, რომელიც ეხლა იქმნება, არა ნაკლებ სათუთი და მოსავლელია, ვიდრე ათასი წლის წინანდელი. უახლესი ისტორიის შემოქმედი ბევრი პიროვნება ჯერ კიდევ ცოცხალია და ეს ერთგვარად აწმყოს ეფექტს აძლევს მომხდარ ფაქტებსა და მოვლენებს. სუბიექტური განწყობებიც ცოცხლობს და თანამედროვეთათვის ისტორიულობის მინიჭებას ართულებს. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ფაქტები, მოვლენები, მოქმედი პირები ზუსტად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული. 

 

განხილული მაგალითი ძალიან შემაშფოთებელია. ჯერ ერთი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებობს სპეციალურად პასუხისმგებელი სტრუქტურები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ საკუთარი თავის წარმოჩენაზე. შემდეგ, უწყების მესვეურებს უნდა აწუხებდეთ მათ საჯარო გვერდზე მათ შესახებ მათი სახელით რა წერია. შეიძლება სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ამოცანების გადაჭრის პროცესში მყოფი ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტს თავის ისტორიაში არ ჰქონდეს იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა მას? ეს თუ ვერ ხდება ამისთვის საკმარისი სახელმწიფოებრივი აზროვნების უკმარისობით, საჭიროა დადგინდეს ნორმატიულად. ყველა სახელმწიფო უწყებამ გადმოსცეს თავისი ისტორია, გაუფრთხილდეს მას და მოახდინოს მისი პერსონიზება. უწყების ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მოტივი გარდა მატერიალურისა (შეიძლება მეტადაც!), პიროვნებისთვის ის უნდა იყოს, რომ ინსტიტუციური მეხსიერება შეინახავს მის ხსოვნას, ხოლო, ინსტიტუტი გამოხატავს მისი ღვაწლისადმი პატივისცემას. მინდა გავიმეორო, რომ ეს რთულია, როდესაც ისტორია და მიმდინარე პროცესები თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, არაფერი არ ამართლებს არასწორ ფაქტებსა და ისტორიის, ფორმალური ჩამონათვლის დონეზეც კი, დეპერსონიზებას!

 

ვერ ვპოულობ გამართლებას, რატომ არ უნდა იყოს მოხსენიებული 1918 – 1921 წლებში სახელმწიფო კონტროლიორი, პროფესორი ფილიპე გოგიჩაიშვილი? რატომ არ უნდა იყოს მოცემული წლების მიხედვით, თუ ვინ იყო სახელმწიფო კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმღვანელი - გენერალური აუდიტორი? ისინი ხომ ყველანი ფილიპე გოგიჩაიშვილის და შემდეგ ერთმანეთის მემკვიდრეები არიან! ეს არჩევანი კი არაა, ეს კანომდებლობითაა დადგენილი!

 

არჩევანი არის იქ, უწყება საიტზე „ჩვენ შესახებ“ რას ჩაწერს. მას შეუძლია წარმოაჩინოს თავისი თავი მიზნებისა და ამოცანების, მისიისა და შესაძლებლობების მიხედვით. მაგრამ თუკი უნდა წარმოაჩინოს თავი ისტორიულად, მაშინ ზემოთ აღნიშნული შეცდომები არ უნდა დაუშვას, მით უმეტეს, რომ ქართულის გარდა ამ ისტორიას წარადგენს მთელი მსოფლიოსთვის გასაგებ ინგლისურ ენაზეც (https://sao.ge/en/about-us/History).

 

P.S. ამ სტატიამ უნდა შეასრულოს ტესტის როლი: რამდენად ადევნებს უწყება მის შესახებ ინფორმაციას თვალს და რამდენად სწრაფი რეაგირების უნარი გააჩნია!