ნიკა რურუა: უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა აუცილებელია!

ნიკა რურუა: უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა აუცილებელია!

  ყოფილი მაღალჩინოსნის  ნიკა რურუას განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა აუცილებელია. აღნიშნული განცხადებით, რურუა  გუშინ, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს facebook -ის საკუტარ გვერდზე ეხმაურება.

  მისი თქმით, ავტომატურად არ უნდა დავადანაშაულოთ პოლიციელი სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე, რადგანაც ასეთი მიდგომა ქაოსის წინაპირობაა.

  "გუშინდელ ინციდენტს მინდა შევეხმიანო, როდესაც პოლიციელის მიერ დევნის განხორციელებისას დაიღუპა ადამიანი.
ბუნებრივია, გამოსაძიებელია, ხომ არ მოხდა ძალაუფლების გადამეტება ან მისი ბოროტად გამოყენება, მაგრამ ამის მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ დროს უნდა იყოს პოლიციელის მხარეს, ვინც კანონს იცავს. ასეა ეს ყველა ნორმალურ, სტაბილურ და დემოკრატიურ ქვეყანაში და ავტომატურად არ უნდა დავადანაშაულოთ პოლიციელი სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე, რადგანაც ასეთი მიდგომა ქაოსის წინაპირობაა.

  პოლიციისა და პოლიციელების გარეშე სახელმწიფო და შესაბამისად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება პირველყოფილ მდგომარეობას დაუბრუნდება, რადგანაც ყველას საკუთარი ძალებით მოუწევს თავდაცვა. ეს ჯუნგლებში დაბრუნებას ნიშნავს. პოლიციელი კანონის დაცვისა და აღსრულების ერთ-ერთი უმთავრესი მოქმედი პირია ქვეყანაში.

  დროა შევიგნოთ, რომ ჩვენს საკუთარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ - არა დაპყრობილ ქვეყანაში სადაც პოლიციელიც, სამხედროც და ყველა სხვა წარმომადგენელი ხელისუფლებისა დამპრობელს ემსახურება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო.
  თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, ყველა ჩვენი დროებითი პრობლემის მიუხედავად, ჩვენი პოლიციელები ჩვენ და ჩვენს კანონებს იცავენ", - წერს რურუა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: