უგულავას პატიმრობა და დაკავებული "ნაციონალები"

უგულავას პატიმრობა და დაკავებული "ნაციონალები"

   გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა  აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკოსების მხრიდან.

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ზეწოლად აფასებს და ამბობს, რომ ბრძოლა გრზელდება.

   -"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ფრონტზე, გავაგრძელებთ შესაბამისი ძალისხმევით, ჩვენ ჩვენს ძალებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. ივანიშვილმა თავისი ოცნების დიდი ნაწილი განახორციელა, ამოიდო ფეხვეშ მთელი სასამართლო. როგორ ამთავრებენ ივანიშვილები და ჰაკიმ ფაშები თავის მოკლე პოლიტიკურ ცხოვრებას, ყველამ ვიცით".

   გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრება პოლიტიკურ ინტერესებში შედის და ზიანს აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

   -"ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ ვინმე არ მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ძირითადი პოლიტიკური ძალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წინასწარი პატიმრობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს არჩევნების თემას, სამწუხაროდ, ლეგიტიმურობის წინაშეც კი დგება ეს არჩევნები, მითუმეტეს, თუ ამას ემატება ცესკო-ს უკანონო გადაწყვეტილება. ვიღაცისთვის შეიძლება, გიგი უგულავა დამნაშავეა, ვიღაცისთვის- უდანაშაულო,  მაგრამ აქ საქმე გიგი უგულავაზე კი არა ქვეყნის ფუნდამენტურ პრინციპებზეა, დემოკრატიაზეა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაკავება, იმისთვის რომ შენს ოპონენტ ძალას რამენაირად პრობლემები შეუქმნა, სრულიად უკანონო და არასწორია და პოლიტიკურადაც გაუმართებელია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა,".

   უმრავლესობის წარმომადგენლები კი უგულავას დაპატიმრებაში პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ "კანონი ყველასთვის კანონია".

   -"არავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორება გიგი უგულავას დაკავებაში არ იკვეთება,  ეს არის გამორიცხული. ადამინს აქვს წაყენებული ძალიან ბევრი ბრალი უმძიმეს დანაშაულებებზე_"ამბობს გია ცაგარეიშვილი.

   პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და გიგი უგულავას გამო ქვეყნის იმიჯი არ უნდა შეილახოს.

-""ნაციონალური მოძრაობას" თავის პოლიტიკურ ძალაზე ძალიან დიდი წარმოდგენები აქვთ.  უბრალოდ საზოგადოებას რომ არ დაავიწყდეს აუცილებლად მინდა ვთქვა, გავიხსენოთ ის ბრალდებები რაშიც პროკურატურა გიგი უგულავას ედავება. საუბარია თბილისი განვითარების ფონდიდან  48 მილიონი, ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვა -მითვისებაზე. ეს 48 მილიონი სხვადასხვა ოდენობით, მათ "ნაციონალურ მოძრაობას" მოახმარეს. ადეიშვილმა გამოაგზავნა თავისი ხელით დაწერილი აღიარება და იქ თქვა, რომ პირადად იყო ჩართული თბილისის  განვითარების ფონდიდან ბიუჯეტის თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. 

    მეორე საქმე- ეს არის რიყის გასხვისება. 7 მილიონად გაყიდული ქონება მერიამ ცოტა ხანში 17 მილიონად გამოისყიდა. ანუ, სახელმწიფომ ზარალი, 10 მილიონი ეგრევე ნახა და ა.შ."-აცხადებს კობახიძე.

   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრის,  ჯაბა სამუშიას თქმით, გიგი უგულავას დაკავება სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. 

   -"უგულავას მიმართ უამრავი შეკითხვა არსებობს მის საქმიანობაზე, როდესაც ქალაქის მერის პოსტზე იმყოფებოდა, ეს იყო დასუფთავების სამსახური, ტენდერები, ბიუჯეტთან მიმართებაში დაშვებული ცდომილება, როგორც ქალაქის მერის. ეს არის ის კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს უგულავამ, როგორც ქალაქის მერმა. ეს არის სამართლიანობის აღდგენა".

   "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, "თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვის თანხლებით გაიყვანეს. პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებული სამართალდამცველები ჩაერივნენ. ინციდენტის შედეგად დააკავეს კოტე გაბაშვილი და ლევან ბეჟაშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს".

   დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს:

   -"დაკავებულები არიან კონსტანტინე გაბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დავით გოგოხია და გოჩა დარჯანია. ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. დაკავებულები საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში არიან გადაყვანილები".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: