"ევრაზიის ინსტიტუტმა" ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე აღნიშნა
27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ არის გამოცხადებული. 2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორსო დღე. 1945 წლის 27 იანვარს, საბჭოთა ჯარებმა ოსვენციმის (აუშვიც-ბირკენაუ) ბანაკის ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.
ჰოლოკოსტის დროს ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი და სხვა "არაწმინდა რასის" წარმომადგენლები – ბოშები, პოლონელები, რუსები გაანადგურეს. ნაცისტების მსხვერპლი გახდნენ განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულების მქონე ადამიანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამინური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.
ოსვენციმის გათავისუფლების დღე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა "ევრაზიის ინსტიტუტმა" და ფონდ "ისტორიული მემკვიდრეობის" წევრებმა, პოლონეთის საელჩოსთან მშვიდობიანი შეკრება გამართეს. აქციის მონაწილეებმა საელჩოში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე წერილიც შეიტანეს, სადაც იმ "ისტორიულ უზუსტობებზე" იყო ყურადღება გამახვილებული, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისრტმა გჟეგოჟ სხეტინამ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დაუშვა.
"ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, ნება მოგვეცით, თქვენი ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაპყროთ: თქვენმა გახმაურებულმა ინტერვიუმ, რომელშიც თქვენ ეხებით სიკვდილის ბანაკ ოსვენციმ–ბირკენაუს გათავისუფლების ისტორიას, პროტესტის გრძნობა გამოიწვია არა მარტო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებში, არამედ ევროპაში ნაციზმის დამმარცხებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების – მათ შორის საქართველოს – მოსახლეობაშიც.
ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გაკვირვება გამოიწვია თქვენმა გამონათქვამებმა უკრაინის ფრონტისა და ვიღაც უკრაინელების შესახებ, რომლებმაც თითქოს საკონცენტრაციო ბანაკის "კარები გააღეს". ამასთან, არანაირი ისტორიული წყაროები არ დაგისახელებიათ.
ბატონო მინისტრო, გვინდა შეგახსენოთ, რომ მრავალეროვნული წითელი (საბჭოთა) არმიის რიგებში რუს, ბელორუს, უკრაინელ და მრავალ სხვა მებრძოლებთან ერთად ჩვენი მამები და პაპები – ქართველებიც მონაწილეობდნენ. შესაძლოა, რომ პროცენტული შეფარდებით, იმ ომში უფრო მეტი ქართველი მონაწილეობდა, ვიდრე უკრაინელი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნაციზმზე გამარჯვება თანაბრად ეკუთვნით როგორც უკრაინელებს, ისე ქართველებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ხალხებს. იგივე ეხება კონკრეტულად ოსვენციმის გათავისუფლებასაც.
ჩვენ ძალზე ვამაყობთ, რომ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, მრავალეროვნული არმიის რიგებში, გაათავისუფლეს ოსვენციმი. მათ პოლონელი პატრიოტებიც ეხმარებოდნენ. სიმბოლურია, რომ გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ბერლინში, რუსმა და ქართველმა ჯარისკაცებმა – ეგოროვმა და ქანთარიამ აღმართეს. გთხოვთ, რომ გახსოვდეთ ეს ფაქტები.
ასევე გთხოვთ, არ დაივიწყოთ ის მხეცობები, რომელიც უკრაინელმა ფსევდოპატრიოტებმა, რეალურად კი სტეპან ბანდერას ფაშისტებმა ჩაიდინეს პოლონელების მიმართ. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღეს, ოსვენციმის გათავისუფლებიდან 70 წლის შემდეგ, კვლავ აქტუალური რჩება`, - ნათქვამია მინისტრისადმი მიწერილ წერილში.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის განცხადებით, 27 იანვარი არის დიდი ისტორიული დღე, რომელიც მომავალ თაობებს ყოველთვის უნდა ახსოვდეს.
გულბაათ რცხილაძე
"დღეს არის 27 იანვარი, ჰოლოკოსტთა საერთაშორისო ხსოვნის დღე და ეს დღე უკავშირდება საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლებას საბჭოთა ჯარების მიერ. სამწუხაროდ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრა უხეში ისტორიული შეცდომები დაუშვა, არ ვიცით ეს განზრახ იყო ნათქვამი თუ არა მაგრამ, რადგანაც დიდი პოლკიტიკა ტრიალებს და რუსეთს, რომ რაღაცა ავნონ აქედან გამომდინარე უკვე ისტორიასაც გადაწვდნენ. ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინელებმა კი არ გაანთავისუფლეს ოსვენციმი, გაანთავისუფლა საბჭოთა არმიამ, სადაც ჩვენი წინაპრებიც იბრძოდნენ და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, აუმრავი ქართველის სისხლი დაიღვარა. ამიტომ, საჭიროა რომ ეს ისტორია სწორად აღვიქვათ და არ დავუშვათ მსგავსი შეცდომები, პუტინის სიძულვილს არ უნდა გადავაყოლოთ ისტორია".
ფოტოკოლაჟი: