უკრაინის მოვლენებებიდან, პარიზის ტერაქტამდე - საით მიყავს მსოფლიო ორმაგ სტანდარტებს?
პარიზის ტერორისტულმა აქტმა არა მარტო საფრანგეთის მოსახლეობა შეძრა, არამედ მთელი მსოფლიოს და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტერორისტული აქტის ჩადენამდე, ტერორისტთა მიერ განვლილი გზა მრავალი გამაღიზიანებელი ფაქტორის შედეგია, უმთავრესად სოციალურის, რომლის უგულებელყოფა იწვევს იმას, რასაც ტერორიზმი ჰქვია.
პარიზის, მსოფლიოს სხვა ქალაქების მოსახლეობის ქუჩებში გამოსვლა, ექსტრემისტული ისლამის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, ექსპერტების და ჟურნალისტების მხრიდან ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში გვიწვევს ცხოვრება.
მიტინგებზე ხაზგასმით ითქვა, რომ ვერადავერ შედგა კულტურა დიალოგი; ვერ გამოიძებნა საერთო ენა ისლამთან, განსაკუთრებით ექსტრემისტულთან, ისევე, როგორც სხვა რელიგიათა შორის; რომ ევროპელთა მიერ აღებული შემწყნარებლური კურსი სხვა რელიგიათა, განსაკუთრებით ისლამის მიმართ კრახით დამთავრდა; რომ ექსტრემისტული ისლამი არავის და არაფრის წინაშე ქედს არ იხრის; რომ საჭიროა მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მის ასალაგმად.
პარიზის ტერაქტს უსწრებდა დრეზდენსა და გერმანიის სხვა ქალაქებში გამართული ანტიისლამური მიტინგები და კანცლერ მერკელის მოწოდება - იყვნენ შემწყნარებლები. ანტიისლამურ გამოსვლებს უმალ მოჰყვა მეორე გერმანიის გამოსვლა, რომელმაც დაგმო პირველის მიტინგები და მათზე წარმოთქმული მოწოდებები. მეორე გერმანიამ შეპარული შიშით აღნიშნა, რომ პირველის გამოსვლას თავისუფლად შეუძლია ფაშიზმის აღორძინება. ანტიისლამური ევროპის საბრძოლო შემართებას ნავთი დაასხა პარიზის ტერაქტმა და ისე დაძაბა ვითარება, როგორც ქარიშხლის წინ ცაზე გაჩენილმა შავმა ღრუბლებმა.
ტოლერანტული ევროპის მუსლიმანური მოსახლეობით გაჯერებამ - მეჩეთებით, იზოლირებული მუსლიმანური თემებით, დაღი დაამჩნია ევროპელთა მშვიდ ცხოვრებას. წინა პლანზე წამოიწია მუსლიმთა და ქრისტიანთა შორის გაჩენილმა უთანხმოებამ, რაც თავისთავად მიგვანიშნებს არცთუ სასიკეთო პერსპექტივაზე - სისხლიან დაპირისპირებაზე, საბოლოო ჯამში - ომზე.
თუმცა ნუ ვიქნებით ესოდენ კატეგორიული ომთან დაკავშირებით, ვიფიქროთ ერთმანეთთან მისასვლელი გზების გამოძებნაზე. შევეცადოთ ობიექტური შეფასება მივცეთ გაჩენილ პრობლემებს და რაც მთავარია, თავი ავარიდოთ ორმაგ სტანდარტებს. და თუ ამითაც არაფერი გამოვა, მაშინ ვიფიქროთ უკიდურეს ზომებზე.
მსოფლიოს შეცდომა იყო ირანის ყოფილი პრეზიდენტის ჰათამის მოწოდების უპასუხოდ დატოვება. მან, მრავალი წლის წინათ, გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა მსოფლიოს, კულტურათა დიალოგისკენ. ნაცვლად აზრიანი პასუხისა, მსოფლიომ მიიღო ერაყის, ავღანეთის, ლიბიის, სირიის, უკრაინის ომები. ექსტრემისტული ისლამისა და ფაშიზმის აღზევება, ათასი ჯურის ვაჰაბიტურ-სალაფიტური, ულტრანაციონალურ-ბანდერული ორგანიზაციები.
გასული წლის მონაცემებით, ტერორისტული ორგანიზაციების რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. ათეულ-ათასობით ტერორისტულმა აქტმა, ათეულ-ათასობით უდანაშაულო ადამიანთა შეწყვეტილმა სიცოცხლემ, მილიონობით ლტოლვილმა შეძრეს სამყარო. გაუარესდა ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა.
მართალია ფრანგი ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ ყოველთვის ამერიკელთა აყოლა სიკეთეს ვერ მოიტანს; რომ ტერორიზმთან ბრძოლას სხვა სახე უნდა მიეცეს - კომპლექსური, სიღრმისეული. ადგილი უნდა ჰქონდეს არა მომხდარ ფაქტთან ბრძოლას, არამედ ფაქტის გაჩენის წინააღმდეგ ბრძოლას.
ძნელია იწამო ქვეყნის, რომელიც ერთის მხრივ ებრძვის ტერორიზმს, მეორეს მხრივ ეხმარება მას - საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. არავითარ "ალ-ქაიდას" ან "თალიბანს" ადგილი არ ექნებოდა, რომ არა აშშ-ს მიერ საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ექსტრემისტული ავღანური ძალების თავმოყრა, ფულითა და იარაღით აღჭურვა, წვრთნა და საბჭოთა ჯარზე დაგეშვა. აშშ-ს სპეცსამსახურის მიერ გამოზრდილმა უსამა ბენ ლადენმა და მისმა ტერორისტებმა ისე გააფართოეს მოქმედების არეალი, რომ შემქმნელიც გააკვირვეს. საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულმა "ალ-ქაიდამ" და "თალიბანმა" მასწავლებელსაც ალმაცრად დაუწყეს ყურება.
მსოფლიო ისტორიისთვის ტერორიზმი უცხო ხილი არ არის, მაგრამ "ალ-ქაიდას" გამოჩენის შემდეგ, მან სხვა სახე შეიძინა - დახვეწილი, მასშტაბური, საერთაშორისო. გლობალიზაციის ეპოქაში, ტერორიზმიც გლობალიზირებული გახდა. აშშ-ს მიერ დაარსებული ორგანიზაცია, დღეს ამ ქვეყნის პირველი მტერია. თუმცა ზოგი ექსპერტის განმარტებით - ეს მტრობა მოჩვენებითია, სინამდვილეში, ადგილი აქვს პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მათ გამოყენებას.
მაგალითად, ჯოხარ დუდაევის ტერორისტული ორგანიზაციის არსებობა რად ღირს?! მაშინ დასავლეთმა, პირველ რიგში აშშ-ა, ტერორისტული იჩქერია თავისუფლებისთვის მებრძოლად მონათლა. დღეს კი ის აღმოსავლეთ უკრაინას ნათლავს ტერორისტულად, არადა დონბას-ლუგანსკის მოქმედება ანუ ბრძოლა პირწმინდად შეიძლება აღიარებული იქნას როგორც ცენტრიდან თავისუფლებისთვის ბრძოლა.
მაგრამ აშშ-ს სპეცსამსახურებმა მარტო "ალ-ქაიდა" შექმნეს?
სულ ახლახანს, მან გზა დაულოცა სირია-ერაყის ტერიტორიაზე გაჩენილ ე.წ. "ისლამურ სახალიფოს". პარიზში მომხდარი ტერაქტის "გმირებს" სწორედ "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახალიფოსთან" კავშირში ადანაშაულებენ. სწორედ "ისლამური სახალიფოს" ხალიფას ალ-ბაღდადის კარიკატურის გამოქვეყნებას მოჰყვა ფრანგული ჟურნალის "შარლ ებდოს" (ჩჰარლიე Hებდო) თანამშრომლების ამოხოცვა.
ორმაგი სტანდარტები პოლიტიკაში, ცუდი რამ არის. მითუმეტეს ცუდია, თუკი მას მსოფლიოს პირველი ქვეყანა იყენებს და მისი მიბაძვით, ხშირად დაძალებით, მოკავშირე ქვეყნები. მაგალითების მოსაძებნად დიდი ტვინის ჭყლეტვა არ დაგვჭირდება. როდესაც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, საბჭოთა კავშირში შემავალი უკრაინის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის წინ იტყვის, რომ უკრაინამ და გერმანიამ, ორივე ქვეყანამ განიცადა საბჭოთა კავშირის აგრესია და პასუხად არაფერი მიიღო - აშკარა ორმაგი სტანდარტია.
უკრაინას აქვს უფლება თქვას აგრესიული აბსურდი, სხვას არა. ვაშინგტონი, ბერლინი, ბრიუსელი მდუმარედ შეხვდნენ იაცენიუკის სიტყვებს. ჩემის აზრით, მერკელის მხრიდან უმჯობესი იქნებოდა - იაცენიუკის ვიზიტის გაუქმება და თუ ეს არა - წითელი ხალიჩით დახვედრა მაინც.
ისტორიის უმეცარმა და ავანტიურისტმა იაცენიუკმა თავისი ნათქვამით თავდაყირა დააყენა დიდი სამეულოს (აშშ-ი, სსრკ და დიდი ბრიტანეთი) მიერ მსოფლიოში შექმნილი წესრიგი, რომელიც იაცენიუკის და სხვა მოფაშისტო უკრაინელი ელემენტების საყურადღებოდ, დღემდე გრძელდება.
ზემოთ მოგახსენეთ მერკელის სატელევიზიო გამოსვლაზე და მომიტინგეთა მოწოდებაზე - ვიყოთ ტოლერანტები. მაგრამ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი გულწრფელი ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორეში - არა? თუ ფრაუ მერკელს მართლაც სურს, რომ ისლამზე გაბრაზებულმა გერმანელებმა იქ მცხოვრებ მუსლიმანებს არ გადაუარონ, რაც ნაციზმის გამოვლინებად შეფასდება, იაცენიუკის განცხადებისადმი წაყრუება რას ნიშნავს?
იმას ხომ არა, რომ გამარჯვებული საბჭოეთი მასში ცუდ მოგონებებს იწვევს და რევანშისტულ გრძნობებს აღუძრავს - ისეთს, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი?
რატომ ახუჭინებს ქალბატონი მერკელი თვალს, თანაც ენერგიულად, ევროპელ ხალხს უკრაინაში მიმდინარე ფაშიზმის აღორძინებაზე?
რატომ არავინ იცის სინამდვილე უკრაინაში გასულ წელს განვითარებული მოვლენებისადმი?
ორთა ჭიდილში ყოვლად დაუშვებელია ერთის ერთის გამართლება, თან მარტო იმიტომ, რომ ის შენი მონაა. ამ ფილოსოფიით არც ნიუ-იორკზე 2001 წლის ტერაქტია დასაგმობი და არც პარიზის 7 იანვრის თავდასხმა. ორივე მძიმე წარსულიდან მოდის - ისრაელის მხრიდან პალესტინის მუსლიმანური მოსახლეობის თითქმის 70-წლიანი გენოციდიდან.
ორმაგი სტანდარტი პოლიტიკისთვის დამღუპველია, ისევე, როგორც სხვათა აზრის გაუთვალისწინებლობა, უგულებელყოფა. არ გაითვალისწინა უმცროსმა ბუშმა რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის (მაშინ სხვა გერმანია და საფრანგეთი იყო) ნეგატიური პოზიცია აშშ-ს მიერ სადამ ჰუსეინის ერაყში შეჭრის გამო და მსოფლიომ მიიღო მასშტაბური სახის ტერორიზმი.
არ გაითვალისწინა ვაშინგტონ-ბრიუსელმა რუსეთის პრეზიდენტის წინადადება რუსეთ-უკრაინა-ევროკავშირის საგანგებო შეხვედრის თაობაზე, უკრაინის ევროკავშირის ასოცირებულ წევრად მიღებასთან დაკავშირებით და მსოფლიომ მიიღო დაქცეული უკრაინა სამოქალაქო ომით, ფაშიზმის აღიარებით და რაც მთავარია ევროკავშირის ეკონომიკის, ასევე რუსეთის გაპარტახებით.
რუსული რუბლის კურსის დაცემას, ამერიკულ დოლართან მიმართებაში, მოჰყვა ევროს კურსის დაცემა. აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა არა მარტო რუსეთზე იქონია ნეგატიური გავლენა, არამედ ევროპაზე, მთელს მსოფლიოზე. გლობალიზაციის ჟამს ყოვლად წარმოუდგენელია ისეთი გიგანტი სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკური დაჩოქება, რაც უნდა სცოდნოდათ აშშ-ი, მაგრამ ფსაკის მსგავსი "პოლიტიკოსებით" გაჯერებული აშშ-ისგან სხვა უკეთესის მოგონება შეუძლებელია.
გასული წელი უკრაინის ისტორიაში შევა, როგორც სუვერენული, დემოკრატიული და ლეგიტიმური სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტის წელი. მიზეზი ამისა არის შეიარაღებული თავდასხმა სახელმწიფო მმართველობაზე ვიწრო ავანტიურისტული ჯგუფის მიერ, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ი. დღევანდელი უკრაინა არის ტერიტორია, რომლის დათრევისთვის ერთმანეთს ეომება ფეოდალურ-ოლიგარქიული უკრაინული კლანები და უცხო ქვეყნები - აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის სახით.
უკრაინაში არსებული "ხელისუფლების" წყალობით, დაშინებითა და ფიზიკური ტერორით მთლიანად განადგურებულია დემოკრატია, სიტყვის, ინფორმაციის, პოლიტიკური მოღვაწეობის თავისუფლება. უკრაინაში ადგილი აქვს სხვა სახის ტერორს, რომელსაც ხელისუფალთა ტერორი ჰქვია.
უკრაინის "ხელისუფლება", რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთს - დონბასსა და ლუგანსკს სეპარატისტებად და ტერორისტებად მიიჩნევს, თვით გვევლინება ასეთად. სხვას ვერაფერს იტყვი იმაზე, რასაც ჰქვია საზღვრის გავლება დანარჩენ უკრაინასა და დონეცკ-ლუგანსკს შორის, მათი მოსახლეობისთვის პენსიების გაცემაზე უარის თქმა და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მიუხედავად მოლაპარაკებისა, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა.
დასავლეთი აცხადებს, რომ უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი და პარლამენტი. ორივე არჩევნები შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ ჩატარდა და თანაც არაკანონიერი, დროებითი ხელისუფლების მიერ. რით იყო გამოწვეული უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა? უპირველესად იმით, რომ გაწყვეტილიყო რუსეთ-უკრაინის ისტორიული კავშირები; რომ უკრაინა გარდაქმნილიყო ანტირუსული ბრძოლის პლაცდარმად, აშშ-ს აგრესიის ტერიტორიად.
იანუკოვიჩის უკრაინა ნამდვილად არ იყო ედემის ბაღი, მაგრამ იყო სტაბილურობა, ასატანი სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, რაც უპირველესად განპირობებული იყო მჭიდრო თანამშრომლობით რუსეთთან. ამ კავშირების სამომავლო განვითარების პერსპექტივაც არსებობდა, რაც გულზე არ ეხატებოდათ ვაშინგტონ-ბრიუსელს.
აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე რაღაც კავშირის შექმნას. ხოლო ევროკავშირის ყოფილმა შეფმა, ბაროზუმ, იანუკოვიჩის მიერ ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმის გამო, თქვა - არაუშავს, ხელშეკრულებას უკრაინის სხვა პრეზიდენტი მოაწერსო.
უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის ქვეყნის სათავეში, რომ მას მხარს აშშ-ი უჭერს. სწორედ ამ ქვეყნის სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შეიარაღებული გადატრიალება. უკრაინის "ხელისუფლება" იმყოფება ვაშინგტონის სრულ პოლიტიკურ, საფინანსო და სამხედრო კონტროლს ქვეშ. კონტროლის ძირითადი ამოცანა არის უკრაინის გადაქცევა ანგლო-საქსურ ანტირუსულ ფორპოსტად.
ის, რომ "დამოუკიდებელი უკრაინის" პროექტი დასაწყისიდანვე უდღეური აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკურ-კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით - ფაქტია. 23 წლის განმავლობაში ეს პროექტი მხოლოდ რუსული ინექციებით არსებობდა, რომელიც ასეულობით მილიარდი დოლარი დაჯდა.
კიევის ხუნტის წყალობით, უკრაინის ეკონომიკას ეკრძალება რუსეთის ბაზარზე შესვლა, რაც თავისთავად იწვევს ამ ქვეყნის ეკონომიკის კრახს. შეძლებს თუ არა უკრაინის დღევანდელი "ხელისუფლება" რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას?
ცხადია, ვერ შეძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაიწირება აშშ-ს მიერ. უკრაინის ე.წ. ხელისუფლების ინტერესები მთლიანად შეესატყვისება აშშ-ს ინტერესებს, რომლის სურვილია - ჯერ რუსეთის ჩათრევა უკრაინის კონფლიქტში, ხოლო შემდეგ - ევროკავშირის. მიზანი - რუსეთ-ევროკავშირის დაშორება, მათ შორის ანტაგონიზმის ჩამოგდება.
სულ ახლახანს ჩინური "გლობალ ტაიმს ოფ ჩაინა" წერდა: "ცივი ომის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ, დასავლეთმა ვერ გაიაზრა რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობა საერთოევროპული უსაფრთხოების შექმნის საქმეში. დასავლეთი არ ილტვოდა გახსნილიყო რუსეთის მიმართ; არ ცდილობდა დაემყარებინა საზღვრები საკუთარი ექსპანსიისთვის.
უკრაინის მოვლენებმა კრიზისამდე მიიყვანეს ევროპა, არსებული უსაფრთხოების მოდელი. ჩრდილოატლანტიკური პაქტი საკმარისი აღარ არის. უკრაინის ხელისუფლების ცვლამ რუსეთი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან უკრაინა იყო ბუფერული სახელმწიფო რუსეთ-ევროპას შორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაწილი სლავთა ცივილიზაციისა".
უკრაინის მოვლენებმა თვალი უნდა აუხილოს უპირველესად უკრაინელებს, ევროპისა და სხვა ქვეყნების ხალხებს, რათა ნათლად დაინახონ ორმაგი სტანდარტების შედეგები - ერთობ დამთრგუნველი და სახიფათო თანამედროვე მსოფლიოსთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.