Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
26-09-2014, 00:14
ნანახია: 4214

წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილთა აღმოყვანება და ლიბერტარიანელთა უგუნური ქილიკი

   ბოლო დროს, ლიბერტარიანელი სნობებისა და ფსევდო-ელიტის პათეტიკურ რიტორიკაში, (რომელთაც ტრადიციულად სძულთ ხოლმე სულიერი ავტორიტეტები, ყველასათვის საყვარელი და სანუკვარი არსებები) ერთი, მეტად არაადეკვატური, თუმცა მავანს მხრიდან ლოგიკური ტენდენცია შევნიშნე, რომელიც წმინდა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ნაწილთა აღმოყვანებასა და მის გადმოსვენებას ეხება. 

     ძალზე სამწუხაროა, რომ საღვთისმეტყველო საკითხებში გაუცნობიერებელ და უცოდინარ ადამიანებს ესოდენ არაჯანსაღი აღშფოთება შეპარვიათ თავიანთ ემოციებში და უძველეს საეკლესიო ტრადიციასა თუ თაყვანისცემის მრავალსაუკუნოვან წესში ნეკროფილიისა და კერპთაყვანისმცემლობის ელემენტები შეუნიშნავთ. ასეთებს ვურჩევდი, რომ ჯერ საკითხი ოდნავ მაინც შეისწავლონ, ქრისტიანული მოძღვრებისა და წმ. წერილის შესავალს კარგად გაეცნონ და მერე გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები (რომლებიც ვაი, რომ ხშირად მორწმუნეთა ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელია, აღარაფერს ვამბობ მკრეხელობაზე).

     უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიამ აღასრულა მისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უძველესი და ფრიად საკრალური ჩვეულება, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის არქაული ეპოქიდან იღებს სათავეს. ბიბლიიდან ვიცით, რომ ძვ.წ.აღ. IX ს.-ში მოღვაწე ელისე წინასწარმეტყველი დაჯილდოებული იყო კურნების სასწაულებრივი ნიჭით. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისი საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა, სწორედ იმ გამოქვაბულში, სადაც ხსენებული წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ე.ი. ღმერთმა ამ მოვლენით გარდაცვალების შემდეგაც განადიდა თავისი ერთგული მსახური. 

       აგრეთვე, საქმე მოციქულთა იუწყება, რომ წმ. პავლე მოციქულის არა მარტო სიტყვა და ხელით შეხება, არამედ თვით მისი სარტყელი და თავსაბურავიც კი ჰკურნავდა ავადმყოფებს, რომლებსაც ქრისტიანენი მუდამ კრძალვითა და თაყვანით ეკიდებოდენენ.

      გარდა ამისა, საკმარისია გადავხედოთ წმინდანთა ცხოვრებას, რომ ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული – ვიდრე აქამომდე, ჩვენ შეგვიძლია უამრავი მაკურნებელი ფაქტისა და მოვლენის მოშველიება, რომელიც წმ. ნაწილთა თაყვანისცემის შედეგად (დღესაც) ფიქსირდება.  

       ამდენად, გარდაცვლილ მოღვაწეთა მიმართ პატივ-მიგება, არათუ ჩვეულებრივი, არამედ სავალდებულო მოვალეობა გახლავთ ღვთისმოსავთათვის. თანახმად წმ. ბასილი კესარიელისა, რომელიც ამბობს: "ღმერთი იდიდება მის წმინდანებში, ცოცხლებშიც და მკვდერბშიც, სხეულებრივად გახრწნილებსა და უხრწნელებში, დროში და მარადიულობაში, ხილულსა და უხილავში. მამაში, ძეში და სულიწმინდაში, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, უკუნისამდე, ამინ."

      გარდა ზემოთ მოხმობილი მტკიცებულებებისა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოება, რომელსაც მღვდელმთავარი აღასრულებს, არის ტაძრისა და ოდიკის კურთხევა. ოდიკი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს აბრეშუმის ნაჭერს, რომელზეც გამოსახულია გარდამოხსნა, საფლავში მდებარე მაცხოვარი და მისი წამების იარაღები. ოდიკში ატანებენ ამა თუ იმ წმინდანის (სახელდობრ მოწამის) ძვლის ნაწილებს, ხოლო თვითონ ოდიკი თავსდება ტრაპეზზე, რომელიც თავის მხრივ ასევე დაბეჭდილია წმ. ნაწილებით. უოდიკოდ კი წირვის ჩატარება დაუშვებელია. 

     სულიწმინდის მადლით გასხივოსნებული წმინდა რელიქვიები, ყოველთვის იყო და მუდამ იქნება ადამიანთა თაყვანისცემის საგანი. ზოგისთვის ხორციელად მაკურნებელი, სხვათათვის რწმენაში განმამტკიცებელი და სულიერად განმწმენდელი. ამ ფონზე, ყოველგვარი კრიტიკა და იქედნური ენის სისინი ყველაზე უფრო მიუღებელ, უზნეო და დასაგმობ საქციელად მიმაჩნია. მეტადრე მაშინ, როცა ყველასათვის უძვირფასესი მამის საფლავთან აგერ უკვე ოცი წელიწადია, რაც უამრავი ადამიანი სასწაულებრივ კურნებას, ნუგეშსა და შემწეობას ღებულობს. არსებობს ბევრი მოწმე და უთვალავი ფაქტი იმისა თუ რაოდენ დიდია ძალა მომლოცველობისა.

     მიუხედავად არგუმენტების სიუხვისა, მავანსა და ჩასაფრებულ ცინიკოსს, მაინც ვერაფერს შეაგნებინებს კაცი. ამპარტავნების ღრუბლებისაგან ლიბრგადაკრულ ადამიანს თვალს ვერ აუხელ, რადგან ის სულიერად ბრმაა და შეუძლია ურცხვად გიმტკიცოს, რომ მზე არ არსებობსო, რაც ალბათ კანონზმიერიცაა. როგორც წმ. ნიკოლოზ სერბი იტყოდა: "უნათლესი ხარ უფალო და დაბინდულნი შენ ვერ გხედავენ, უწმინდესი ხარ უფალო და უწმინდურნი შენ ვერ გგრძნობენ." საუბედუროდ, ასეთები ვერც მარადისობას, ვერც საკუთარი სულის უკვდავებას და ვერც ქრისტეს ტკივილებს ვერასდროს ვერ იგრძნობენ გულში, რადგან მათთვის მთავარია წუთისოფელი და ამქვეყნიური სიამეები, ხოლო ყოველივე ზეციური კი უცხოა და აუტანლად მამხილებელი. 

     მოკლედ, მანამდე კი საფლავზე მისული მრევლის მრავალრიცხოვნობით აღშფოთებულ "ერუდიტებსაც" ფაქტია, რომ ეშველათ, გაუხარდათ ჩასაფრებულ გველგესლებს, თვითგამოცხადებულ ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და რიგით ურწმუნო ადამიანებს, რომელნიც "საოცრად კვალიფიციური" საღვთისმეტყველო დასკვნებით გამოდიან. მიეცათ სალაპარაკო თემა ვაი-ლიბერალებს, კიდევ ერთი "ლეგიტიმური" საბაბი მკრეხელობისა და მორწმუნეთა დაცინვა-განქიქებისა, მიეცათ დამატებითი "მიზეზი" საკუთარი უღმერთოების გადაფარვისა. შესაძლოა მომლოცველთა რაღაც ნაწილს თავიანთი ისტერიის გამო, მეც ერთი შეხედვით ანალოგიური სიტყვებით, კრიტიკულად ვახასიათებდე, მაგრამ განსხვავება ზნეობრივ შეფასებას, განწყობას, პათოსსა და დამოკიდებულებაშია, რადგან ვიღაცას ეს მოვლენა უხარია და ბოროტად ქირქილებს, რამეთუ მისი გადასახედიდან ამით კიდევ ერთხელ "ამტკიცებს" ერისა და მრევლის ვითომ "უხარისხობას", მე კი მტკივა (მომიტევეთ ჩემს თავში, რომ მოვიაზრებ ყველა ჯანსაღ კრიტიკოსსა და გულშემატკივარს), იმიტომ რომ ამ ერის შვილი და მისივე ეკლესიის წევრი ვარ და იქ არსებული მრევლის რაიმე გადაცდომა ჩემს პირად შეცდომადაც მიმაჩნია. ანუ მესამე პირში ვინც საუბრობს ის არაა მოკეთე ეს იცოდეს ყველამ! აქედან გამომდინარე განსხვავება არსებითია და საგულისხმო: – დაახლოებით ერთნაირად ვხედავთ, მაგრამ ერთნაირად როდი ვგრძნობთ! აქედან გამომდინარე, დაგეშილ ოპონენტებთან მიჩნდება ერთი, მეტად მარტივი შეკითხვა: კი ბატონო, ფსიქოზის გარკვეულ ნიშნებს ატარებდა სურვილების ჩასათქმელად მისული ხალხის (ყველასი არა) საქციელი, მაგრამ თქვენ, რომელნიც ვითომ და ადამიანის უფლებებსა და რელიგიური გრძნობების გამოხატვის თავისუფლებას ქომაგობთ, რატომ არ იცავდით თუნდაც "უმეცარი მორწმუნეების" უფლებებს? იცით რატომ? იმიტომ, რომ არასდროს სამართლიანები არ ხართ და რაშიც ფულს არ გიხდიან, იმაზე განცხადებასაც კი არ გააკეთებთ! თორემ, აბა სამთავროს დედათა მონასტრის ნაცვლად მეჩეთთან ან სინაგოგასთან ყოფილიყო რიგები და ვინმეს დაეცინა ფიზიკური განკურნების მომლოდინე სნეული ხალხისათვის და მუსულმანი თუ იუდეველი მორწმუნეებისათვის, მერე ხომ მიმართავდით შეშფოთებულ დიდაქტიკოსობასა და ცხარე პროტესტს.

      აქვე, მსურს მივმართო თავმომწონე ბომონდს, (რომელთაც ფსალმუნში ასე ახასიათებს დავით წინასწარმეტყველი – "პირ-ათქს და არა იტყვიან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხვირ-ასხენ და არა იყნოსენ, ხელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორცითა მათითა"): გულგოროზნო, როცა შინაგანად გძულთ დედა–ეკლესია და სამღვდელოება, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ინსტიტუტი და სულიერი წიაღი თავად მაცხოვრის მიერაა დაარსებული და ამგვარი დამოკიდებულებით ავტომატურად ღვთის გმობაში ვარდებით. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რომ ეკლესია და ზოგადად ქრისტიანული მოძღვრება – ესა არის კაცობრიობისთვის გზა დაკარგული სახლისკენ, ანუ იგია უცხოობიდან, გადასახლებიდან, მწირობიდან, ეგვიპტური მონობიდან, წყვდიადიდან აღთქმული ქვეყნისკენ მეწინამძღვრე სვეტი ნათლისა. აბსულუტური უვიცობისაა და აბსურდის გამოვლინებაა, როცა ამბობთ – "ღმერთის მრწმამს, მაგრამ მღვდლის არ მრწამსო". როგორი პარადოქსია, ღმერთის მიერ დაფუძნებული სწავლებისა არ გჯერათ და მისი "გჯერათ"?! ეს არის ნონსენსი და შესაბამისად, ამგვარი სისულელის შემდეგ, უბრალოდ ნუღარ იტყვით, რომ "ღმერთის გრწამთ". ერთია აკრიტიკებდე (გულწრფელი წუხილით) საპატრიარქოს შეცდომებს და მეორეა გამიზნულად ხელს ითბობდე ამ პრობლემათა გამოისობით და ეს გახარებდეს, რაც უკვე სრული დემონიზმია. პოზიტივის დანახვაც უნდა შეეძლოს ადამიანს და ზოგ შემთხვევაში უწესივრო "მძღოლების" გამო საკუთრივ "ავტომანქანას" არ უნდა ადანაშაულებდეს. თუმცა ხან არ მიკვირს, როცა ღარიბი "ამტკიცებს" სიმდიდრის არარსებობას, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და რა ჰქნას...

       გვახსოვდეს, რომ მატერიალისტური მსოფლმხედველობა ადამიანში პიროვნების მცნებას აკნინებს, თავისუფლებას ბოჭავს და ღირსებას აქვითებს.

     ყველას (განსაკუთრებით გონებადახშულთ) შეგვეწიოს ჩვენი ტკბილი მამა გაბრიელი, სიყვარულის კიდობნად წოდეული, თითქოს უცნაური, მაგრამ ღირსეულთათვის საცნაური, უბრალოებით არაუბრალო და სიმდაბლით ამაღლებული. ამინ

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) თეოლოგი