თამაზ ჭეიშვილი: დიახ, უნდა მოიცილოს ბიძინა ივანიშვილმა მედროვე დოყლაპიები!

თამაზ ჭეიშვილი: დიახ, უნდა მოიცილოს ბიძინა ივანიშვილმა მედროვე დოყლაპიები!

ღია წერილი... „ღია ბარათის“ გამო, ჩემს კოლეგას, ზაურ ნაჭყებიას!

დავიწყებ იმით, რომ რაც საქართველო გათავისუფლდა (თუ გავათავისუფლეთ) არც ერთი პარტიის და საზოგადოების წევრი „ამისტი და იმისტი“ არასდროს ვყოფილვარ! არასდროს ვყოფილვარ „შეყვარებული“ პოლიტლიდერებზე, პრეზიდენტებზე, დისიდენტებზე!
მე ვარ „ჩემი ოჯახისტი, საქართველოისტი, ჩემი ხალხისტი“!


ჰკითხეთ ნებისმიერი განვითარებულ-დალაგებული ქვეყნის მოქალაქეს - გიყვარს შენი პრეზიდენტი... კანცლერი... პრემიერი? - და ის შემოგხედავთ როგორც დიდ ხუმარას და ჩათვლის, რომ სადღაც ბუჩქებში, ფარული კამერა დგას.


ახლა, რაც შეეხება თქვენს ღია ბარათს, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისწერეთ: ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ ჩემ და თქვენ კოლეგებს მაგ ბარათით მასტერკლასი ჩაუტარეთ - გულწრფელობის, მოყვასისა და სამშობლოს ერთგულების მაგალითი აჩვენეთ! ასწავლეთ, დიახ ასწავლეთ, როგორ უნდა იწერებოდეს, გნებავთ „ღია ბარათი“ და გნებავთ „მესიჯი“!


მე თქვენ მხარს გიჭერთ, მხარს ვუჭერ მაგ თქვენ ბარათს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაწერილია პრინციპით: „მოყვარეს პირში უძრახე“ და „საქრთველო უპირველეს ყოვლისა“...


ბატონო ზაურ,
თქვენ ხეირიანად არც კი გიცნობთ, მგონი ორჯერ თუ სამჯერ შევხვედრივართ, ასევე ორჯერ თუ სამჯერ ჩემი მასალა გამოაქვეყნეთ. ჩვენ არც ნათესავები ვართ და არც თანაპარტიელები: გვაერთიანებს მხოლოდ ერთი რამ - სამშობლოს სიყვარული და ამ პრინციპით „ვუკაკუნებთ კომპის კლავიშებს“!


ისტორიულად, ქართველი ყოველთვის იბრძოდა. არა იმიტომ, რომ სხვები დაეჩაგრა, ან სხვა ქვეყნები დაეპყრო. არა, იბრძოდა თავის დასაცავად, ოჯახის, ქვეყნის დასაცავად და სწორედ ამიტომ სულ ძაძებს ვატარებდით ქალი თუ კაცი, ვგლოვობდით!  მაინც რა უნდოდათ ჩვენგან, რას გვემართლებოდბნენ? ჩვენგან, ეთნოსისგან, არაფერიც არ უნდოდათ! დიდ სახელმწიფოებს „სიბრტყე“ ჭირდებოდათ, გეოპოლიტიკური სიბრტყე! აზიელებს და არაბებს ევროპაში მოსახვედრად და ევროპელებს აზიაში გასალაშქრებლად!... ჩვენი ქვეყანა, ჩვენდა საუბედუროდ, გეოპოლიტიკურად მიმზიდველ ადგილასაა - დიახ ე.წ. სტრატეგიული „ობიექტია“ სამხედრო, სავაჭრო, სატრანსპორტო თუ ენერგომატარებლების გადაზიდვის თვალსაზრისით!... ამიტომ სჭირდება საქართველო ევროპას და ამერიკას, რუსეთს, არაბეთს თუ აზიას, თორემ... „ჩიხში შეტენილი სომხეთი“ მაპატიეთ და ვის რა ფეხებად უნდა? ისე, თურქები დღემდე ილესავენ და აკაწკაწებენ კბილებს სომხებზე... ძველი „ზუბი“ აქვთ, ვერ უპატიებიათ, როგორ გაბედეს და მოითხოვეს თურქეთისგან ენვერ ფაშას „ავტორობით“ განხორციელებული პროექტის - სომხების გენოციდის, აღიარება.


ბატონო ზაურ!
იცით რა კარგად მესმის თქვენი. იცით, რომ ბატონ ბიძინას და მის გარემოცვას „ობიექტივის“ ეკრანიდან ვუთხარი, პირდაპირ ეთერში სიმართლე? კაცს, რომელიც „ტეტ ა ტეტ“ არასდროს მინახავს და ვიდრე საჯაროდ არ გამოჩნდებოდა წარმოდგენაც კი არ მქონდა საერთოდ მის პიროვნებაზე! მიუხედავად ამისა, მე მისი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე, ვინაიდან თავისი პოლიტიკაში მოსვლით, ელემენტარულად მომაცილა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ხროვა!


ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, ახლა ალბათ ან ემიგრაციაში ვიქნებოდი (ბონდო ქურდაძესავით), ან მიწის ზედაპირიდან ორი მეტრით ქვევით!
გეთანხმებით და აბსოლუტურად, მართალი ხართ როცა წერთ, რომ ბატონ ბიძინას პოლიტიკაში ყოფნის ხანმოკლე დროის მანძილზე შეცდომები ჰქონდა, რომ მისი საკადრო პოლიტიკა არავითარ კრიტიკას არ უძლებს, რომ ვინც მან შემოიკრიბა და „გუნდი“ უწოდა, დღესვე გასაყრელია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი... რომ თავისივე დაშვებული შეცდომები თავადვე უნდა გამოასწოროს!


საბედნიეროდ დღეს მას ჯერ კიდევ აქვს ელექტორატის ნდობის რესურსი! დღეს, აქვს, აი ხვალ კი უკვე გვიან იქნება!


და იცით, რისი მეშინია? თუ ბატონმა ბიძინამ დააყოვნა (დღეებსა და საათებზეა ლაპარაკი) თუ ყოყმანი დაიწყო, უეჭველად გაიღვიძებს ქართულ გენში მებრძოლი სული, დაიძრება და ცუნამივით გადაუვლის „წინებსაც და ახლანდელებსაც“, რაც სამოქალაქო ომს ნიშნავს და რაც ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ და ვიწვნიეთ მისი შედეგები!


ეს არ უნდა დაუშვას კაცმა, რომელმაც მოახერხა სააკაშვილის ჩამოცილება,  მმართველობის ბერკეტების ჩამორთმევა...


მაგრამ... ამ ადამიანმა ერთი რამ ვერ გათვალა და ვერ წარმოიდგინა,რომ ასე გულმხურვალედ დაუჭერდნენ მხარს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, შეერთებული შტატებისა და ევროსტრუქტურების გავლენიანი ჩინოვნიკები!


არადა დაუჭირეს მხარი და ჩვენთვის უცხო ტერმინით „კოჰაბიტაციით“ ლამის შოკში ჩაგვყარეს ერი თუ ბერი!


კოჰაბიტაცია, ანუ მშვიდობიანი თანაარსებობა ამერიკამ და ევროპამ მოახვია თავს ბიძინა ივანიშვილს! კოჰაბიტაცია ადრეც არსებობდა! ამიტომაც ატარებდა ჩალმას ერეკლე მეორე, ამიტომაც იცვლიდნენ სარწმუნოებას ქართველი დიდგვაროვანები და მაჰმადიანები ხდებოდნენ! სწორედ იმდროინდელი „კოჰაბიტაციის“ შედეგია, სარაჯიშვლების „გასარაჯოვება“ ...რაც შეეხება „შადიმანებს“ და კოლაბორაციონისტებს, ასეთებს ყოველთვის პოულობდნენ ჩვენს შორის „გეოპლიტიკური ინტერესებით“ განმსჭვალული სულთანები, მეფეები, იმპერატორები!


რატომ უჭერს მხარს სააკაშვილს ევროპა და ამერიკა (სწორედ ამიტომ დატოვა პრემიერის პოსტი ივანიშვილმა)? რატომ და ,როგორც სააკაშვილი, ასევე მისი ალხანები და ჩალხანები, ცრუ პიარის და პატიოსანი, მაგრამ ევროამერიკულად გულუბრყვილო ჩინოვნიკების კრიმინალურ საქმეებში ჩათრევის დიდოსტატები არიან! საინფორმაციო ომში აჯობეს ივანიშვილს ნაციონალებმა, დააჯერეს ევროპა და ამერიკა, რომ ისინი „სისხლისმმსმელი ოლიგარქის“ შურისძიების მსხვერპლია მიხეილ სააკაშვილი და ყველა ნაციონალი!


საბედნიეროდ ყინულმა დაიწყო ლღობა ევროპარლამენტს და მთელ ევროპას როგორც იქნა წარვუდგინეთ დოკუმენტური კინო და ტექსტუალური მასალები სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის „საქმიანობის“ შესახებ!


ბატონო ზაურ,
მე ვიწონებ თქვენს მოწოდებას - სასწრაფოდ დაუბრუნდეს ბატონი ბიძინა პოლიტიკას, მოიცილოს თავიდან მედროვე დოყლაპიები, შექმნას მართლაც ღირსეული გუნდი (ასეთი ადამიანების დეფიციტს არ განიცდის საქრთველო) და ამ მასშტაბური ღონისძიებებით გადაარჩინოს, ჩემი თქვენი, ჩვენი სამშობლო!

უღრმესი პატივისცემთ
თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: