Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-11-2012, 16:35
ნანახია: 4179

ბაჩო ახალაია _ ხარაკირი თუ

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას ბედს "ნაცმოძრაობის" ის მაღალჩინოსნებიც გაიზიარებენ, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი. ეს სწორედ ის განცხადებაა, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.

 

დიახ, ახალმა ხელისუფლებამ თავისი დანაპირების შესრულება უკვე დაიწყო _ "ნაცების" ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა. რომელიც ციხეში განვითარებული მოვლენების მთავარ დირიჟორად სახელდება, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში. ახალაია დაპატიმრებულია და მას ჯერჯერობით ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული (ჯარისკაცებზე ფიზიკური ზეწოლის განხორციელება), მასთან ერთად ბრალი წაუყენეს თავდაცვის სამინისტროს ორ მაღალჩინოსანსაც, რომლებიც ამ საქმეში ახალაიას "პადდელნიკები" არიან.

 

ის, რომ ახალაია საქართველოში დაბრუნდა და თავისი "უდანაშაულობის" დამტკიცებას რიხიანი განცხადებით ცდილობდა, ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის. მის დაბრუნებაზე რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა ქართულ მედიაში, მათ შორის, ერთ-ერთი ის იყო, რომ "ნაციონალებს" ერთი "ბარტყის" გადაგდება სიტუაციის გასამწვავებლად და პოლიტიკური დევნის დასაფიქსირებლად სჭირდებოდათ. მეორე ვერსიით, ახალაიამ უცხოეთში ვერ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები და ისევ საქართველოში დაბრუნება არჩია.

 

ასეა თუ ისე, შედეგი სახეზეა _ ახალაია იზოლირებულია და მას ბრალს თანდათან დაუმძიმებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაცების" რეაქცია საზოგადოების განწყობის ადექვატური არ არის _ ისინი დუჟმორეული ამტკიცებენ, რომ ახალაია სრულიად უდანაშაულოა და ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მიმართ პოლიტიკური დევნა უკვე დაიწყო. ზოგიერთი მათგანი მზად არის (მაგალითად, წიკლაური, მინაშვილი და "ნაცების" თავგამოდებული რუპორი მიშა თავხელიძე) ახალაიას სოლიდარობა გამოუცხადოს და მისი ბედი გაიზიაროს. 

ვერსიები ვერსიებად, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა იმალება ახალაიას საქციელის მიღმა. არა მგონია, მას ხარაკირის ფუნქცია ეტვირთა. "ნაცების" მზის ჩასვენების შემდეგ მისი და მისი ნაცმეგობრების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ მოვლენების ასეთი ფორმით განვითარებას, არავინ ელოდა!

 

მაინც რატომ ჩაბარდა ახალაია? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნაბიჯი "ნაციონალების" მზაკვრული გეგმის ნაწილია?! არადა, ისინი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე შეგვპირდნენ, რომ ისევ  დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში.

 

ქართულ მედიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალაიამ საუკეთესო ვარიანტი აირჩია _ მისი გასამართლების შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს ბერკეტები საკუთარი  ინიციატივით შეიწყალოს იგი. ამით ბატონი ბაჩანა საკუთარ ლაქასაც ჩამოიწმენდს და მართლმსაჯულების წინაშეც ვალმოხდილი იქნება. ეს ვერსია უფრო სასურველ ზღაპარს მაგონებს, რადგან არავინ არ იცის, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი სააკაშვილი _ იგი კიდევ ერთხელ შეეცდება გაიფართხალოს, თუ ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და 2013 წლის იანვარში თავის საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს. თუ სცენარი წინასწარაა დაწერილი და რაიმე სახის შეთანხმება არსებობს, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი სწორედ ასეც მოიქცეს და ხელშეუხებლობის გარანტია მიიღოს.  მაგრამ რას მიიღებს ამით მისი გარემოცვა, რომელიც წესით და კანონით დაჭერის მოლოდინში უნდა იყოს?! საინტერესოა, გავრცელდება თუ არა დაჭერების სერია და რამდენად უმტკივნეულოდ ჩაივლის იგი?

 

თუ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ვიმსჯელებთ, რომელიც უკვე განსახილველად პარლამენტშია წარდგენილი, ახალმა ხელისუფლებამ "ნაციონალები" თავის პრეზიდენტიანად კუთხეში დააყენა _ მინიმუმამდე შემცირდა ყველა იმ სტრუქტურის ხარჯები, რომელსაც პრეზიდენტი აკონტროლებს. მინიმუმამდეა დაყვანილი თვით პრეზიდენტის ფონდი და მისი ადმინისტრაციის შენახვის ხარჯებიც. ცხადია, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. "ნაცელიტამ" ახალი უმრავლესობის ეს ნაბიჯი პოლიტიკურ ზეწოლად და დისკრიმინაციად მონათლა, მაგრამ ახალ მთავრობას ჯერჯერობით უკან არ დაუხევია და იმედია ბოლომდე თავისას გაიტანს.

ამ ბოლო დღეებში ახალმა უმრავლესობამ ხელისუფლების გასაძლიერებლად სხვა ნაბიჯებიც გადადგა _ საუბარია გუბერნატორების დანიშვნაზე პრემიერის მიერ პრეზიდენტის თანხმობით. თუ ეს პრაქტიკულად შესრულდა, ივანიშვილს ხელში ექნება რეგიონების გაკონტროლების რეალური ბერკეტი, რომელიც ასე აუცილებელია პოზიციების გასაძლიერებლად.

 

ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ახალი მთავრობა საზოგადოების ნდობას მხოლოდ მაშინ დაიმსახურებს, თუ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა დამკვიდრდება. ერთადერთი მუხრუჭი, რომელმაც თეორიულად შეიძლება ამას ხელი შეუშალოს პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელსაც  თუ ვა-ბანკზე წავა, აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. ჯერჯერობით არ მოგვისმენია მისი განცხადება ახალაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღფრთოვანებით რომ არ შეხვდებოდა, ცხადია.

 

ცხადია ისიც, რომ ახალაიას იზოლირება გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენს სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, რადგან ექს-მინისტრი, როგორც "ნაციონალების" რეჟიმის გამოკვეთილი ფიგურა, შესაძლოა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე წავიდეს და "ნაცების" "საქმენი საგმირონი" კიდევ უფრო დაამძიმოს. ვინ-ვინ და ბაჩო ახალაიამ ყველაზე უკეთ იცის, სად მარხია ძაღლის თავი. შეუძლებელია "ნაცელიტას" ეს არ აფიქრებდეს. სოლიდარობაც ალბათ აქედან იღებს სათავეს, თორემ არა მგონია, რომელიმე მათგანმა ბაჩოს გამო ვენები გადაიჭრას!

ერთი სიტყვით, ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, ვინ იქნება შემდეგი?

 

ზაურ ნაჭყებია