23-ე ბატალიონი ავღანეთში ISAF -ის მისიის შესასრულებლად ჩავიდა

23-ე ბატალიონი ავღანეთში ISAF -ის მისიის შესასრულებლად ჩავიდა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა „ლეზერნიკზე“ დასკვნით სწავლებას გაივლიან.ქართველი ჯარისკაცები შემაჯამებელ წვრთნებს ისეთ საკითხებში გადიან, როგორიცაა: თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებების (IED) საწინააღმდეგო მოქმედებები, ნარკოტიკები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები.

გარდა ამისა, ქართული ბატალიონის მძღოლები დამატებით მომზადებას გადიან ექსტრემალურ პირობებში ჯავშანმანქანა MRAP-ის ე.წ. “Mine-roller”-ით (ჯავშანმანქანის ნაღმსაწინააღმდეგო მოწყობილობა) ტარებაში. ავღანეთში ჩასვლამდე, ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა.

თავდაცვის უწყების განცხადებით, ქართული ქვედანაყოფი  სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდა-  მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.

ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: