Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
11-07-2014, 14:40
ნანახია: 597

ირაკლი ღარიბაშვილი:-

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოვიდა.

ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა ქვეყანაში; გარწმუნებთ, რომ ყველა იქნება თანასწორი კანონის წინაშე, მიუხედავად მისი ნებისმიერი კუთვნილებისა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა "საქართველოს ევროპული გზის" მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისი თქმით, კანონის უზენაესობის დამკვიდრების მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომლებშიც გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციები.

"ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ჩვენ დავასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზა. ამავე დროს, ჩვენ უკვე გადავედით გეგმის მეორე - განხორციელების ფაზის ზოგიერთ ელემენტზე. ზოგადად, წარმატებული რეფორმები წამოწყებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა მიგრაციის მართვა, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება, აგრეთვე კორუფცია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრების მართვა", - აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე განმარტებით, საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება კომისიის გადაწყვეტილებაში, რათა შეძლებისდაგვარად სწრაფად გადავიდეს საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებაზე.

"არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი პასპორტები მომხიბვლელი გახდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის - ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის", - მიიჩნევს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ აუცილებელი რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც უკავშირდება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელშეკრულების ამოქმედება. 

მანვე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების საერთო ინტერესებზე ისაუბრა, რომელიც სტაბილურობას და მშვიდობის ერთიანი სივრცის შექმნას უკავშირდება.

"მე მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ არსებული პრობლემების დაძლევას და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.