Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
5-06-2014, 01:09
ნანახია: 1639

რა გვიპატაკა ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან საკმაოდ დაძაბული და ხმაურიანი იყო.  ექსპერტები და პოლიტიკოსები მის თავდაჯერებულობას სხვადასხვაგვარად აფასებენ.  პრემიერის  ,,რისკის პოლუსების“  შესახებ ,,ივერიონს“ ესაუბრნენ ექსპერტები რამაზ საყვარელიძე და დემურ გიორხელიძე.

რამაზ საყვარელიძე - პრემიერის გამოსვლიდან ფრაგმენტს მოვუსმინე, რაც ნორმალური იყო.

 მისი ოპტიმიზმი არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის მთავრობის წევრია და მის გამოსვლებში ოპტიმისტური განწყობა აუცილებელია. ეს მას ევალება კიდეც. პესიმისტური გამოსვლა არც ქვეყანას მოუტანს კარგ შედეგს და არც ერს.  მთავარია, მისი ოპტიმიზმი დამაჯერებელი და გადამდები იყოს ხოლმე. მაგრამ... ეს ოპტიმიზმი არ მიიღწევა ერთი ან ორი ასეთი  პრესკონფერენციით. ამას სპეციალური მუშაობა და პიარმანქანა სჭირდება, რაც მას, ჯერ-ჯერობით,  საკმარისი არ აქვს.

პრემიერის ჟურნალისტებთან ურთიერთობა მათ მიერ დასმული კითხვების შინაარსითა და ე.წ. მენტორული ტონით განისაზღვრება. ერთადერთი თემა, რომელსაც ჟურნალისტები მოკრძალებით ექცევიან, პატრიარქისა და ეკლესიის თემაა. სხვა შემთხვევაში ისინი ნაკლებად იჩენენ დაკვირვებას  და, თუ გნებავთ,  მოკრძალებას.

ნუ გაუკვირდებათ ჟურნალისტებს პრემიერის დამოკიდებულება მათ მიმართ, რადგან ისინი სააკაშვილის დროს არ აპროტესტებდნენ იმას, რასაც პრემიერს უპროტესტებენ!

დემურ გიორხელიძე - გითხრათ სიმართლე, არ მესმის  ჟურნალისტებთან საყვედურით ან  მკვახედ საუბრისა... ისინი არაფერში არიან დამნაშავენი - რაც ქვეყანაში მოხდა და ხდება - მხოლოდ პოლიტიკას უკავშირდება, უფრო სწორად, გაუაზრებელ და არასწორ პოლიტიკას...

რაც თავი მახსოვს, ხელისუფლებებს საქართველოში ერთი დიდი უბედურება სჭირთ: თვითკმაყოფილების ჭაობში იხრჩობიან და ნებისმიერი კრიტიკა მათდამი მტრულ გამოხატულებად მიაჩნიათ... აი, აქაა მათი დიდი შეცდომა.

კრიტიკული აზრის გაგონების და გააზრების უნარი საღი გონების მიმანიშნებელია, მიუღებლობა - სიყრუისა.

წინა ხელისუფლება ყრუ, ბრმა, თავხედი იყო და ბოროტი ... მიიღო კიდეც ხალხისგან ,,სიყვარული“, კარგი იქნება, თუ ეს ხელისუფლება იმავეს არ გაიმეორებს...

რაც შეხება პრემიერის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებას, აქ ასე პრიმიტიულად არ არის საქმე, როგორადაც აღქმული იქნა პრემიერის სიტყვა...

აფხაზეთში ღრმა პოლიტიკური პროცესი მიდის, რომელიც აშკარად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დაჩქარებულმა შექმნამ განაპირობა...

თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთში ოპოზიციას სურკოვი უწევდა კონსულტაციას, აშკარაა, ჩემი აზრით, ერთი რამ: სრულიად რეალური ხდება, აფხაზეთის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ამ კავშირში შეყვანა... და მერე, როდის რა შეიცვლება ამ სამყაროში და რომც შეიცვალოს ოდესღაც, ჩვენ გერმანია არა ვართ, ვინმემ ანგარიში გაგვიწიოს - მივიღებთ შედეგს ჩვენი 21-წლიანი უპასუხისმგებლობისა და უმოქმედობისა - გაფორმდება აფხაზეთის დაკარგვა..

რუსეთი აკეთებს იმას, რაც მისი ინტერესებისთვის მიაჩნია სწორად (სწორია თუ არა , ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის)... ჩვენ ილუზიებს დავსდევთ და სულ ფეხებზე გვკიდია , აფხაზეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევა თუ სხვაგან...

ჩვენ  ჩვენს ,,ნათელ მომავალს“ ვაშენებთ... დეზინტეგრაციული პროცესები რომ ძლიერდება, ამის დანახვა არ გვსურს ...

მოკლედ, კოლექტიური შიზოფრენია გვჭირს!