ზაზა ხატიაშვილი: "თუ სახელმწიფოში არ შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო ქვეყანა დარჩება ჭაობში"
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასFacebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ქვეყანაში სადაც ყველა მესამე უმაღლესდამთავრებული იურისტია, ვერ იპოვეს ღირსეული მთავარი პროკურორი." - წერს ხატიაშვილი. მისი თქმით, იმაზე დიდი დანაშაული ქვეყანაში არ არსებობს, როდესაც ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებს არ მისცენ საქმის მასალების გაცნობის უფლება გრიფით საიდუმლოს მოტივით.
"ბანანის რესპუბლიკა
ქვეყანაში სადაც ყველა მესამე უმაღლესდამთავრებული იურისტია ვერ იპოვეს ღირსეული მთავარი პროკურორი . არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მთავარ პროკურორად დანიშნავენ ყაჩაღობაში ბრალდებულ პირს და მისი დამნიშვნელი პრემიერ მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს . ბიძინა ივანიშვილს , წინასაარჩევნოდ, რომ ეთქვა- მთავარ პროკურორად ფინანსური პოლიციის კადრს მოგიყვანთო ალბათ არჩევნებში დამარცხდებოდა, ამ ქვეყანაში რაც ხდება დიდწილად იმ პროკურორების დამსახურებაა, რომლებიც ჯერ სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენს წარმოადგენდნენ, ხოლო ახლა ივანიშვილის ფეოდალურ ხელისუფლებას ემსახურებიან . საკანონმდებლო ცვლილებამ, რომ მთავარი პროკურორი დანიშნოს პრემიერ მინისტრმა მთავარი პროკურორის ინსტიტუტი მთავრობის შემადგენელ სტრუქტურად აქცია . საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა , რომ ადვოკატებს არ მისცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები გასაცნობად გრიფით საიდუმლო მასალების მოტივით , მაშინ როდესაც პროკურატურამ მიიტანა საქმის მასალები გაურკვეველ სხდომაზე, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე გაეცნო გრიფით საიდუმლო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ეს ფაქტი დაადასტურა ტელეკამერების წინ .აღნიშნულის შემდეგ არ დამდგარა, არც მთავარი პროკურორის და არც საგანელიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი . ამაზე მეტი დარღვევა მთავარი პროკურატურის მხრიდან მე ვერ წარმომიდგენია .
თუ სახელმწიფოში არ შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე ჩვენი ქვეყანა დარჩება იმ ჭაობში, საიდანაც წლებია ვერ გამოდის . არცერთ უწყებას არ უნდა ჰქონდეს ქვეყანაში გამოძიების წარმოების უფლება გარდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოსი. არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში მოვიდეს არ აქვს საკანონმდებლო კონცეპცია სამართალდამცავი ორგანოების განვითარების , რამაც მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე".