საქართველოში ახალი "ნარინჯისფერი რევოლუცია მზადდება: რა დგას სამი მინისტრის გადადგომის უკან? გათავისუფლებული ჩინოვნიკები თვლიან, რომ მათ "რუსული ხელი" მისწვდა

საქართველოში ახალი "ნარინჯისფერი რევოლუცია მზადდება: რა დგას სამი მინისტრის გადადგომის უკან? გათავისუფლებული ჩინოვნიკები თვლიან, რომ მათ "რუსული ხელი" მისწვდა

მარინა პერევოზკინა
(შემოკლებით)
თბილისში კვლავ ხმაურიანი სკანდალია - სულ რაღაც დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მთავრობას სამი მინისტრი გამოაკლდა - ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე... მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშალა - "თავისუფალი დემოკრატები" თავისუფალ ცურვაში გავიდნენ...
ამასობაში მინისტრის პოსტიდან უკვე გათავისუფლებული ირაკლი ალასანია ტელეეკრანიდან მომხდარს რუსული შეთქმულებით ხსნის და ყველა პროდასავლურ ძალას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. როგორც პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, ასეთი მოქმედებით ირაკლი ალასანია ცდილობს "საკუთარი თავი დასავლური ორიენტაციის გარანტად წარმოადგინოს". უეჭველია, რომ ირაკლი ალასანია დასავლეთისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა - ჩვენი მონაცემებით, იყო დრო, როცა მას სააკაშვილის მემკვიდრედაც კი განიხილავდნენ, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ალასანიას რეიტინგი ძალიან დაეცა.
- ის, რომ ირაკლი ალასანიას სამინისტროს თანამშრომლები კორუფციით იყვნენ დაკავებულნი, ეს ფაქტია. თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერების შედეგად ბევრი გამდიდრდა, - ამბობს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" საუბარში, - სხვათა შორის, ამის შესახებ ალასანიას აფრთხილებდნენ, მაგრამ მან თავისი თანამშრომლების დაცვა ამჯობინა. ამიტომაც პრემიერ-მინისტრი იძულებული იყო იგი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ბუნებრივია, რომ ალასანიასთან ერთად ხელისუფლებიდან მისი გუნდიც წავიდა. ეს არავითარ კავშირში არ არის მთავრობის საგარეოპოლიტიკურ კურსთან, ორიენტაცია ისევ პროდასავლური რჩება, მაგრამ ახლა პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება - მმართველი კოალიცია დაიშლა, მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ირაკლი ალასანია ორი წელი იყო ვალერი ხაბურძანიას მოადგილე. მისი დახასიათებით, თავდაცვის ექს-მინისტრი "უფრო მეტად ამერიკელობს, ვიდრე თვით ამერიკელები". შესაძლოა, ამ შემთხვევაში გავლენას ახდენს ის ფაქტორი, რომ იგი აშშ-ში საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა. აი, რას უყვებოდა ირაკლი ალასანიას შესახებ "მოსკოვსკიი კომსომოლეცს" ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მქონე დიპლომატი, რომელიც ასევე ხანგრძლივად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში:
"ირაკლი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამსახური ვაშინგტონში არსებულ საქართველოს საელჩოში. ალბათ, ამაში თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ მამამისი, საბჭოთა "კაგებე"-ს თანამშრომელი, აფხაზეთში ომის დროს, სოხუმში მდებარე მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმის მომენტში დაიღუპა. საელჩოში მუშაობისას მან ამერიკელების ყურადღება მიიქცია და ბეჯითი ახალგაზრდა სასწავლებლად ცენტრალური სადაზვერვო სამმრთველოს სკოლაში წაიყვანეს. იქ ირაკლი ალასანიამ გაიარა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სპეცსამსახურების თანამშრომლებისათვის შედგენილი სპეცმომზადების კურსი. მას საქართველოს დაზვერვის უფროსის თანამდებობისთვის ამზადებდნენ. ალასანია მონაწილეობდა კიდეც აშშ-ის კონტრდაზვერვის მიერ ორგანიზებულ ოპერაციაში ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთანაც იგი მეგობრობდა. ოპერაციის შემდეგ რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადეს და აშშ-დან გააძევეს".
კიდევ ერთი მცირე დეტალი: ამბობენ, რომ ირაკლი ალასანიამ მოსკოვში მამამისის ყოფილ თანამშრომლებს - "კაგებეშნიკებს" მიმართა და მშობლის ნეშთის მონახვაში დახმარება სთხოვა. დღემდე გაურკვეველია, მათ დახმარება არ მოისურვეს თუ ვერ შეძლეს (ირაკლის მამა - მამია ალასანია აფხაზებმა ჟიული შარტავასთან და მის ჯგუფთან ერთად დახვრიტეს, როცა ისინი ტყვედ ჩაბარდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შეტევის შემდეგ სოხუმში, 1993 წლის სექტემბერში).

 

 

"მოსკოვსკი კომსომოლეცი" (რუსეთი), 6 ნოემბერი, 2014 წელი

http://ww.mk.ru/politics/2014/11/05/v-gruzii-gotovitsya-novaya-oranzhevaya-revolyuciya-chto-stoit-za-otstavkoy-trekh-ministrov.html

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: