შსს "ნაციონალურ მოძრაობას" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

შსს "ნაციონალურ მოძრაობას" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

    შს სამინისტრო კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და სპეციალური განცხადებით პასუხობს.

   "ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და მსგავსი განცხადებების გაკეთება ემსახურება სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას აგრძელებს და ამის დასტურია მონაცემები და ის ღონისძიებები, რომელიც სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა.

   ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, 2013 წელს - 1 ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდათ ე.წ. ქურდულ სამყაროში და ჰქონდათ კავშირები საზღვარგარეთ მყოფ სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე, ძებნა არის გამოცხადებული 1 ე.წ. კანონიერ ქურდზე.

   შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი - 25 პირი. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, დააკავეს ქურდული სამყაროს მხოლოდ 10 წევრი, და არც ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი არ დაუკავებიათ"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: